საბერძნეთში ციხიდან გაათავისუფლეს ტერორისტი, რომელმაც ათენის ახლანდელი მერის მამა მოკლა
საბერძნეთში ციხიდან გამოუშვეს ტერორისტული ორგანიზაცია „17 ნოემბრის“ წევრი ირაკლის კოსტარისი, რომელმაც ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი პავლოს ბაკოიანისი მოკლა და რომელსაც სამუდამო პატიმრობა და 23 წელი ციხე ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ „პროტო თემა“ იუწყება.
პავლოს ბაკოიანისი დაქორწინებული იყო დორა ბაკოიანისზე, ყოფილი პრემიერის – კონსტანტინე მიცოტაკისის ქალიშვილზე. მათი შვილი – კოსტას ბაკოიანისი ამჟამად ათენის მერია. დორა ბაკოიანისი, როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, საბერძნეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის – კირიაკოს მიცოტაკისის დაა. იგი 1992-1993 წლებში საბერძნეთის კულტურის მინისტრი იყო, 2003-2006 წლებში – ათენის მერი (სხვათა შორის, დედაქალაქის პირველი ქალი მერი), 2006-2009 წლებში კი – საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
პავლოს ბაკოიანისი 1989 წლის 26 სექტემბერს ულტრამემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია „17 ნოემბრის“ მსხვერპლი გახდა – იგი ათენის ცენტრში მდებარე თავისი ოფისის წინ ჩაცხრილეს.
მისი მკვლელი, მეტსახელებით „ჰარისი“ და „ტაკისი“, 2002 წელს დააკავეს და სამუდამო პატიმრობა და 23 წელი ციხე მიუსაჯეს.
კანონის თანახმად, სამუდამო პატიმრობამისჯილებს გათავისუფლების უფლება აქვთ 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ.
ბოლო წლებში კოსტარისი სარგებლობდა კანონით გათვალისწინებული 5-დღიანი თავისუფლებით, აგრეთვე, სასწავლო შვებულებებით, რადგან ინფორმატიკას სწავლობდა.
იგი 29 ივლისს გაათავისუფლეს გარკვეული პირობებით. როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელია, რომ გათავისუფლებაზე შუამდგომლობას „17 ნოემბრის“ ყველა წევრი შეიტანს, რომლებიც კორიდალოსის ციხეში რჩებიან, ხრისტოდულოს ქსიროსის გამოკლებით. ეს უკანასკნელი შვებულების შემდეგ ციხეში არ დაბრუნდა და რამდენიმე თვეში ისევ დააკავეს.
საინტერესოა, რომ ორგანიზაციის მეთაურს და მთავარ ჯალათს დიმიტრის კუფოდინასს 11 სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. გადამდგარ პროფესორს ალექსანდროს იოტოპულოსს, რომელიც „17 ნოემბრის“ ორგანიზატორად და ერთ-ერთ მეთაურად ითვლება, 25 სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა შეუმცირა 17 სამუდამო პატიმრობამდე და 25-წლიან ციხემდე. სავას ქსიროსს 5 სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, პლუს 25-წლიანი ციხე – 5 მკვლელობაში, ძარცვებში, აფეთქებებში მონაწილეობისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის. მას ხელში ბომბი აუფეთქდა, რამაც საშუალება მისცა გამოძიებას, ორგანიზაციის კვალზე გასულიყო და მისი ყველა წევრი დაეკავებინა.
რევოლუციური ორგანიზაცია „17 ნოემბერი“ საბერძნეთში 1975-2002 წლებში მოქმედებდა. მის ანგარიშზეა აფეთქებები, ძარცვები, 23 ადამიანის – ამერიკელი, ბრიტანელი და თურქი დიპლომატებისა და სამხედროების, ბერძენი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მკვლელობა. ამ საქმეებზე სასამართლომ 14 ადამიანს მიუსაჯა პატიმრობა.
აშშ-ში ორგანიზაცია „17 ნოემბერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში 1997 წლიდან არის შეტანილი და დღემდე არ ამოუღიათ, მიუხედავად საბერძნეთის მთავრობის მტკიცებისა, რომ ორგანიზაცია ლიკვიდირებულია. ორგანიზაციის წევრების ნაწილი ციხიდან უკვე გათავისუფლდა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები