გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე ფედერალური მიწების მეთაურებმა, აგრეთვე, ფედერალურმა მთავრობამ 18 ნოემბერს თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება, გაამკაცრონ შეზღუდვები მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არც აცრა გაუკეთებიათ და არც COVID-19 გადაუტანიათ.
ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის მთავარი მაჩვენებელი უნდა გახდეს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით ამა თუ იმ ფედერალურ მიწაზე. თუ ეს მაჩვენებელი 3-ს მიაღწევს, ძალაში შევა ე. წ. წესი 2G, რომლის დროსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა ნებადართული იქნება მხოლოდ აცრილი და კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის. ამასთან, საკმარისი არ იქნება კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
აუცილებელი ტესტები აცრილთათვის და კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთათვის
თუ ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა იქნება 6 ყოველ 100 000 მოსახლეზე, ძალაში შევა წესი 2G+, რომელიც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივ/საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის/დასასწრებად აცრილმა და კოვიდგადატანილმა მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი.
იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა 100 000 სულ მოსახლეზე 9-ს მიაღწევს, ძალაში შევა დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის, სოციალური კონტაქტების კუთხით.
ეს ზომები იმოქმედებს არა მარტო საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასწრებისას, არამედ გასართობ დაწესებულებებში, საზკვების ობიექტებში, აგრეთვე, სასტუმროებსა და მომსახურების ისეთ სფეროებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია (მაგ., საპარიკმახეროში ვიზიტისას).
18 ნოემბრის მდგომარეობით, რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში 100 000 მოსახლეზე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რიცხვი 5,2-ია.
ფინანსური დახმარება მეწარმეებს
დოკუმენტის თანახმად, რომელიც რეგიონული მთავრობების მეთაურებმა და ფედერალურმა კაბინეტმა მიიღეს, მთავრობა გაუგრძელებს ფინანსურ დახმარებას იმ საწარმოებს და დაწესებულებებს, რომლებმაც პანდემიის გამო ზარალი განიცადეს.
აგრეთვე, იგეგმება ფინანსური დახმარება მეწარმეებისთვის, რომლებიც საშობაო ბაზრობებზე დაზარალდებიან შეზღუდვების გამო.
სავალდებულო ვაქცინაცია ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებისთვის
ზოგიერთი ფედერალური მიწის მთავრობა მოუწოდებენ ფედერალურ ხელისუფლებას, შემოიღოს აუცილებელი ვაქცინაცია ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებისთვის – მაგ., საავადმყოფოებისა და ხანდაზმულთა და შშმ პირების მოვლის სახლების პერსონალისთვის, რამდენადაც ამ დაწესებულებების ბენეფიციარები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან გართულებების განვითარების თვალსაზრისით.
თავის მხრივ, რეგიონული ხელისუფლებები აპირებენ გააუმჯობესონ აცრის ან გადატანილი დაავადების ცნობის, აგრეთვე, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის კონტროლი.
ბუსტერული აცრა
ეპიდემიასთან ბრძოლის კიდევ ერთი ზომა გერმანიაში უნდა გახდეს იმ მოქალაქეების ბუსტერული დოზით აცრა, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ დაასრულეს ვაქცინაციის სრული კურსი. არსებული ინფორმაციით, 18 ნოემბერს თათბირის მონაწილეებს კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა დაუსახა მიზანი, რომ საერთო ჯამში 27 მლნ ადამიანი აიცრას დამატებითი – ბუსტერ ვაქცინით. ამ დროისთვის გერმანიაში მესამე აცრა უკვე გაიკეთა 4,8 მლნ ადამიანმა. ამასთან, მერკელმა გამოთქვა აზრი, რომ თათბირზე შეთანხმებული შეზღუდვები არასაკმარისია.
ვაქცინაციის მუდმივმა კომისიამ (Stiko) რამდენიმეკვირიანი დისკუსიის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბუსტერულ აცრაზე რეკომენდაცია გასცეს 18 წელს მიღწეული ყველა მოქალაქისთვის, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მესამე აცრა გაკეთდეს არა 6, არამედ უკვე 5 თვის შემდეგ.
ფედერალური მიწების მეთაურებისა და ფედერალური მთავრობის ერთობლივ თათბირში 18 ნოემბერს მონაწილეობდა ანგელა მერკელის სავარაუდო შემცვლელი კანცლერის პოსტზე ოლაფ შოლცი (Olaf Scholz), აგრეთვე, პროფილური უწყებების მეთაურები. ანალოგიურ ფორმატში შემდეგი თათბირი 9 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.
წესი 3G სამუშაოზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ამავე დღეს, 18 ნოემბერს, ზემოხსენებულ თათბირამდე ცოტა ხნით ადრე ბუნდესტაგმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში „ეპიდემიოლოგიური დაცვის შესახებ“, რომელიც გულისხმობს ახალ ზომებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. კერძოდ, საუბარია წესზე 3G (გადაიტანა, აიცრა, ტესტი გაიკეთა – genesen, geimpft, getestet) სამუშაოზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. შესაბამისი შეზღუდვების შემოღებას დაჟინებით ითხოვდნენ, უპირველესად, „მწვანეები“ და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. ახლა ეს ცვლილებები ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები