იტალიის ჯანდაცვის მინისტრი: თუ მსოფლიოს ნაწილს ვაქცინების გარეშე დავტოვებთ, ვირუსის ახალ ვარიანტებს მივიღებთ, რაც ყველა ჩვენგანს დააზარალებს
„დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ მოსახლეობის ვაქცინაცია შეძლონ.
იტალიამ, რომელიც მიმდინარე წელს G20-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, განაცხადა, რომ „რომის პაქტი“ პოლიტიკურ შეთანხმებას მოიცავს ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდისა და მათთვის მეტი ვაქცინის გაგზავნის შესახებ.
„ვაქცინის უთანასწორობის დონე ძალიან მაღალია. თუ მსოფლიოს ნაწილს ვაქცინების გარეშე დავტოვებთ, ვირუსის ახალ ვარიანტებს მივიღებთ, რაც ყველა ჩვენგანს დააზარალებს. ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია: არავინ უნდა დარჩეს ვაქცინაციის კამპანიის მიღმა“, – აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.
ვაქცინები ღარიბ ქვეყნებში COVAX-ის მექანიზმის საშუალებით იგზავნება, რომელსაც მხარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) უჭერს.
„უძლიერესი ქვეყნები ვალდებულნი არიან მნიშვნელოვანი რესურსები ჩადონ და ვაქცინები გაუგზავნონ ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს. ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ ეს სისტემა. გვსურს ვაქცინები მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ და საჭირო ინვესტიციებს გავაკეთებთ. საკმარისი იქნება ეს? მეტი იქნება საჭირო? მსოფლიოს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა რობერტო სპერანცამ.
ბოლო მონაცემებით, COVAX-ის მექანიზმის ფარგლებში, 139 ქვეყანას ვაქცინის 230 მილიონზე მეტი დოზა გადაეცა.
imedinews.ge
კომენტარები