რამდენიმე ათეული ადამიანის ცხედარი იპოვეს მაშველებმა ლა-მანშის წყლებში საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მას შემდეგ, რაც მიგრანტების გასაბერი ნავი გადაბრუნდა. საგანგებო სამსახურს შემთხვევის შესახებ 24 ნოემბერს, დაახლოებით დღის 2 საათზე აცნობა მეთევზემ, რომელიც ცხედრებს წააწყდა წყალში საფრანგეთის ქალაქების – კალესა და დუნკერკის რაიონში.
ნავზე, სავარაუდოდ, 34 ადამიანი იმყოფებოდა. ფრანსპრესის (AFP) ცნობით, ადგილზე მისულმა მაშველებმა წყლიდან 27 ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი. ამასთან, 2 ადამიანი გადაარჩინეს. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს ინციდენტი ყველაზე საშინელია მათ შორის, რომლებიც ლა-მანშის წყლებში მიგრანტების მონაწილეობით მომხდარა. დარმანენის ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, 24 ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ლა-მანშის წყლებში მიგრანტებს შორის ადამიანური მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული ამ რეგიონში მონიტორინგის დაწყების (2014 წ.) შემდეგ.
როგორც ფრანგული გამოცემა La Voix du Nord იტყობინება, ნავის კატასტროფა შესაძლოა კონტეინერმზიდთან შეჯახებით იყოს გამოწვეული. ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ლა-მანში ყველაზე დატვირთული სრუტეა მსოფლიოში. მასში ყოველდღიურად 500 ხომალდი გადის.
„საფრანგეთი არ დაუშვებს, რომ ლა-მანში სასაფლაოდ გადაიქცეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით მიმდინარე წელს საფრანგეთში 1500-მდე ადამიანია დაკავებული.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს კონტრაბანდისტების ბიზნესს, რომლებიც ადამიანთა უკანონო გადაყვანას ეწევიან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა ფაქტთან დაკავშირებით. ორი მთავრობის მეთაური შეთანხმდა, რომ გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას ლა-მანშის გავლით ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო გადაყვანების აღსაკვეთად. ამ მიზნით აუცილებელია ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და სხვა ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა პრობლემა გადაიჭრას მანამ, სანამ ადამიანები საფრანგეთის სანაპიროს მიაღწევენ, – აღნიშნეს ჯონსონმა და მაკრონმა.
„აუცილებელია გაკეთეს ყველაფერი, რათა გადატყდეს ბიზნესმოდელი დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა, რომლებიც მსგავსი სახიფათო გადაყვანის ორგანიზებას ეწევიან“, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები