ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა. აზარაშვილი დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე კი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომპანიებს, „თბილავიამშენს“ და „დელტას“, რომლებიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 27 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა და თავისი გადაწყვეტილება მისი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე იმით ახსნა, რომ ზურაბ აზარაშვილი „ძალიან ძლიერი მენეჯერი, უაღრესად წესიერი და განათლებული ადამიანია“.
„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და თავად დავრწმუნდით ამაში. მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო „დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე, „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა. უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ასე შემდეგ“.
ღარიბაშვილის თქმით, ახალი მინისტრი „ექიმის ოჯახშია გაზრდილი, ხუთი შვილი ჰყავს, კარგად აქვს გაცნობიერებული ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი. …ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი ლარია, რაც ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედს შეადგენს და ამ მიმართულებით სჭირდებოდათ ისეთი გამოცდილი კადრი, როგორიც ზურაბ აზარაშვილია“.
43 წლის ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა, რომელმაც მინისტრობის 30 თვის შემდეგ, 9 დეკემბერს თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მას გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მოარული ხმებით, მინისტრსა და პრემიერს შორის რამდენიმე საკითხზე უთანხმოება არსებობდა, რასაც, მედიის მიერ გავრცელებული კულუარული ინფორმაციით, ღია დაპირისპირება და ხმამაღალი კამათიც კი მოჰყვა. ძირითადი საკითხი, რამაც ჯანდაცვის მინისტრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, იყო „მარადმწვანე“ კოვიდპასპორტის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქე, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, უვადოდ ისარგებლებს „მწვანე“ სტატუსით.
ამ საკადრო ცვლილების შემდეგ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში 13 წევრიდან (პრემიერ-მინისტრის ჩათვლით) მხოლოდ 3 ქალი დარჩა – თეა წულუკიანი (კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი), ნათია თურნავა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი) და თეა ახვლედიანი (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი).
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები