ეკა კვესტაძე: „ვერ ვურიგდები იმ აზრს, რომ ჩემი პატარა, რომელიც ოთხი წლის დავტოვე, უჩემოდ იზრდება“
სამი შვილის დედა ეკა კვესტაძე ექვსი წელია სამშობლოდან შორს, იტალიაში იმყოფება. ნაბოლარა, სესილი 4 წლისა დატოვა და ეს ფაქტი დღემდე აწუხებს. ამბობს, რომ იმ თაობას მიეკუთვნება, რომლის მხრებზეც გადაიარა 90-იანი წლების სახელმწიფოებრივმა ნგრევამ და მასთან დაკავშირებულმა უამრავმა პრობლემამ, სამოქალაქო ომებმა, გაურკვევლობამ, სიდუხჭირემ… გადარჩენისა და თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლის, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო და 2015 წლამდე არ დატოვა შვილები, თუმცა საბოლოოდ ემიგრანტობის გზას მაინც ვერ ასცდა… პროფესიით ფსიქოლოგს, საქართველოში არ მიეცა საშუალება, ოჯახი და საყვარელი საქმე ერთმანეთისთვის შეეთავსებინა, თუმცა პროფესია უცხო გარემოსთან ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა.
იგი ჩვენთან საუბარში ისე ემოციურად და გულახდილად იხსენებს ემიგრაციის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებსა, თუ შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომ შეუძლებელია თავადაც არ განიცადო…
ქალბატონი ეკა კვესტაძის ამბავი ერთი საინტერესო ფურცელია იმ ფურცელთაგან, რომლებითაც ჩვენი სამშობლოს თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვანი თავი – ემიგრაციის მატიანე იკინძება.
ქალბატონო ეკა, ჩვენი თანამემამულეების მიერ ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზი სამშობლოში თვითრეალიზების, უმუშევრობის პრობლემა იყო და არის. თქვენც ამავე მიზეზით აღმოჩნდით იტალიაში, თუ ფსიქოლოგ ქალბატონს სხვა მიზანი გამოძრავებდათ და სურვილი აისრულეთ? მოგვყევით თქვენ შესახებ, გაიხსენეთ მომენტი, როცა გაიაზრეთ, რომ მშობლიური ქვეყანა უნდა დაგეტოვებინათ…
დიახ, სამწუხაროდ, ჩემი სამშობლოსა და ოჯახის დატოვების მიზეზი არსებული სოციალური მდგომარეობა იყო. მე იმ თაობას მივეკუთვნები, ვის მხრებზეც გადაიარა 90-იანი წლების სახელმწიფოებრივმა ნგრევამ და მასთან დაკავშირებულმა უამრავმა პრობლემამ, სამოქალაქო ომებმა, გაურკვევლობამ, სიდუხჭირემ… ამიტომაც მას შემდეგ, დღის წესრიგშია ბრძოლა თავის გადარჩენისა და დამკვიდრებისათვის. წლებია უკვე ჩვენი არაერთი თანამემამულე ტოვებს ქვეყანას და, რომ იტყვიან, ბედის საძებნელად უცხოეთში მიდის. სამწუხაროდ, მეც მათ შორის ვარ. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, შევძელი და 2015 წლამდე არ დამიტოვებია ჩემი შვილები, მაგრამ საერთო ბედისწერას მაინც ვერ ავცდი…
როგორი იყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრების დასაწყისი, რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ პირველ ეტაპზე?
მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვყოფილვარ – იტალიაში მეუღლემ ჩამომაცილა – პირველი დღეების სიმძაფრემ მაინც ჩემს თავზე გადაიარა. შეუძლებელია იმ განცდის დავიწყება. ჩემი პირველი ნაბიჯები უცხო ქვეყანაში ძალიან მაგონებს სცენას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან, როცა ციხეში ახალი ბრალდებული შეყავთ და ყველას ყურადღება მისკენაა მიმართული. ასე იყო იმ საღამოსაც, ექვსი წლის წინათ, ოთახში, სადაც 8-10 ქალი დამხვდა. არასოდეს დამავიწყდება მათი სასოწარკვეთილი, ტკივილით სავსე, შეშინებული გამოხედვა კიდევ ერთი კონკურენტის დანახვისას. ისეთი ცივი იყო მათი სახეები, ისეთი ცივი, რომ უცებ ფიქრობ, გაქრე ამ სამყაროდან…
რაღაც ახალი, ამოუცნობი განცდა გეუფლება. ერთდროულად ორი განწყობა მოდის წინააღმდეგობაში – გინდა, გაიქცე და თან არც გინდა, ის იმედები დაამსხვრიო, რომლებიც ზურგზე წამოიკიდე, რაც ატირებული ოჯახის წევრებისგან მოგყვება და ფიქრობ, რომ არ გაქვს დანებების უფლება, რადგან 4 წლის ბავშვს 18 წლის გოგოს უტოვებ, რომელიც მთელი რიგი პრობლემისა და პასუხისმგებლობის თანაზიარი ხდება. ვერ დავუშვებდი, ჩემი მარიამის თვალებში უიმედობას გაემარჯვა, ამიტომაც გადავლახე ყველა ის პრობლემა და დაბრკოლება, რომელიც ამ დროის განმავლობაში ვიწვნიე ჩემს თავზე.
