„ერთხელ ჩემი ცხოვრება გაჩერდა…“ – რას ნანობს ამირან გამყრელიძე შვილთან დაკავშირებით, რომელიც საცოლესთან ერთად ავარიას შეეწირა (ვიდეო)
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თავისი ვაჟისა და მისი საცოლის მოულოდნელი ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.
ტრაგედია 1995 წელს მოხდა. გამყრელიძის თქმით, ისინი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე იყვნენ მათ ოჯახში და თავიანთი მიზნები გაანდვეს, რომ ოჯახის შექმნას აპირებდნენ, 2 კვირის შემდეგ ნიშნობა უნდა ყოფილიყო, კიდევ 2 კვირის შემდეგ კი – ქორწილი.
„კახეთის გზაზე პატარა სახლი გვქონდა, ხაშმის მოპირდაპირე მხარეს, მაშინ რთული პერიოდი იყო და რამდენჯერმე გაქურდეს, იგი დადიოდა ხოლმე იქ და უყურებდა, რომ კიდევ [არ გაექურდათ].
იქიდან მომავლებს, ორივეს მოუხდათ ეს მძიმე ავარია, სამწუხაროდ. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი დამღა დაასვა… მაგრამ მე ვცდილობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის [ტვირთი] იყოს…
ჩვენ, ორი ოჯახი ვართ ისეთივე ერთიანი ოჯახები, რასაც მძახლებს ეძახიან. ქორწილი არ ყოფილა, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული, ჩვენი ორი ოჯახი – გამყრელიძეებისა და ტუღუშების, არის ერთიანი ოჯახი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნათესაური კავშირი მე ამ ოჯახთან მაქვს… დღემდე.
ჩემი მეუღლე საკმაოდ ეკლესიური გახდა მას შემდეგ … დოშას დედასთან ერთად… მათი დაბადების დღეებზე [ერთად ვიკრიბებით], ერთადერთი, ამ პანდემიის პერიოდში ნათესაობა არ იკრიბება, რადგან არ შეიძლება ეს. ჩვცენ ვიკრიბებით 5-6 კაცი, როგორც დაშვებულია დღეს…
კი, ის გადაეფარა, მაგრამ რულზე ხომ ჩემი შვილი იჯდა… ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა, რაც 1995 წელს ჩვენს ოჯახებში მოხდა. თუმცა სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც დასძლია ყველაფერი, რადგან პირველ ეტაპზე შეიძლებოდა, პირიქით, მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს, მაგრამ იქიდანაც და ჩვენი მხრიდანაც იმდენი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს! არა მარტო, დედებსა და მამებს, არამედ მათ შვილებს, შვილიშვილებსა და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, მთლიანად, დიდ სანათესავოს. … ამ ურთიერთობამ რაღაცნაირად თითქოს გაადვილა მერე ცხოვრებაც, თუ შეიძლება, რომ ჩვენს ცხოვრებას ადვილი ერქვას. მას შემდეგ მე უფრო მეტად გადავერთე 24-საათიან მუშაობაში… ამით ვიქარვებდი შემდეგ ყველაფერს…
ეს მძიმე ტრაგედია შეიძლება არ ყოფილიყო, რომ მე ერთი წლით ადრე მიმეღო გადაწყვეტილება… ავსტრიასთან დიდი კავშირები მქონდა და მაქვს და მას ავსტრიაში ზაფხულობით სასწავლებლად და პრაქტიკაზე ვუშვებდი ხოლმე. მან მთხოვა 94-ში, რომ დამტოვეო ერთი წელი… მაშინ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და არ ვქენი ეს… და სულ ეს მაწუხებს, მთელი ცხოვრება, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“.
კომენტარები