ჩვენი ფავორიტიარტისტი

ზინაიდა კვერენჩხილაძე – ქართველი „ანა მანიანი“

უდიდესი ხელოვანი, რომელიც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, „ქართველ ანა მანიანად“ მონათლეს, სამწუხაროდ, ყოველთვის ჩრდილში ყოფნას არჩევდა, თუმცა განმარტოვებას მაინც ვერ ახერხებდა, რადგან მისი ტალანტის თაყვანისმცემლები მოსვენებას არ აძლევდნენ, ეხმიანებოდნენ, ეფერებოდნენ. მასთან ურთიერთობისას სულ პატარა დიალოგიც კი მონოსპექტაკლი იყო, მის მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა – გულში ჩამწვდომი ჭეშმარიტება.

სამწუხაროდ, ინტერვიუები არ უყვარდა. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ ჰქონდა, პირიქით, სათქმელის გარეშე არასოდეს გამოსულა არც თეატრისა და არც საკონცერტო დარბაზის სცენაზე, მაგრამ… შემოქმედება ხომ იგივე აღსარებაა, რომელიც უამრავ რამეს გვიამბობს თავად ხელოვანზე. ვინ იცის, იქნებ ამიტომაც არ ეკონტაქტებოდა ჟურნალისტებს ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძე, რომელიც 2011 წლის ორ სექტემბერს, 79 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. მსახიობი სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს. იმ დღეს ეზოში უწყვეტად ისმოდა დედების გალობა… იდგნენ მისი „პოდრუჟკები“ ვუალებით… მოხუცები და ლამაზები… ქართველმა ხალხმაც ლამაზად გააცილა შორ გზაზე მსახიობი, რომელმაც ამქვეყნად გამორჩეული ცხოვრებით იცხოვრა, დატოვა კარგი შვილი, შვილიშვილები, არაჩვეულებრივი როლები, უამრავი მოგონება, ვარსკვლავი რუსთაველის თეატრის წინ (გაიხსნა 2010 წლის 23 დეკემბერს) და სხვა სამყაროში გადასახლდა.

ახდენილი ოცნება და სენსაცია თეატრალურ თბილისში

მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა მიუხედავად თეატრით ძლიერი გატაცებისა სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიტანა, ერთი თუ ორი გამოცდა ჩააბარა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად საბუთები უკან მოითხოვა და თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. ინსტიტუტში პირველივე წელს ჩაირიცხა, თუმცა იქ სწავლის ოთხი წლის მანძილზე საინტერესო არაფერი შეუქმნია.

თეატრის მომავალ ვარსკვლავთან წარმატება არც ინსტიტუტის დამთავრების პირველ წლებში მოსულა, თუმცა ერთგვარი გამართლება იყო ალბათ ის, რომ ახალგაზრდა მსახიობი რუსთაველის თეატრში გაანაწილეს. ეს იყო 1956 წელს. მას შემდეგ დღემდე რუსთაველის თეატრის სცენას ზინაიდა კვერენჩხილაძის უთვალავი ნაფეხური და არაერთი საინტერესო როლი ახსოვს და ალბათ კვლავაც დიდხანს ემახსოვრება. უპირველესად, ლელას როლი 1960 წელს რეჟისორ დოდო ალექსიძის მიერ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტკლში „ბახტრიონი“. წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ იმ პერიოდში ზინას ამ პერსონაჟის სიყვარულით ახალდაბადებულ გოგონებს ლელას არქმევდნენ.

სხვათა შორის, დოდო ალექსიძე თურმე ჯერ კიდევ რეპეტიციების დროს იქადნებოდა, რომ ქართული თეატრის ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა, თუმცა მაშინ, როგორც ყველაფერ ახალს, დოდო ალექსძის ამგვარ განცხადებასაც სკეპტიკურად შეხვდნენ. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა და თვით სკეპტიკოსებიც კი შოკში ჩააგდო ზინა კვერენჩხილაძის დრამატიზმმა. მისმა ლელამ თეატრალურ თბილისში სენსაცია მოახდინა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ქართულ სცენას კიდევ ერთი ნიჭიერი ხელოვანი, უაღრსად საინტერესო მონაცემების მქონე მსახიობი შეემატა, თუმცა თავად ქალბატონი ზინა თვლიდა, რომ მისი, როგორც მსახიობი,ს დაბადება, მიხეილ თუმანიშვილის „ანტიგონეში“ მოხდა.

ჩემი ანტიგონე

„იმ დღეს მაინც განსაკუთრებით მიჭირდა, მთელი სხეული მტკიოდა, ბატონმა მიშამ დამამშვიდებელი და თავის ტკივილის გამაყუჩებელი მომცა. ის იყო, დავლიე და ჩამოვჯექი, რომ კარი გაირღო და ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოცქრიალდა. არც მიმიხედავს, – ხმაზე ვიცანი, ვინც იყო.

– ისვენებთ? – იკითხა ყალბი სითამამითა და გადაიკისკისა. ისარივით მომხვდა გულზე მისი უპატივცემულო ტონი. მე ტკივილისაგან ლამის გული შემიწუხდეს, იქით ბატონი სერგოც არა არის გუნებაზე, ბატონი მიშაც დაღლილია, ჰაერი გაჯერებულია სიცხის ოხშივარით, ეს კი დგას და უზნეო ბავშვივით აგრძელებს ტიკტიკს: აბა, მაჩვენეთ, რა გააკეთეთო. დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, გადასკვნილი ხელები მუხლს შემოაჭდო და ნაძალადევი ღიმილით ისევ გაიმეორა, – აბა, მაჩვენეთ! – აბა, მაჩვენეთო. აბა, მაჩვენეთო!… ექოსავით მესმოდა ყურში სატანისეული ხმა. ღმერთო ჩემო, ვის უნდა ვაჩვენოთ, ან რატომ უნდა ვაჩვენოთ? აქ ხომ ბატონი სერგო ზის, ბატონ მიშაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ვის მეგობრადაც თვლიდა თავს. ესე იგი, არავის არ დაერიდა და ყველას მოსთხოვა თავისი უბადრუკი სურვილის დაკმაყოფილება?! რა უფლებით?! ვინ არის? ან რატომ არის აქ? ისევ ამერია ყველაფერი, რატომ შემოიჭრა ეს სატანა მაინცდამაინც დღეს, ახლა, ამწუთს, როცა ასე ცუდად ვარ, როცა ტკივილსაგან კრუნჩხვები მემართება, რატომ არ მოერიდა არავის, ასე რატომ გადაევლო თავზე ყველას და ყველაფერს… რატომ? და იმდენად ვიყავი შეურაცხყოფილი ჩემი ორი იდეალის გამო, რომ უცებ ყველაფერი დამიამდა. გამოვენთე და პირდაპირ მივახალე: „თქვენ თუ აქ სანახავად მობრძანდით, ტყუილად გარჯილხართ, ამისათვის არსებობს სხვა დრო, სპექტაკლის „ჩაბარება“ ანდა პრემიერა, ეს კი რიგითი რეპეტიციაა, რეპეტიცია და სანახავი ჯერჯერობით არაფერია, მით უმეტეს, თქვენთვის“, – და იქვე, დანადგარზე ჩამოვჯექი.

ბატონი სერგო არც განძრეულა, ისევ ზურგით იჯდა, მე მგონი, ჩემზე უარეს დღეში იყო. ბატონი მიშა კი გაოგნებული შემომცქეროდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ბატონმა სერგომ ჩაახველა თუ ჩაიცინა, ვერ გავიგე. ისიც ვერ გავიგე, ის მაჟორული ქალბატონი როგორ გაქრა ოთახიდან.

– რა გააკეთე? – მისაყვედურა ბატონმა მიშამ.

– არაფერი, რაც ეკადრებოდა, ის მივუზღე.

– ასე როგორ შეიძლება.

– აბა, ის შეიძლება?

– რა შენი საქმეა!

– მართალია, გეთანხმებით, ჩემი საქმე არ არის, თუმცა რატომ არ არის ჩემი საქმე? ჩემი თანდასწრებით შეურაცხყოფა რომ მოგაყენათ, როგორ უნდა ამეტანა?! თვალი დამეხუჭა და „რა ჩემი საქმეა“-ს პოლიტიკა მეხმარა? მაშინ ხომ მე, მე აღარ ვიქნებოდი!

– არავის არ სჭირდება ეგ შენი „მე“ – უფრო გამიბრაზდა. არა, კი არ გამიბრაზდა, საერთოდ გაბრაზდა ბატონი მიშა.

– სჭირდება, სჭირდება, ჩემს შვილს სჭირდება, მე მჭირდება, ჩემს მეგობრებს… – და ვიგრძენი, რომ დიალოგი, რომელიც ჩვენ შორის გაიმართა, ანტიგონესა და კრეონტის დიალოგს წააგავდა, ცოტაც და კამათში შემოვიდოდა კონკრეტული თემა, თემა მარადიული – ადამიანი და მისი დანიშნულება ცხოვრებაში. პატარა შესვენების შემდეგ ისევ გაგრძელდა რეპეტიცია.

არაჩვეულებრივი რბილი ტონით დაიწყო კრეონტის ტექსტი ბატონმა სერგომ. ასეთი ტონი შეიძლება მხოლოდ მშობელს, ან ყოვლად ბრძენს ჰქონდეს თავისი შვილის, ან თავისი შეგირდის დაუშვებელი, მაგრამ მაინც სწორი და მართებული საქციელის გამო, მისი პირველი და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების გამო. ამით ბატონმა სერგომ ბევრი რამ მითხრა, ბევრ სასიკეთოზე მიმანიშნა. აი, თურმე რატომ დუმდა და, რატომ გამიყვანა მე ბრძოლის წინა ხაზზე მარტო, ამის საშუალება როგორც კი შეიქნა. ეს იყო გამოცდა, მსახიობური ალღოს შემოწმება: შემეძლო თუ არა გაუთვალისწინებელ ვითარებაში სათანადო რეაქციის გამოხატვა და ელვის სისწრაფით მისი გამოყენება. მივხვდი, რომ ბატონმა სერგომ ამით გამოცდა ჩაიბარა და, მგონი, ნიშანიც კარგი დამიწერა. ამან, რა თქმა უნდა, ფრთები შემასხა, რწმენა შემმატა და მთელი შეგრძნებით ჩავები დიალოგში. მე ხომ სწორედ ეს მაკლდა –  დამოუკიდებლობა, რადგან თვითკონტროლმა ხასიათი წამიხდინა და გაუბედაობა დამიმკვიდრა.

მიუხედავად მთელი რიგი სირთულისა, რასაც ბევრი უსიამოვნება მოჰყვა, ის დღე მაინც იდეალურ შემთხვევად ჩამრჩა მეხსიერებაში.

როგორც კი მოვაგროვე „სულიერი ფასეულობანი“ ჩემი, ცოტა დავწყნარდი, რადგან მივხვდი, რომ უკვე შემეძლო შევჭიდებოდი დიდზე დიდ საქმეს, მოქალაქეობრივი პოზციის გამოკვეთას და დაცვას. დაიცვა შენი აზრი, დაუპირისპირდე უზნეობას, სიყალბეს, თუნდაც სიცოცხლე გაიღო ამისთვის – განა პატარა საქმეა?! ეს ზნეობრივი თვისებების გამოვლენაა, პიროვნების წარმოჩენა. ეს დიდი საქმე, რომელსაც ახლა ანტიგონეს დახმარებით უნდა შევჭიდებოდი, ჩემი დიდი ხნის სურვლი იყო, ფარული ოცნება – იდეა-ფიქსი.

ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა დავრწმუნდი, რომ უკვე შემეძლო საკუთარი თავის მართვა, როცა შემეძლო, პირდაპირ შემეხედა კრეონტისთვის თვალებში და მეთქვა ისე, როგორც იმ მაჟორულ ქალბატონს ვუთხარი: რომ სიყალბე არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება სიკეთის საფუძველი; რომ პატივმოყვარეობა თავმოყვარეობის ლახვარია; რომ შური, შენიღბული ცბიერებითა და ცინიზმით, მომაკვდინებელი ბანგია და სხვა არაფერი“. ეს არის ერთი პატარა ეპიზოდი ზინა კვერენჩხილაძის წიგნიდან „ჩემი ანტიგონე“, სადაც ავტორი მაღალი ოსტატობით, დახვეწილი ქართულითა და უდიდესი მონატრების გრძნობით აღწერს ჟან ანუის „ანტიგონეზე“ მუშაობის ურთულეს პროცესს, როგორც თავად ამბობდა, მკითხველის სამსჯავროზე გამოაქვს ის, რაც მთელი ცხოვრება ფეხდაფეხ სდევდა, ვით ბედი მდევარი: „ბედი აღმაფრენისა და ბედი განხილვისა, რომლის გარეშე თითქმის არაფერი ხდება მზის ქვეშეთში, რადგან ისაა მუდმივი თანამგზავრი ყოვლისა ცხოველმყოფელისა და მით უფრო შემოქმედისა“.

ანტიგონეს ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედების მწვერვალს უწოდებენ კრიტიკოსები. თავად მსახიობიც ყოველწუთს ეფერებოდა, ელოლიავებოდა საყვარელ გმირს: „მიჭირს თუ მილხინს, შინ თუ გარეთ – ყველგან ჩემთან არის. ველაპარაკები, მონატრებული სიყვარულითა და სინაზით, რადგან დღესაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო, გადასაწყვეტი“.

შემოქმედისა და მის მიერ განსახიერებული გმირის ერთარსებობას შესანიშნავად გამოხატავს ბატონი გიზო ზარნაძის სიტყვები: „ანტიგონე ხომ იგივე ზინაა, ოღონდ სცენის ჩარჩოებში მოქცეული! ზინაც ხომ ისეთივე ზნემაღალი, შეუპოვარი და თავშეწირულია, როგორც მისი გმირი! საოცარია ფრიად, თითქოს ანუიმ სწორედ ზინას თარგზე მოჭრა ანტიგონეს სახე!“

მოხუცი ჯამბაზები

ქალბატონი ზინა სიცოცხლის ბოლო პერიოდამდე სცენაზე იდგა. ის, რაც რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მოხუცი ვარსკვლავებისთვის (თუ შეიძლება ასე ითქვას) გააკეთა, ალბათ, მთელი ცხოვრება ეყოფა საამაყოდ, ამ მსახიობების ლოცვა და მადლიერება კი გზას გაუნათებს. გოჩა კაპანაძემ ორჯერ შეკრიბა მოხუცი ვარსკვლავები თავის სპექტაკლში და ამით მათი გულიც მოიგო და მაყურებლისაც. პირველი სპექტაკლი ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი „მოხუცი ჯამბაზებია“, მეორე კი – „მზის დაბნელება საქართველოში“, რომელიც ზურაბ ანტონოვის პიესის მიხედვით არის დადგმული და სადაც ქალბატონი ზინა მაკრინეს როლს თამაშობდა.

როგორც ბატონი გოჩა იხსენებს, ეშინოდა კიდეც ასეთ უდიდეს მსახიობებთან მუშაობისა, უფრო სწორად, ეს უფრო მორიდება იყო. ქალბატონი ზინა ძლივს დაითანხმა როლზე, რომელიც ლამის გარბოდა ხოლმე რეპეტიციიდან უწმაწური სიტყვების გაგონებისას.

„ყველას მიაჩნდა, რომ ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ ყველაზე დიდი ტრაგიკოსი ქართულ სცენაზე ზინა კვერენჩხილაზე იყო. სპექტაკლში იგი (მის გმირს თამარი ერქვა) უფრო ექსცენტრიკული, უფრო მეტად ქალური, სექსუალური ადამიანი იყო, ქალი, რომელმაც ეპოქა შექმნა ოპერაში, მაგრამ ამ დროს ყველაფერ ამას ზემოდან უყურებს… მონოლოგში ერთგვარი ცინიზმითა და თვითირონიით საუბრობდა… ქალბატონი ზინასგან ამას არავინ ელოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ჩვეულებისამებრ, ის იქნებოდა ძალიან ტრაგიკული, მაგრამ ჩვენ ამ ამპლუას გავექეცით და ქალბატონი ზინა სულ სხვა კუთხით გაიხსნა ამ სპექტაკლში.

