ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე
დაწესდება თუ არა საქართველოში შეზღუდვები გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს და საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის ერთ-ერთი „მთავარი მოცემულობაა“.
„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონს ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს რეკომენდაციებით, რომელიც მათ შორის გულისხმობს გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესებას. განკარგულებაში შევა შესაბამისი ცვლილებები პირბადის გამოყენებაზე ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება. ამ მიმართულებით საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს.
„საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა იქნება რიგი გამკაცრებები. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცებეშიც აღარ ხდება…“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ გაუარესდება, საკოორდინაციო საბჭოს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციითაც მიმართავენ.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის უფრო რადიკალურია, ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის, ერთი მხრივ, იმუნიზაციის და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად ინტენსიფიცირება, მეტი აქტიურობა, რომ ავიცრათ, მორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესება, მაგრამ, ამავე დროს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, მაშინ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 880, გარდაიცვალა 26 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,19%, ბოლო 14 დღის – 4,77%, ბოლო შვიდი დღის – 5,24%.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 390 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 367 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 592 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს: ამ დროისთვის აცრილია 368 179 ადამიანი. დღიურად ტარდება 11 000-ზე მეტი აცრა, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, საჭიროა დღიურად 20 000 აცრა ტარდებოდეს, შედეგად 2-3 თვეში 1,5 მლნ ადამიანი იქნება აცრილი.
ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია ტარდება „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ პრეპარატებით. „მოდერნას“ შემოტანაზე საქართველომ უარი თქვა ობიექტური მიზეზების გამო.
შეგახსენებთ, რომ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა ვაქცინა საქართველოში უკვე შემოვიდა. მთავრობის განცხადებით, დაიწყო „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდებაც, რომელიც ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. ამას გარდა, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა აჩუქა, რომელიც, ღარიბაშვილის თქმით, უახლოეს კვირებში შემოვა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები