ჯანმრთელობარჩევები

კუნელი – სამკურნალო მცენარე, რომელიც აძლიერებს გულს, ამშვიდებს ნერვებს და გვიცავს ბოროტი ენერგიისგან

კუნელი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და მრავალფუნქციური მცენარეა ბუნებაში. ის 200–300 წელს ცოცხლობს და საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა ჯანმრთელობისა და ბოროტი ძალებისგან დაცვის სიმბოლოდ. ძველ საბერძნეთში კუნელის ტოტებს სახლის კართან კიდებდნენ, რათა ავი სულები არ შესულიყვნენ, ხოლო ქალიშვილები გათხოვების წინ მისგან გვირგვინებს ამზადებდნენ – როგორც ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოს.

დღეს კუნელი ცნობილია, როგორც ძლიერი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ბუნებრივი კარდიოტონიკის სახელით მოიხსენიებენ. მისი ნაყოფი, ყვავილები და ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ გულს, აწყნარებენ ნერვულ სისტემას და წმენდენ ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან.

კუნელი ეკლიანი ბუჩქია ვარდისებრთა ოჯახიდან (Rosaceae). მსოფლიოში მისი დაახლოებით 200–1000 (სხვადასხვა მონაცემის თანახმად) სახეობაა ცნობილი, ხოლო საქართველოში ცხრა სახეობა იზრდება, მათ შორის, კავკასიური და კოლხური – ორივე უნიკალური ენდემია.

ქართველ ხალხში კუნელს სხვადასხვა სახელით იცნობენ: სკუნელი, კვინელი, კუნელა, კურკანტელა, ლიცვი, ქუნცი, ხინჭკი, ცაანცი… ასეთი მრავალსახეობა და მდგრადობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მყარად არის ეს მცენარე ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში.


კუნელის მაგიური ძალა და ისტორია

კუნელს ოდითგანვე მიიჩნევდნენ მცენარედ, რომელიც ბოროტი ძალებისგან იცავდა ადამიანს. მისი ეკლები სიმბოლურად ასოცირდებოდა დაცვასა და სიწმინდესთან. რომაელები კუნელის ტოტებს ჩვილების აკვანში დებდნენ – ავი სულებისგან დაცვის მიზნით, ხოლო პეტრე პირველის მეფობისას რუსეთში კუნელი ოფიციალურად აღიარეს სამკურნალო საშუალებად და მისი შეგროვება გლეხებისთვის სავალდებულოც კი გახდა.

მეცნიერების განვითარებამ მოგვცა ის ცოდნა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ინტუიციით და გამოცდილებით ფლობდნენ: კუნელი მართლაც უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

ბუნებრივი შემადგენლობა, რომელიც გულს აძლიერებს

კუნელის ნაყოფი, ფოთლები და ყვავილები მდიდარია ბიოფლავონოიდებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, კვერციტინით, პექტინით, ვიტექსინით, ორგანული მჟავებითა და ფრუქტოზით.

იგი შეიცავს მნიშვნელოვან ვიტამინებს – β–კაროტინს (პროვიტამინი A), C, E და K-ს, აგრეთვე, მიკროელემენტებს: კალიუმს, თუთიას, რკინას, მანგანუმსა და მაგნიუმს.

ეს ბუნებრივი კომპონენტები აძლიერებენ გულის კუნთს, ამცირებენ არტერიულ წნევას, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ამშვიდებენ ნერვულ სისტემას.

კუნელი, როგორც ბუნებრივი მედიცინის გამორჩეული „წარმომადგენელი“

კუნელი ეფექტიანია მრავალი დაავადების დროს, მათ შორისაა:

  • გულის არითმია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, ათეროსკლეროზი;

  • არტერიული ჰიპერტენზია – განსაკუთრებით კარგია კუნელის ყვავილების ჩაი;

  • ნერვული გადაღლილობა, სტრესი, უძილობა;

  • საჭმლის მომნელებელი პრობლემები: გასტრიტი, ეზოფაგიტი, კუჭის წყლული;

  • თირკმლის და ღვიძლის პათოლოგიები;

  • რევმატიზმი, სახსრების ტკივილი, იშიასი, ლუმბაგო;

  • შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი;

  • ქალებში – ციკლის დარღვევები და კლიმაქსის პერიოდის ნევროზები (განსაკუთრებით კარგია შავი კუნელი).

კუნელი ასევე აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და მეხსიერების გაუმჯობესებას, ამიტომ რეკომენდებულია ხანდაზმულთათვისაც.

მიღების წესები და გაფრთხილებები

მცენარე უსაფრთხოა, თუმცა ზომიერად უნდა მიიღოთ. არ არის რეკომენდებული ჰიპოტონიის მქონე ადამიანებისთვის, რადგან შეუძლია წნევის დაქვეითება. დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან მსუბუქი მოწამვლა, განსაკუთრებით უზმოზე მიღებისას.

მცენარის გამოყენების უკუჩვენებაა ინდივიდუალური აუტანლობა.

ნაყენის მარტივი რეცეპტი:

1 სუფრის კოვზი გამხმარი კუნელის ნაყოფი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, თავი ჰერმეტულად დაახურეთ და გააჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსია 2 კვირა.  შეგიძლიათ დაისვენოთ 2 კვირა და შემდეგ გაიმეოროთ.

***

კუნელი უნიკალური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ერთ მცენარეში იყოს შერწყმული ისტორია, ენერგეტიკა და სამკურნალო ძალა. ის დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად და სიმშვიდისა და სიცოცხლის სიმბოლოდ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close