მედიცინაჯანმრთელობა

გეშინიათ ალცჰაიმერის დაავადებისა? – მაშინ თქვენს რაციონში ამ ორი პროდუქტის წილი გაზარდეთ

იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა საიტამის უნივერსიტეტიდან კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ნივთიერებებს, რომლებსაც მწვანე ჩაი და სტაფილო შეიცავს, აქვთ უნარი, დაიცვან ტვინი ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისაგან და ამასთან, ხელს უწყობენ მეხსიერების აღდგენას და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებას.

ამ დასკვნამდე მკვლევრები ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ მივიდნენ. იაპონელი სწავლულების კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Journal of Biological Chemistry.

ალცჰაიმერის დაავადება წარმოიქმნება ნეირონების (ნერვული სისტემის უჯრედები, რომლებიც ნერვულ იმპულსებს ატარებენ) შიგნით პათოგენური ნივთიერების – ბეტა-ამილოიდური ცილის (ამილოიდური ბალთები ) დაგროვების შედეგად. ის წარმოიქმნება ცილა APP-ის „ნამსხვრევებისგან“, რომელიც  დაზიანებული ნეირონების შეკეთების პროცესში მონაწილეობს.

მკვლევრები ცდილობდნენ, გაერკვიათ, როგორ ზემოქმედებენ APP-ის „ნამსხვრევების“ ფორმირების სიჩქარეზე სხვადასხვა სახის ფიტოჰორმონები და ცილები, რომლებიც მცენარეების შემადგენლობაშია.

მათ გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ ის მცენარეები, რომლებიც ალფა-სეკრეტაზასთან ურთიერთქმედებენ – ეს არის ფერმენტი, რომელიც ცილის ნაგვის გორგალს შლის, APP-ის ნარჩენების ჩათვლით.

მეცნიერებმა გამოსაკვლევად აიღეს  მწვანე ჩაის და სტაფილოს ექსტრაქტები – ჩაიში არის ნივთიერება EGCG (ეპიგალოკატეხინ გალატი, Epigallocatechin gallate), ხოლო სტაფილოში – შესაბამისად, ფერულის მჟავა – სწორედ ამ ნივთიერებებშია დომინანტი ალფა-სეკრეტაზა.

მკვლევრები მწვანე ჩაისა და სტაფილოს ექსტრაქტებით კვებავდნენ თაგვებს, რომლებიც გენეტიკურ დონეზე იყვნენ მიდრეკილები ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისკენ. ექსპერიმენტი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

მათი თქმით, ეს ორი მცენარე კომბინაციაში თაგვების ტვინზე გაცილებით ძლიერად ზემოქმედებდა, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. სულ რაღაც 3 თვის შემდეგ თაგვების ტვინში ამილოიდური ბალთების კონცენტრაცია მკვეთრად შემცირდა, ხოლო მათი კოგნიტიური უნარები საგრძნობლად გაუმჯობესდა. კერძოდ, მათი ეპიზოდური მეხსიერება ისეთივე კარგი გახდა, როგორიც იმავე ასაკის ჯანმრთელი თაგვებისაა, ხოლო ახალი ობიექტების ამოცნობის უნარი კი დაახლოებით 1,5-ჯერ გაუმჯობესდა.

ამრიგად, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანების რაციონში მწვანე ჩაისა და სტაფილოს რაოდენობის ზრდამ შესაძლოა ნამდვილად შეამციროს ალცჰაიმერის დაავადების წარმოქმნის რისკი.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close