საზოგადოებასაქართველო

მაგიური პოეზია – შელოცვები სხვადასხვა პრობლემის დროს

გთავაზობთ მაგიური პოეზიის რამდენიმე ნიმუშს, უფრო კონკრეტრულად კი – იმ შელოცვების ტექსტებს, რომელთაც თავის დროზე ხშირად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები და, რომლებიც, უმრავლეს შემთხვევაში მართლაც დიდ ზეგავლენას ახდენდა ავადმყოფზე. სნეული და მათი პატრონები გაჭირვების ჟამს მუხლს მოიყრიდნენ ხოლმე შემლოცველების წინაშე, რომლებიც თავიანთი მაგიური სიტყვებით თითქმის ყველა სახის, უფრო ხშირად კი ფსიქონერვულ დაავადებებს მკურნალობდნენ. შემლოცველები, როგორც იტყვიან, ამით „ჭამდნენ პურს“ და ალბათ ამიტომაც, დიდი ხალისით არ ასწავლიდნენ სხვებს მკურნალობის საიდუმლოებებს – ლოცვის ტექსტებსა და მათი შესრულების წესებს. უფრო მეტიც, ლოცვის დროს გაურკვევლად წარმოთქვამდნენ ხოლმე ისედაც ქარაგმულ სიტყვებს, რათა სხვებს ვერ გაეგოთ, არ ჩასწვდომოდნენ მათ აზრს და ამით მოცილე არ გასჩენოდათ, მათი ხელობის მაზანდა არ დაცემულიყო.  ფანქარმომარჯვებული ფოლკლორისტების დანახვაზე შემლოცველები კიდევ უფრო სიტყვაძუნწები ხდებოდნენ. სწორედ ამიტომ შელოცვების, ანუ მაგიური პოეზიის ნიმუშები არცთუ ბევრია ჩაწერილი, თუმცა რაც შემორჩენილია, მათი უნიკალურობა, პრაქტიკულად, არაერთხელ დადასტურებულა.

შეშინებულის შელოცვა

ცნობილი ფაქტია, რომ შეშინება გარკვეული სახის ფსიქო-ნერვულ დაავადებებს იწვევს. შიშის მიზეზი, შეიძლება იყოს ავი სული, ასევე ადამიანი-როგორც უცხო, ისე შინაური, თვით მშობლებიც კი. ეს დაავადებები უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება და შელოცვით იკურნება.

შეშინებულის შელოცვისას აუცილებელია: დანა, ნახშირი და წყალი. შემლოცველი ჩურჩულით წარმოთქვამს ლოცვას და დროდადრო პირჯვარს გარდასახავს ავადმყოფს. ლოცვის დასრულების შემდეგ კი ნახშირს წყალში ჩააგდებს, დანას კი ავადმყოფს ბალიშის ქვეშ ამოუდებს.

ლოცვის ტექსტი ასეთია:

„ქიტესას შეშინებია,

გულო, გულო ალაგასა,

გულო, ჩაჯექ ბუდესა,

გულო, ნუ გეშინიან,

ვინ შეგაშინა?

დედამ შეგაშინა?

მამამ შეგაშინა?

ავმა სულმა შეგაშინა?

კარგმა სულმა შეგაშინა?

წმინდა გიორგიმ შეაჩვენოს

შენი შემშინებელი.

ლოცვა – ჩემი,

გაჭრა – ღვთისა.

მე – მლოცველი,

ქრისტე – მარგებელი.

ღმერთო, შენ დაწერე შენი წყალობის ჯვარი!“

არსებობს, აგრეთვე, შეშინებულის შელოცვის ასეთი ვარიანტიც:

„ახალ სახელო ღვთისითა

მამისა და ძისითა,

დედამ შეგაშინა?

შინაურმა შეგაშინა?

გარეულმა შეგაშინა?

ავმა ქალმა შეგაშინა?

კაცის ელდამ შეგაშინა?

დარტყმამ შეგაშინა?

რამ შეგაშინა?

ღმერთმა დაგარჩინა!

ჩიტი იჯდა ქანდარასა,

ქათამი – საბუდარასა,

გულო, ჩაჯექ ალაგასა,

გულის ანაჭერასა,

გულო, ჩაჯექ ალაგასა,

გულო, გააღე გულის კარი,

გული დადგეს ალაგასა,

ლოცვა – ჩემი, რგება – ღვთისა,

წმინდა გიორგი, შენ უშველე (სახელი).