მარიამი თქვენი ქალიშვილია ალბათ… რამდენი შვილი გყავთ?
სამი არაჩვეულებრივი შვილის დედა ვარ: თორნიკე 25 წლისაა, მარიამი – 24-ის, სესილი კი, რომლის დატოვებაც 4 წლის ასაკში მომიხდა, 9-ის (რობაქიძეები – თ. ო). რომ არა მათი ძლიერი ხასიათი და მხარდაჭერა, მე უფრო მეტად გამიჭირდებოდა ემიგრაციის ისედაც რთული გზის გავლა. შვილები ყველაზე დიდი საგანძურია, რაც შეიძლება ცხოვრებისგან გერგოს ადამიანს.
ამჟამად სად ხართ და თქვენი პროფესია თუ გეხმარებათ რაიმეში უცხოეთში ყოფნისას?
ამჟამად ვმუშაობ ფლორენციასთან ახლოს, ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებიც ძალიან მომეჩვივნენ და ცდილობენ, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში არ მაწყენინონ, შესაბამისად, მეც ვემადლიერები.
პროფესია გარკვეულწილად მეხმარება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა სიტუაციაში, ყველგან, ჯერ ხარ ადამიანი და პროფესია შემდეგ იძენს გადამწყვეტ როლს. ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა ადამიანის შინაგანი სამყარო ემზადება ამა თუ იმ პროფესიის დასაუფლებლად და დანაშაულად მიმაჩნია, როცა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით შვილები იძულებულნი არიან, აირჩიონ მათ მიერ ნაკარნახევი სპეციალობა თუ პროფესია.
ვფიქრობ, სწორედ არშემდგარ პროფესიონალიზმს მოჰყვება სახელმწიფოებრივი ნგრევა.
მე ამ მხრივ სრული თავისუფლება მქონდა და, საერთოდაც, იმ დროისთვის წარმოუდგენლად ლაღ გარემოში გავიზარდე, თუმცა ოჯახი სტუდენტობისას შევქმენი, მალევე შემეძინა ორი შვილი (24 წლისას უკვე მყავდა თორნიკე და მარიამი, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ) და იმ პერიოდისთვის არ იყო ადვილი, ოჯახისთვის შემეთავსებინა პროფესიული ზრდა-განვითარება, რაზეც ძალიან მწყდება გული. ვფიქრობ, შემეძლო ბევრი რამე გამეკეთებინა ამ სფეროში და ჩემი სიტყვაც მეთქვა ქართულ ფსიქოლოგიაში.
მსოფლიო პანდემიამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში? არსებულ ვითარებაში საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
როცა მთელი იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა, პირველ რიგში, იმაზე ვფიქრობდი, იმავე სიტუაციას როგორ გაუძლებდა ჩემი დაუძლურებული ქვეყანა…
საბედნიეროდ, ვმუშაობდი და აზრადაც არ მომსვლია, რომ სახლში წამოვიდოდი, თუნდაც იმიტომ, რომ აქედან უფრო შევძლებდი, ჩემებს დავხმარებოდი. და მეორეც, დედა მყავდა ცუდად და უწამლოდ ვერ დავტოვებდი. პანდემია მე არ შემხებია, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა ძალიან რთული იყო. გაჩერებული სამყარო სიკვდილის მოლოდინში, შიშჩამდგარი თვალების ყურება, უნდობლობა, ირგვლივ გამეფებული საოცარი სიცივე და სიცარიელე… ადამიანები აღარ ენდობოდნენ ერთმანეთს, გაუუცხოვდათ ურთიერთობები, ეშინოდათ ერთმანეთის, ისედაც მწირი ურთიერთობების ფონზე კიდევ უფრო დავცილდით ერთმანეთს. ეს საშინელებაა. თუნდაც მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგეს, ამის ამოვსებას წლები დასჭირდება.
