რატომ გახდა 14 წლის გოგონა შანტაჟის მსხვერპლი – მამაკაცმა მშობლებს შვილის სექსუალური ხასიათის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა
28 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონას ჯერ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებით ემუქრებოდა, შემდეგ კი არასრულწლოვნის პირადი არქივი მის ოჯახს გაუგზავნა.
მოზარდის დედა „კურიერთან“ ჰყვება, რომ 28 წლის მამაკაცი მისი შვილის შანტაჟში მოზარდის მეგობარს, ასევე არასრულწლოვან გოგონას იყენებდა. სწორედ ამ უკანასკნელმა გაუგზავნა 14 წლის ბავშვის ფოტო და ვიდეომასალები ოჯახს სოციალური ქსელით. ამის შემდეგ შანტაჟის მსხვერპლი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა მშობელი იხსენებს, რომ მის შვილს ხასიათში ცვლილება მანამდეც შეატყო.
როგორ მოხვდა სავარაუდო მოძალადის ხელში მსხვერპლის პირადი ფოტო და ვიდეომასალა? – არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ შვილს და მის უახლოეს მეგობარ გოგონას ტელეფონის პარამეტრები საერთო ჰქონდათ, სწორედ ამიტომ 28 წლის მამაკაცს მათზე წვდომა გაუადვილდა.
კურიერის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს გოგონა მოსწონდა, მას აშანტაჟებდა და სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა. უარის მიღების გამო მუქარა სისრულეში მოიყვანა.
სოციალურ ქსელში სექსუალური ხასიათის ფოტოების მიღების შემდეგ არასრულწლოვანის ოჯახმა პოლიციას მიმართა. ახალგაზრდა კაცი პოლიციაში შეტყობინების მიღებისთანავე დააკავეს, მოზარდს კი ფსიქოლოგების დახმარება სჭირდება.
გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა – ამ ბრალდებების მიხედვით მამაკაცს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„კურიერთვის“ სავარაუდო მოძალადის ვინაობა ცნობილია, თუმცა რადგან დანაშაული არასრულწლოვანებს ეხებათ, მამაკაცის სახელს და გვარს არ ამხელს.
კომენტარები