როგორ ჩატარდება გასაუბრება ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის საკითხთა დეპარტამენტი აქვეყნებს ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების კანდიდატებთან გასაუბრების წესს, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა შემდეგი პროცედურა:
გასაუბრება ჩატარდება მოქალაქეობის საკითხთა შესაბამის განყოფილებაში, სადაც შეტანილია განცხადება.
კომისია შედგება სამი წევრისგან: ორი წევრი საკითხის შემსწავლელი განყოფილებიდან და ერთი – სხვა განყოფილებიდან ან ცენტრალური დეპარტამენტიდან. ეს უკანასკნელი გასაუბრებას დისტანციურად დაესწრება. სამწევრიანი კომისია იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მისი შემადგენლობა შეიცვლება.
კომისიისადმი გაცემული რეკომენდაციის თანახმად, გასაუბრება უნდა მოხდეს განაცხადის შეტანის თარიღის მიხედვით და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.
რეკომენდაციის თანახმად, დღეში მაქსიმუმ 10 გასაუბრების ჩატარება შეიძლება.
გასაუბრების თარიღის შესახებ კანდიდატს გაეგზავნება შესაბამისი მოწვევა ფოსტის მეშვეობით. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრების აუდიოჩაწერა, რის ტექნიკური საშუალება იარსებებს.
გასაუბრებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე კანდიდატმა მოქალაქეობის საკითხთა შესაბამის განყოფილებაში უნდა წარადგინოს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება საბერძნეთის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მისი ინტეგრაციის ფაქტი. კომისიამ, სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, გასაუბრების დროს ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე:
- როგორია კანდიდატის წლიური შემოსავალი და, ზოგადად, მისი ქონებრივი მდგომარეობა;
- აქვს თუ არა მას სტაბილური სამუშაო;
- თუ ასრულებს დროულად და სრულად საგადასახადო და სადაზღვევო მოვალეობებს.
- თუ აქვს დამყარებული ნათესაური კავშირი საბერძნეთის მოქალაქესთან.
- თუ აქვს დამთავრებული თავად, ან მის შვილს ბერძნული სკოლა.
- თუ აქვს გავლილი პროფესიული დახელოვნების კურსები საკუთარი უნარების განვითარების მიზნით.
- მონაწილეობს თუ არა მოხალისედ საზოგადოებრივ და კულტურულ აქტივობებში.
მეორე ეტაპზე კომისიის წევრები კანდიდატს დაუსვამენ ხუთიდან ათამდე შეკითხვას, რათა დარწმუნდნენ, რომ იგი კარგადაა ინფორმირებული ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ. კომისიის ერთი წევრი წერილობითი ფორმით აღწერს გასაუბრების მიმდინარეობას (დასმული კითხვები და მიღებული პასუხები).
კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს დამატებითი საბუთები, რაც მის არგუმენტაციას გააძლიერებს.
კომისია საბოლოო დასკვნას იღებს ერთხმად, ან ხმათა უმრავლესობით. კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
ნინო ბაჯელიძე
p. s. გასაუბრების წესი ბერძნულ ენაზე სრულად შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე: https://www.ypes.gr/wp-content/uploads/2021/09/eggr64871-07092021.pdf
კომენტარები