საქართველო

საქართველოში აღმოაჩინეს გამქრალი გენი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში

მეცნიერებმა გაშიფრეს საქართველოში აღმოჩენილი 25000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანის დნმ გაიშიფრა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიისა და ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგების ამსახველი სტატია გამოქვეყნდა წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Current Biology.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ანალიზით დამტკიცდა, რომ აღმოჩენილი ნიმუში (SAT29) წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.

შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა ნიმუში შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილ, ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ ასევე, გამოავლინა, სავარაუდოდ, გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი და ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა.

კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალის ანალიზის შედეგებს.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, უძველესი დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ან სრულად ქრება, ან მისი გაშიფვრა რთულია, თუმცა მღვიმის მშრალი და ცივი კლიმატი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის შესანარჩუნებლად. მეცნიერთა ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი (shotgun) და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა. ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის, ჩონჩხის არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close