ქართველები ლეგალურად ბულგარეთშიც დასაქმდებიან – შეთანხმება მიღწეულია
საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას ბულგარეთშიც შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებს შორის დოკუმენტი ხელმოწერილია და მიმდინარეობს საოპერაციო ხელშეკრულებებზე შეთანხმება, რომელსაც საბოლოოდ ხელი, სავარაუდოდ, დეკემბერში მოეწერება.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიაში დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც მისი შეფასებით, ხარვეზებით წარიმართა, თუმცა პროცესი იხვეწება, რათა მოქალაქეებმა სამუშაოდ წასვლა უპრობლემოდ შეძლონ.
რაც შეეხება საფრანგეთთან ხელმოწერილ შეთანხმებას, თამარ ბარკალაიას განმარტებითვე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ხელშეკრულება ქმედითი გახდეს.
ამასთან, კიდევ ერთი ქვეყანა, რომელზეც ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ პარლამენტში ყურადღება გაამახვილა, ისრაელი იყო. მისი თქმით, სულ ისრაელში სამუშაოდ წასვლის მიზნით სამინისტროში 125 განაცხადია შესული, მაგრამ აპლიკანტებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და გადაწყდა, რომ ისინი კოლეჯებში გადამზადებას გაივლიან და ამის შემდეგ გაემგზავრებიან ისრაელში.
„საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა, თუმცა ყველაფერი მოლაპარაკების ეტაპზეა და ვფიქრობ, 2022 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან, მსგავსი თანამშრომლობა გვექნება“, – დასძინა მან.
bm.ge
კომენტარები