შელოცვა შეიძლება, აგრეთვე, ავადმყოფის ნაცვამ ტანსაცმელზე და, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს, თუ ეს ხდება კვირაძალზე.

შაკიკის შელოცვა

შაკიკი (საკიკსაც უწოდებენ) თავის ტკივილია. ავადმყოფს შუბლის არეში სტკივა თავის ნახევარი. ტკივილი ძალიან მწვავე და ხანგრძლივია. მის სამკურნალოდ ძველთაგან ლოცვას იყენებდნენ. ლოცვის ზოგ ვარიანტში არაპირდაპირი სიმბოლოებია გამოყენებული. მაგალითად, მთხრობელის განმარტებით, ლოცვის ტექსტში მოხსენებული „სათიბი“ თმას გულისხმობს, „სათიბის ბოლო“ – მთლიანად შუბლს, ხოლო „რკინა“ -შუბლის ძვალს.

შემლოცველი ლოცვის წარმოთქმის დროს ხელში შავ კოჭის ძაფს ატრიალებს. შელოცვის შემდეგ ამ ძაფს სამჯერ შემოახვევს კაკლის ხეს და წარმოთქვამს: „ვინც დილის მზე პირველად დაინახოს, თავის ტკივილიც იმისი იყვეს~. ნათქვამში იგულისხმება, რომ ავადმყოფზე ადრე მზეს აუცილებლად ხე დაინახავს და თავის ტკივილიც მასზე „გადავა“.

ზოგ შემთხვევაში კი შემლოცველს ლოცვისას ხელში ნახშირი ეჭირა და ლურჯ ქსოვილზე ან ქაღალდზე ხაზებს ავლებდა. ლოცვის დამთავრების შემდეგ ამ ქაღალდს ან ქსოვილს ავადმყოფს შუბლზე გააკრავდა.

  1. შაკიკი შემოჩვეულა

შაკიკი შემოჩვეულა

სათიბისა ბოლოსა,

ისე ამტვრევს რკინასა,

როგორც ხარი – თივასა.

წმიდა გიორგიმ დასწყევლოს,

გაპარულა დილასა,

ლოცვა – ჩემი,

გაჭრა – ღვთისა.

  1. ისევ შაკიკის შელოცვა

ლოცვის დროს თან ლურჯ ქაღალდზე ვწერთ. შემდეგ ამ ქაღალდს ავადმყოფს მტკივან მხარეს დავადებთ და შევუხვევთ.

„შაკიკი შემოპარულა

ჩვენი ბარის ბოლოსა,

ისე კვნეტდა რკინასა,

როგორც ხარი – თივასა.

წმიდა გიორგიმ დასწყევლოს,

გაპარულა დილასა.

ღმერთო, შენ დასწერე

შენი წყალობის ჯვარი.

ლოცვა – ჩემი,

გაჭრა – ღვთისა“.

ნაღრძობის შელოცვა

ტარსა რასმე გასთლიან, ნაღრძობზე აგორებენ და თან ლოცვას იტყვიან:

„მწვანე მინდორში

მწვანე ხე იყო,

მწვანე ჩიტმა

მწვანე ბუდეში

მწვანე კვერცხები დადო,

უმუხლოდ ავედი,

უფეხოდ ჩამოვედი,

კვერცხი გორავს

ნაღრძობი იხსნება“.

სურდოს შელოცვა

როგორც უნდა გაგიკვირდეთ, შელოცვით სურდოსაც მკურნალობდნენ. ავადმყოფს ულოცავდნენ სახლში ან „უმძრახზე“ (უბრად, ვინმეს დაულაპარაკებლად) გამდინარე წყალთან შელოცვით. ლოცვის წარმოთქმის დროს ავადმყოფს პირს დაბანდნენ და სურდოს წყალს გადაულოცავდნენ – თან გაატანდნენ:

„სურდო მეწვია ხადილათა,

რა მივართვა სადილათა?!

აკანია, ბაკანია,

თაგვის ერთი ბარკალია,

უმზაფარი რისაო,

შაშხი თხუნელისაო.

შევკარ, შევაპაჭიწე,

შავ ძაღლს გადავეკიდე,

ძაღლი რუზედ გადახტა,

სურდო წყალში ჩავარდა“.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

მასალის მომზადებისას გამოყენებულია „ნამცვრევი“ ქართლში შეკრებილი პოეზიის ნიმუშები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close