ტექნოლოგიები

რა არის „მეტავერსი“, რისთვისაც ფეისბუქი ევროკავშირში სამუშაოდ 10 000 ადამიანს დაიქირავებს

Facebook-ი, რომელსაც ბოლო პერიოდი სირთულეებით დატვირთული ჰქონდა, სიახლეებს აანონსებს: BBC-ს ცნობით, გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია ევროკავშირში 10, 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ახალი დაქირავებული თანამშრომლები ე. წ. „მეტავერსის“ განვითარებაზე იმუშავებენ.

კომპანიაში „მეტავერსს“ განმარტავენ, როგორც ონლაინ სამყაროს, სადაც ადამიანებს ვირტუალურ გარემოში შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია, ამ „სამუშაოს“ შესასრულებლად კი მათ სპეციალური ყურსასმენების გამოყენება მოუწევთ. ეს კი იმისთვის, რომ სამუშაო პროცესში დასაქმებულებმა კონკრეტული მითითებები თავად Facebook-ის დამფუძნებლისგან – მარკ ცუკერბერგისგან მიიღონ, რომლის იდეაც იყო „მეტავერსის“ განვითარება.

არაოფიციალური ინფორმაციით, Facebook-ს ამ სიახლის შემოღება ბოლო პერიოდში განვითარებული სკანდალის შემდეგ დასჭირდა: კომპანიისთვის რეგულაციების გამკაცრებას უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ, რეგულაციები კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სოციალური ქსელის გავლენებს მკვეთრად შეამცირებს.

კომპანიის მიმართ წაყენებული ბრალდებების გასაფანტად Facebook-ი „მეტავერსის“ პროექტის დაწყებას ჩქარობს, რადგან კომპანიაში ელიან, რომ მას ახალი კრეატიული, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების პოტენციალი ექნება. რაც შეეხება იმას, ახალი პროექტის განვითარებისთვის მაინცდამაინც ევროკავშირის მოქალაქეების დაქირავება რატომ იგეგმება, Facebook-ში აცხადებენ, რომ „ევროპელებს ამისთვის ყველა საჭირო უნარი აქვთ“. ცნობილი ხდება ისიც, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანია დამატებით კიდევ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომელიც „უაღრესად სპეციალიზებულ ინჟინრებს“ გააერთიანებს.

კიდევ ერთი, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც „მეტავერსის“ განვითარებისთვის კონკრეტულად ევროკავშირი შეირჩა, Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, დიდ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომაა, რაც შეიძლება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვალოს. კომპანიაში განმარტავენ, რომ პოტენციური დასაქმებულები მათი უმაღლესი განათლების დონის და ნიჭიერების ნიშნით შეირჩევიან, რადგან „მეტავერსის“ პროექტი სულ მალე Facebook-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი პროექტისთვის 50 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი, თუმცა არაა გამორიცხული, დროთა განმავლობაში პროექტის დაფინანსება კიდევ გაიზარდოს. კონკრეტული ვადა, როდის დასრულდება „მეტავერსზე“ მუშაობა, ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის, Facebook-ის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ იდეის სრულ ხორცშესხმას შესაძლოა 10-15 წელიც კი დასჭირდეს.

კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ Facebook-ის ახალი პროექტის დაანონსება კომპანიის რეპუტაციის აღდგენას და მიმდინარე მოვლენებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. Facebook-ის შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ Instagram-ი მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კომპანიას ყოფილი თანამშრომელი ფრენსის ჰაუგენი ამხელს და იმაში ედავება, რომ ეს მიგნებები შეგნებულად არ გასაჯაროვდა.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close