რა სიმპტომებით ამოიცნობა თამაშდამოკიდებულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
თამაშდამოკიდებულება, იგივე ლუდომანია, არის ფსიქიკური დაავადება, რომელიც ქრონიკული დაავადებების სიაში შედის. როგორც ფსიქიკური დაავადება, ის აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გასულ საუკუნეში. ლუდომანიას ფსიქიკური დაავადებათა ნუსხაში მიენიჭა კოდი F063. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკით, მსოფლიო მოსახლეობის 7% არის თამაშდამკიდებული.
რა სიმპტომებით ამოიცნობა თამაშდამოკიდებულება – ამ თემაზე რადიო „ფორტუნის“ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სალომე ბლიაძემ ისაუბრა.
რამდენი სტადია აქვს თამაშდამოკიდებულებას?
თამაშდამოკიდებულებას აქვს ოთხი სტადია:
გართობის სტადია: ეს ფაზა ხშირად იწყება დიდი გამარჯვებით, რაც იწვევს აღელვებასა და პოზიტიურ შეხედულებას აზარტულ თამაშებზე. პრობლემური მოთამაშეები თვლიან, რომ მათ აქვთ აზარტული თამაშების განსაკუთრებული ნიჭი და მოგება გაგრძელდება. ისინი იწყებენ მეტი დროისა და ფულის დახარჯვას აზარტულ თამაშებზე.
დამარცხების ფაზა: ამ ეტაპზე მოთამაშეები სულ უფრო მეტად არიან დაკავებულნი აზარტული თამაშებით. ისინი ხშირად იწყებენ დამოუკიდებლად აზარტულ თამაშს, სესხულობენ ფულს, აგვიანებენ ან აღარ დადიან სამსახურში, ატყუებენ ოჯახს და მეგობრებს, ეფლობიან ვალებში.
სასოწარკვეთის ფაზა: მოთამაშეები კარგავენ ყოველგვარ კონტროლს აზარტულ თამაშებზე. აზარტული თამაშების შემდეგ ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ, მაგრამ ვერ ჩერდებიან. მათ შეუძლიათ მოიტყუონ, ან მოიპარონ თავიანთი დამოკიდებულების დასაფინანსებლად. აზარტული თამაშების შედეგები მათ თავს ატყდებათ: შეიძლება დაკარგონ სამსახური, განქორწინდნენ ან სულაც დააპატიმრონ.
უიმედობის ეტაპი: თამაშდამოკიდებული ამ ეტაპზე უკვე იმყოფება „ფსკერზე“. მათ არ სჯერათ, რომ ვინმეს აინტერესებს, ან რომ დახმარება შესაძლებელია. მათ არც კი აინტერესებთ, იცოცხლებენ თუ მოკვდებიან. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნარკოტიკები და ალკოჰოლი ტკივილის შესამსუბუქებლად. ბევრი პრობლემური მოთამაშე ასევე ფიქრობს, ან ცდილობს თვითმკვლელობას.
რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოთ ახლობლებმა მათი პრობლემა?
თამაშდამოკიდებულებას აქვს სიმპტომები, რითაც ის შეიძლება ამოიცნოს როგორც თვითონ ამ დაავადების მქონე ადამიანმა, ისე ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა.
- გაღიზიანება, შფოთვა და მოუსვენრობა, როცა არ თამაშობენ.
- კონტროლის დაკარგვა საკუთარ თავზე თამაში დროს.
- მიუხედავად დიდი ფინანსური დანაკარგისა, აგრძელებენ თამაშს.
- ფულის შოვნის საშუალებად მიიჩნევენ თამაშს.
- გახშირებული ოჯახური კონფლიქტების ფონზე განტირთვის მიზნით ისევ თამაშს მიმართავენ.
- ფიქრი, რომ მათ ცხოვრებას თამაში უკეთესს ხდის.
- განმეორებითი წარუმატებელი მცდელობები შეწყვიტოს თამაში ა. შ.
მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს. ლუდომანია და, ზოგადად, დამოკიდებულება არის კომპლექსური დაავადება, შესაბამისად, გამოჯანმრთელების პროცესში პარალელურად უნდა იყოს ჩართული თავად დამოკიდებული ადამიანი და მისი ოჯახის წევრები. მათ სწორ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
თამაშდამოკიდებულების მკუნალობა უნდა ხდებოდეს კომპლექსურად. ჩართული უნდა იყვნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები; საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობაც. არსებობს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულება, რომელთაც ამ დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, ასევე, ეფექტიანია თვითდახმარების ჯგუფები და ჯგუფური თერაპია.
fortuna.ge
ცნობისათვის: საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 22 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც აზარტულ თამაშებზე რეგულაციებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს და თითქმის 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლებას უკრძალავს. ცვლილებების თანახმად, შემოდის „თამაშდამოკიდებული პირის“ ცნება და მოქალაქეებს, რომლებსაც დამოკიდებული პირის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოში თამაში აეკრძალებათ.
კანონის თანახმად, თამაშდამოკიდებულთა სიის შედგენაზე პასუხისმგებელია შემოსავლების სამსახური, რომელმაც 2022 წლის პირველ მარტამდე უნდა შეადგინოს როგორც „აკრძალულ პირთა“, ისე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა.
დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:
● თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
● მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
სასამართლოსთვის განაცხადით მიმართვა მოქალაქის ოჯახის წევრებს შეეძლებათ.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.
„დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ამოიღება აღნიშნული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა“, – ნათქვამია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში.
კომენტარები