ცუდ სიტყვებსა და ბილწსიტყვაობას ვერ იტანდა. არადა, ბატონი გურამ საღარაძე ხშირად აბრაზებდა. ბატონ გურამს, ჯემალ ღაღანიძეს და კახი კავსაძეს კარგად ჰქონდათ დაჭერილი ეს მომენტი და შესვენებისას ზინას გასაგონად ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდნენ ხოლმე უწმაწური სიტყვებით. ვერ წარმოიდგენთ, ქალბატონ ზინას ამაზე როგორი საშინელი რეაქცია ჰქონდა, -გაუთავებლად ჩხუბობდნენ, იუდა ისკარიოტელებს ეძახდა მათ და ებუტებოდა. მერე ისინი სულ უკან დასდევდნენ ზინას, რომ როგორმე შემოერიგებინათ. შერიგდებოდნენ და მერე ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. რაღაც საშინელებას ეტყოდნენ და ლამის გიჟს გავდა ქალბატონი ზინა, მათი გადამკიდე (იცინის)… სხვათა შორის, სამივე ჰყავს ნაცემ-ნატყეპი. ძალიან მაგარი ხელი ჰქონდა და ეშინოდათ მისი ხელის, მით უმეტეს, რომ თავის დროზე ამ უწმაწური სიტყვების გამო კახი კავსაძეს ფეხი მოსტეხა. ქალბატონი ზინა ყოფილი სპორტსმენი იყო, საქართველოს ჩემპიონი ფარიკაობაში და მტრისას, ვისაც მისი ხელი მოხვდებოდა. ერთხელ კახი უწმაწურ ანეკდოტს ჰყვებოდა, ზინამ გააფრთხილა, ჩემი თანდასწრებით ცუდი სიტყვები არ ახსენოო, ამაზე შეჰყვნენ: გაიქცა ბატონი კახი, ზინა გაეკიდა, უცებ კახიმ წაიქცა და ფეხი მოიტეხა. უნდა მოისმინოთ ამას თავად ბატონი კახი როგორ ჰყვება: რომ წავიქეცი, ზინა ისეთი თვალებით მადგა ზემოდან, რომ ვიყვირე, არ მომკლა, არ მომკლა-მეთქი. მერე მთელი ორი თვე ხაშითა და არყით ხელში კახისთან სახლში დადიოდა ქალბატონი ზინა. კახიმ, ცხადია, ისარგებლა თავისი მდგომარეობით და მშვენივრად შეიფერა“.

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეც, რომელიც ხშირად ესწრებოდა „მოხუცი ჯამბაზების“  რეპეტიციებს, თითქმის იმავეს ჰყვება: „ზინა კვერენჩხილაძე – ქართული სიტყვის ოსტატი. როგორ შეძლებოდა მისი თანდასწრებით რაიმე უხეში ან არაქართული სიტყვა გეხსენებნა. გურამ საღარაძე და კახი კავსაძე კი, თუ სადმე რამე სიტყვა იყო „ტყ“, „ჭყ“ და ასეთი მჟღერი ბგერებით გაძეძგილი, ყველაფერს ქალბატონი ზინას თანდასწრებით ამბობდნენ. ზინა წამოხტებოდა, გაიქცეოდა, ბატონი გურამი ჩაუკეტავდა სარეპეტიციოს კარს, გასაღებს გულს ჯიბეში ჩაიდებდა და ეუბნებოდა, თუ გასაღები გჭირდება, ჩაყავი ხელი და ამოიღეო. მთელი ამბები იყო. იცი, როგორ მშურდა?! გეფიცებით ყველაფერს, ჩემი არცერთი სამეგობრო წრე, „სასტავს“ რომ ვეძახით, ისე არ ერთობა და დროს ისე არ ატარებდა, როგორც ეს ადამიანები“.

წლებია კოლეგები და თაყვანისმცემლები უკვე დიდი გულისტკივილით იხსენებენ ამ საოცრად მიზანდასახულ, საოცარი სითბოთი და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ მსახიობს.

***

მხატვრული კითხვა მისი შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო იყო. ზინა ასევე მხატვრული კითხვის უდიდეს ოსტატად ჩამოყალიბდა. ძნელად თუ მოიძებნება მსახიობი საქართველოში, მხატვრულ კითხვაში მას რომ გასტოლებოდა.

ზინა კვერენჩხილაძე ქართული ლიტერატურის პოპულარიზატორიც იყო. მსახიობი უდიდეს ეროვნულ საქმეს ემსახურებოდა – ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს კითხულობდა სცენიდან. ყოველთვის ქართული სული მეფობდა სცენაზე, როცა იქ ზინა კვერენჩხილაძე იდგა. ქართული და მართალი სული…

თამარ ოთიაშვილ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close