ქართველები უცხოეთშიარტისტი

რატომ ალაპარაკდა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი ჩერნობილის ტრაგედიაზე?

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი დავით მალტეზე Culture Now-ს გვერდზე საუბრობს სპექტაკლზე, რომელიც ზამთრის სეზონზე „ნეო კოზმოს“ თეატრის სცენაზე დაიდგმება და რომელშიც თავადაც მონაწილეობს. „ჩერნობილი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბელარუსი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის „ჩერნობილის ლოცვა – მომავლის ქრონიკები“ მიხედვით იდგმება.

„ჩერნობილი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ბირთვული აფეთქებაა. მისგან გავრცელებული რადიოენერგია ჰიროსიმასა და ნაგასაკაში ჩამოყრილი ბომბებისგან გამოწვეულ რადიაციას 200-ჯერ აღემატებოდა. რადიოაქტიური ღრუბელი ათასეულობით ჰექტარზე გავრცელდა, მოედო მთელ ევროპას და შემდეგ მთელ პლანეტას. შეიწირა ათასობით ადამიანის, ცხოველის სიცოცხლე, გამოიწვია გენეტიკური მუტაციები, განადგურდა ბუნების საფარი. ასეულობით წელია კიდევ საჭირო, ატმოსფერო მისგან რომ სრულიად გაიწმინდოს.

სპექტაკლი „ჩერნობილი“ სვეტლანა ალექსიევიჩის ამავე სახელობის წიგნზე დაყრდნობით დაიდგა. წიგნი 1996 წელს დაიწერა (დაიბეჭდა 1997 წელს – რედ.)  და არ არის მხოლოდ დოკუმენტური აღწერა, არამედ გადარჩენილი ადამიანების ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილია, ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები: მეხანძრეები, სამხედროები, მონადირეები, მეთევზეები, დედები და მამები, რომელთა თავზეც გადაიარა ამ უდიდესმა ტრაგედიამ.

მშობლები, რომლებმაც დამარხეს შვილები, მშობლები, რომლებმაც გააჩინეს დეფორმირებული ჩვილები, ქალები, რომლებიც უყურებდნენ, როგორ ტიროდნენ მათი ქმრები… მათ ეძლევათ ხმა, რომ ილაპარაკონ, რათა მათ მოუსმინონ. ისინი ბედავენ ისაუბრონ თავიანთ ენითაუწერელ ტკივილზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში, როდესაც აღარ არსებობს ხელისუფლების მიერ დასჯის საფრთხე მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჩერნობილზე საუბრობენ.

სპექტაკლის სცენარის პირველივე წაკითხვისთანავე რეპეტიციაზე ატმოსფერო ძალიან დაიძაბა. იმ ყველაფრისგან, რაც ამ ადამიანებმა გამოიარეს, შოკისმომგვრელი, შემზარავი სურათები წარმოგვიდგა თვალწინ. თითქმის შეუძლებელი იყო, რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად არ შეგვხებოდა. ტკივილი, ტანჯვა, სასოწარკვეთა, სიკვდილი, ავადმყოფობა, გადასახლება, ამოძირკვა, დამალვა, მწუხარება, რისხვა… ყველა ეს სიტყვა ისმოდა ჩვენში. პირადად მე ბავშვობის მოგონებები გამიცოცხლდა – როცა ამ მოვლენაზე პირველად გავრცელდა ინფორმაცია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო არხის საინფორმაციო გამოშვებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 10 წლის ვიყავი, კარგად მახსოვს, პირველი ამბავი ეხებოდა ატომური ელექტროსადგურის სახურავზე გაჩენილ უბრალო ხანძარს და ისიც, რომ მალევე გაირკვა, საქმე საბოლოოდ ბევრად უფრო სერიოზული იყო. მახსოვს პანიკის განცდა, რომელმაც ჩემ ირგვლივ ზრდასრული ადამიანები  მოიცვა. საბჭოთა კავშირში მაშინ ისედაც რთულ პერიოდში, გაურკვევლობაში ვცხოვრობდით…

არ ვიცოდით, რა შეიძლებოდა გვეჭამა, რა დაგველია. გვეშინოდა ჩვენი ჯანმრთელობის გამო! კიბოთი დაავადების შიში გვქონდა! მიუხედავად იმისა, რომ სკოლაშიც კი გავდიოდით სამხედრო მზადყოფნის წვრთნას, როგორ უნდა გვემოქმედა დასავლეთის მიერ ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, ნამდვილად არ ვიცოდით, რას ნიშნავდა რადიაციის საფრთხე.

ძნელია ადამიანის გონებამ სრულად გაიაზროს ის უბედურება, რაც ამ ადამიანებმა განიცადეს. ჩვენ, როგორც მსახიობებს, დრო დაგვჭირდა, რათა გმირების ემოციები გაგვეთავისებინა და შემდეგ მათი ბედისგან დისტანცირება მოგვეხდინა, რათა მათი ისტორიები მაყურებელს ვუამბოთ.

„ჩერნობილი“ – მწარე გაკვეთილია, რომელიც გვასწავლის, რომ ბირთვული ენერგიის წარმოებასა და გამოყენებაში ადამიანური შეცდომის ადგილი არ არის. ამავდროულად, გაფრთხილება მეცნიერებისთვის, რომ მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. ზოგადად, ამ ისტორიის საშუალებით, თითოეული ჩვენგანი ალბათ მოისურვებს დაინახოს საკუთარი კვალი, რომელსაც თავისი ქმედებებით გარემოს და, ზოგადად, ჩვენს პლანეტას აჩნევს. რა თქმა უნდა, ადამიანური შეცდომის თავიდან აცილება არც ისე რეალურია, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ მსგავსი კატასტროფა აღარ მოხდება!“ – წერს დავით მალტეზე culturenow.gr-ზე.

წერილის ბოლოს გამოცემას მოჰყავს მსახიობის ბიოგრაფიული მომენტები:

„დავით მალტეზე (მაღალდაძე) დაიბადა საქართველოში. 21 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთში. სწავლობდა მუსიკას და მსახიობის ოსტატობას. თანამშრომლობდა ბერძენ და უცხოელ რეჟისორებთან. იგი ბოლოს ამ ზაფხულს გამოჩნდა სპექტაკლში „მიჯაჭვული პრომეთე“ ჰეფესტოსის როლში, ამ ზამთარს კი, სპექტაკლ „ჩერნობილის“ გარდა, მონაწილეობას მიიღებს დარიო ფოს სპექტაკლში „მისტერო ბუფო“.

ია თულაშვილი

p. s. ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა უკრაინაში, რომელიც იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის შედეგად ბირთვული აფეთქება მოხდა, მთლიანად დაინგრა რეაქტორი, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში როგორც დაღუპულ და დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% ბელარუსის ტერიტორიაზე დაილექა. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close