რა არის მწვანე საშვი, სად ავიღო, რა დამიჯდება და სხვა ხშირად დასმული კითხვები
თავად მწვანე საშვის - QR-კოდიანი ფურცლის აღება უფასოა, ისევე როგორც ვაქცინაცია, თუმცა PCR ან სწრაფი ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოგიწევთ.
რა არის მწვანე საშვი?
კოვიდგადატანილ ან აცრილ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც 72 საათის განმავლობაში ჩატარებული აქვს PCR ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში – სწრაფი ტესტი, „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ.
ამ სტატუსის დოკუმენტური დადასტურება არის მწვანე საშვი/პასპორტი. ეს სპეციალური QR-კოდიანი ფურცელია, რომელიც ავლენს, რომ ადამიანი მის გარშემო მყოფთათვის კოვიდუსაფრთხოა.
სად მოითხოვენ და სად არა მწვანე საშვს?
მწვანე საშვს/პასპორტს არ მოგთხოვენ ისეთ ადგილებში, სადაც თქვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, კლინიკაში შესვლისას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას, არც მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას ან აფთიაქში. ეს დოკუმენტი დასჭირდება 18 წლის ზევით ყველა მოქალაქეს, თუ თავშეყრის ისეთ ადგილებში უნდა მოხვედრა, სადაც გადაუდებელ სერვისებს არ სთავაზობენ, მაგალითად, კაფეში, კინოში, მუზეუმში, ფიტნესკლუბში, სამორინეში და სხვ.
სად ავიღო მწვანე საშვი?
მწვანე საშვს/პასპორტს გასცემს ყველა ის დაწესებულება, რომელიც ატარებს ტესტირებას და აცრას, ასევე, იუსტიციის სახლი.
მწვანე საშვი ქაღალდზე უნდა ამოვბეჭდო, თუ შემიძლია ელექტრონულადაც ვიქონიო?
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ რამდენიმე დღეში ამუშავდება აპლიკაცია, რომელიც ციფრულად დაადასტურებს ან უარყოფს თქვენს მწვანე სტატუსს.
ამჟამად ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი – covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ თავისი სტატუსის გადამოწმება და QR კოდის გადმოწერა.
ანუ ადამიანს, რომელიც მიდის მისთვის სასურველ რომელიმე დაწესებულებაში, სადაც სავალდებულოა მწვანე სტატუსის ქონა, შეუძლია წარადგინოს აცრის ან ტესტირების დროს მიღებული QR-კოდიანი ფურცელი და ასევე დაადასტუროს თავისი „მწვანე“ სტატუსი ელექტრონული ვერსიით (ვებსაიტიდან და აპლიკაციიდან, რომელიც საკოორდინაციო საბჭოზე დააანონსეს).
რამდენი ხანი აქვს ვადა მწვანე საშვს?
PCR ტესტის მეშვეობით ავტომატურად იღებთ მწვანე სტატუსს 72 საათის განმავლობაში, ცნობას კი გაძლევთ ლაბორატორია კოვიდუარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ასევეა 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტის შემთხვევაში. აცრის შემთხვევაში არ დაგჭირდებათ 72 ან 24 საათში ერთხელ ტესტების გაკეთება და მწვანე სტატუსი საიტზე იმავე წუთებში აისახება.
ვინ შეამოწმებს?
შეამოწმებენ ისევ ის ორგანოები, რომლებიც აქამდე აკონტროლებდნენ კოვიდრეგულაციების დაცვის წესს – შრომის ინსპექცია, მერიის ზედამხედველობის სამსახური და პოლიცია.
რა მოხდება, თუ ამ რეგულაციას დავარღვევ?
რეგულაციის დამრღვევი მოქალაქე 2 ათასი ლარით, კომპანია კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
რა დამიჯდება საშვის აღება?
თავად მწვანე საშვის – QR-კოდიანი ფურცლის აღება უფასოა, ისევე როგორც ვაქცინაცია, თუმცა PCR ან სწრაფი ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოგიწევთ.
radiotavisufleba.ge
შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ პრემიერ მინისტრმა პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე საშვის“ პრინციპის ამოქმედება დააანონსა.
კომენტარები