იქნებ ეს პანდემია იმის მინიშნებაა, რომ ადამიანებმა უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ის სიდიადე, რაც შეიძლება კარგმა ურთიერთობებმა მოგვანიჭოს?!
შესაძლოა… ისე, რას ვერ მიიღებთ და გაითავისებთ ვერასდროს, თუნდაც მუდმივად დარჩეთ საცხოვრებლად იტალიაში?
პირველ რიგში, უფალს ვთხოვ, რომ არ მომიწიოს აქ დარჩენა და ვიდრე ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ, მინდა პატარა ამბავი გავიხსენო ჩემი ბავშვობიდან. ერთხელ, როცა სადილისთვის ვემზადებოდით, მამამ გადახედა სუფრას და სადილი ეცოტავა, ჩვენ კი გვეყოფა, მაგრამ ვინმე რომ შემოგვესწროს, უხერხულიაო. თავიდან მოვამზადეთ ყველაფერი…
სტუმარი ჩვენი ოჯახისთვის იყო მთელი ცხოვრების აზრი და ფილოსოფია, ზოგადად, ადამიანი კი – ხელშეუხებელი ფენომენი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოგონებები ის ოქროს „საბადოა“, რომელითაც დარჩენილი ცხოვრება საზრდოობ ადამიანი. მე აქ ყველაზე მეტად ეს მოგონებები მეხმარება რეალობის დაძლევაში.
იტალიაში ბევრი ისეთი რამ არის, რისი სწავლა და გაცნობიერებაც არ გვაწყენდა. იტალიელები სხვის კულტურას ნაკლებად იღებენ, ერთგულნი არიან საკუთარი ტრადიციებისა თუ წეს- ჩვეულებებისა. ერთ-ერთი წესი და ტრადიცია სადილია, რომელიც იტალიელთა ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს. მართალია ძალიან მომწონს მათი კვების რაციონი, მაგრამ ვერაფრით მივეჩვიე სადილის იმდენ პერსონაზე გაკეთებას, რამდენიც ვართ. ამის გამო ერთ სამსახურში მუდმივი ომი გვქონდა, ერთ კვირაზე გათვლილი სურსათი არასოდეს მყოფნიდა და სულ უკმაყოფილო იყო ჩემი სინიორა: già finito? – უკვე გამოილიაო?
იტალია ახლა ჩემთვის ასოცირდება მუდმივ მონატრებასთან, პრობლემების გამკლავებასთან, იმ სიშორესთან, ესოდენ დიდ ტკივილს რომ მაყენებს… მაგრამ, ყველა სიძნელის მიუხედავად, უზომოდ მადლიერი ვარ ამ ქვეყნის და ამ ხალხის. ბევრი რამ დავიწყების უფლებას არ მომცემს, როცა აქედან წამოვალ.
განსაკუთრებით რა მოგწონთ, რის დამკვიდრებას ისურვებდით მშობლიურ ქვეყანაში?
მომწონს ამ ერის პატრიოტიზმი, ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ეკონომიკის გასაძლიერებლად. აქ დიდ პატივს სცემენ სოფლის მეურნეობას, რაც ყველა ქვეყნისთვის საარსებო ღერძია. აქ არ იყიდიან სხვა ქვეყნის ნაწარმს და ამით სოლიდარობას უცხადებენ თავიანთ პროდუქციას, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ კონკურენციას ვერავინ უწევთ. აი, რა მინდა იყოს მოწესრიგებული ჩვენს ქვეყანაში: სოფლის მეურნეობა და მსყიდველუნარიანი მოსახლეობა გვყავდეს.
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გამორჩეულად გემრიელ პროდუქტს.
იტალიაში ასევე მომწონს პენსიონერების ცხოვრება, უდარდელი სიბერე. სახელმწიფო გამუდმებით ცდილობს, რომ მათი პენსიონერების უფლებები დაცული იყოს.
საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება წამოვიღოთ რაღაც კარგი და ასევე გავაცნოთ ჩვენი სიკარგეებიც. ყველა დადებითი თვისება თუ მოვლენა ყველგან დადებითად აღიქმება.
იტალიაში ქართველი ემიგრანტების ძირითადი პრობლემა რა არის, თქვენი აზრით? რაზე საუბრობთ, როცა ერთმანეთს ხვდებით?
პრობლემა თვითონ ემიგრანტობაა, მაგრამ კიდევ უფრო გაუსაძლისია აქ ყოფნა, როცა იცი, რომ შენი უფლებები ილახება… პრობლემაა ენის არცოდნა და ინფორმაციული ვაკუმი. ახალჩამოსულს არავინ დასვამს და გააცნობს აქ მის ვალდებულებებს და არც უფლებებს. გული მტკივა, როცა ჩვენი გოგოები ასეთ დროს ხდებიან მონური გრაფიკისა და კაბალური შრომის მსხვერპლი…
ზოგადად, ქართველებს ცოტა ზედმეტადაც გვიყვარს თავის გამოდება და თავის გამოჩენაც, ამიტომ ზოგჯერ ესეც არცთუ კარგად გვიბრუნდება უკან.
ძალიან მინდა, არსებობდეს რაღაც ორგანიზაცია, რომელიც გააწევრიანებდა მხოლოდ ახალჩამოსულებს და ტრენინგების მეშვეობით გააცნობდა მათ აქაურ წეს- ჩვეულებებს. სულაც არ არის მარტივი ჩვენი ადათ-წესები შევუთავსოთ აქაურ ადათ-წესებს და ამას თუ კომპეტენტური პიროვნება ახსნის, ვფიქრობ, არ იქნება ცუდი…
როცა ერთმანეთს ვხვდებით, ბევრ რამეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენი, ემიგრანტების, ყველაზე დიდი საფიქრალი ჩვენი ქვეყანაა. როცა სხვის აწყობილ ქვეყანას ხედავ, თავისთავად გიჩნდება კითხვა: რა გახდა ერთი პატრონი ჩემი პატარა საქართველოსთვის, რომელსაც ყველა რესურსი აქვს, არ ჩამორჩებოდეს მსოფლიო მოწინავე ქვეყნებს?! ისეთი მადლიანი, უხვი, ულამაზასი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი გემრიელი, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, არსად არაფერია. ჩემს ეზოში, ჩვენს საქართველოში ყველაფერს სულ სხვა სურნელი და გემო აქვს.
სამწუხაროდ, საქართველოს ემიგრაციაში უამრავი ადამიანი ჰყავს და, ნეტავ, არ ენანება თავისი შვილების ასეთ ყოფაში ყოფნა?! ნეტავ, არ ვენანებით ამდენი დედა სხვის „ბუჯერზე“, სხვის კერიაზე, როცა ასე ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას? როგორ დაუშვა და „შეგველია“?!..
არსებულ ვითარებაში რა ცვლილებებს ხედავთ ემიგრაციამდელ ეკასა და ახლანდელ ეკას შორის?
ძალიან ბევრი რამ გადავაფასე აქ, მაგრამ ძირეული ცვლა არ განმიცდია, ისევ ისეთი ვარ – ემოციური, მხიარული, უზომოდ მიყვარს ადამიანები და ვცდილობ, ბევრი ადამიანი იყოს ჩემს ცხოვრებაში.
საინტერესოა, გამოცდილების კუთხით, ემოციურად რას გამოყოფდით ემიგრაციაში ყოფნის მანძილზე?
ვფიქრობ, ემიგრანტს რაც საკუთრივ გააჩნია, ეს არის ემოცია, რომლის მსახური ხდები და ყველა ის წვრილმანი, რომლის გადატანაც გვიწევს, ეს არის ის, რასაც ჩვენი ემოციები მართავენ და საბოლოოდ შემოინახავენ…
აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია მიიღო და ეს დამოკიდებულია ჩვენს გარშემო მყოფებზე. უნდა ვეცადოთ, როგორმე გავულამაზაოთ აქაური რეალობა ერთმანეთს და მოვეხმაროთ იმ ნეგატივის დაძლევაში, რაც ასე მძიმე საზიდია ემიგრანტისთვის. ეს კი ყველაზე კარგად გამოსდის ჩემს ყველაზე დიდ შენაძენს ემიგრაციაში, ძალიან კარგ ადამიანს – მაია ლომიძეს. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენი სამუშაო პირობების ფარგლებში მან მოახერხა და თვეში ერთხელ ისეთ ზეიმებს გვიწყობდა, რომ მთელი თვის განმავლობაში გვყოფნიდა და გვასაზრდოებდა. ამ დღეებმა მოგვცა საშუალება ერთობის, ერთმანეთის გაცნობის, დაახლოების, სიყვარულის, რეალიზების, ქველმოქმედების და შევძელით მცირედი წვლილი და იმედი შეგვეტანა იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც ეს ესაჭიროებოდათ.
მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩემს ცხოვრებაში საჭირო დროს საჭირო ადამიანები არსებობენ. როგორც არსად და როგორც არასოდეს, აქ ყველაზე მეტად გვჭირდება საყრდენი და თუ ნამდვილ ადამიანებს იპოვი, ჩათვალე, რომ უბედნიერესი ხარ.
სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური ბრძანდებით, თქვენს ერთ-ერთ ჩანაწერში ამოვიკითხე: ჩვენი დარდიც კი უსასრულოა და ფასდაუდებელიო… მშობლიური ქვეყნიდან შორს მყოფი, ყველაზე მეტად რაზე დარდობთ და, მარტოდ დაჩენილი, ყველაზე ხშირად რა შეკითხვას უსვამთ საკუთარ თავს?
კი, აქტიური ვარ და ვთვლი, რომ ეს არის უმოკლესი გზა, რომლითაც ვახერხებ ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს მივწვდე, მოვეფერო, გავუზიარო ჩემი ფიქრები, განცდები და შედეგები, თუმცა საკუთარ დარდთან მაინც მარტო ვარ. ის იმდენად ინტიმურია, ძნელია ბოლომდე ვინმე ჩასწვდეს…
6 წელი ხდება, რაც აქ ვარ და ვერანაირად დავამარცხე ფიქრი წარსულზე და დარდი იმაზე, იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება სწორი. ვერანაირად ვურიგდები იმ აზრს, რომ ჩემი პატარა, რომელიც ოთხი წლის დავტოვე, უჩემოდ იზრდება. ვერაფრით ვპატიობ ჩემს თავს სათამაშოებზე „გაცვლილ“ დედაშვილობას…
ვერაფერი უშველის იმ მონატრებას, რაც ამ წლებმა დაგვიგროვა. მონატრება ემიგრანტის ისეთი „დაავადებაა“, რომელიც არასოდეს და ვერაფრით განიკურნება. უკმარისობის შეგრძნება, რომელიც განგრევს, მთელი ცხოვრება გაგვყვება და ვერანაირი „წამლობა“ ვერ უშველის. ვერ ვეგუები და მაშინებს ის დღე, როცა აქედან წამოვალ და დედის საფლავზე უნდა მივიდე, რომელიც ჩემს ნატვრაში დაილია.
თქვენს სამომავლო გეგმებს გაგვიმხელთ?
ჩემი სამომავლო ფიქრი და ყველა გეგმა უკავშირდება ჩემს შვილებს, მათ მომავალს და კეთილდღეობას. სხვა ნატვრა რა შეიძლება დედას ჰქონდეს?! ცხოვრობენ, მუშაობენ და სწავლობენ ქუთაისში, ამავე დროს, ხშირად დადიან მამასთან სოფელში. მათში ადამიანობის დიდი რესურსია, რაც ძალიან მახარებს და მაძლიერებს. ძალიან მინდა, რომ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების სწორად მართვა და რეალიზება, რაც ჩვენს ქვეყანაში არაა მარტივი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ გამოუვათ; მინდა, რომ იპოვნონ თავიანთი ცხოვრების ადამიანები, ყველა სიკეთე ჰქონდეთ ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყვნენ.
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიქნები აქ, მაგრამ ძალიან მინდა, როცა სახლში დავბრუნდები, ჩემი აქაური და იქაური მეგობრები ხშირად შევკრიბო ჩემს ბუხართან და სიბერის წლები მათთან ერთად გავატარო.
ყველაფრის მიუხედავად თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი. ჩემს ცხოვრებაში ხშირად არ იყო ის, რაც მინდოდა, მაგრამ იყვნენ საოცარი მეგობრები, რომელთა იმედი ყოველთვის მქონდა და მაქვს. ჩემი დღევანდელი სიმშვიდე ჩემი კარგი მეგობრების დამსახურებაა და მინდა საქვეყნოდ ვუთხრა მადლობა მათ – ჩვენ ერთად ყველაფერს დავძლევთ და შევძლებთ!
როგორც ფსიქოლოგი, ემიგრანტებს რას ეტყოდით, რა უნდა იცოდნენ ?
როგორც ფსიქოლოგი და როგორც ადამიანი, ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ გვახსოვდეს, ეს ყველაფერი დროებითია და ვეცადოთ, ღირსეულად გავიაროთ ეს გზა. ემიგრაციაში ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ და ვეცადოთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ოჯახებს და ყველა ერთად – ჩვენს ქვეყანას!
ყოველ ახალ ემიგრანტს, დღითიდღე რომ იზრდება მათი რიცხვი, მხარში ამოვუდგეთ და ვასწავლოთ, რაც სჭირდებათ. ნუ გავიმეტებთ და ნუ გავწირავთ ერთმანეთს ცუდისთვის. ადამიანი ადამიანისთვის ფასდაუდებელი განძია, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის სურვილებს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ მადლიერნი. მადლიერება სიყვარულამდე მისასვლელი ყველაზე მარტივი გზაა, სიყვარულით კი მარტივად მივალთ უფალთან…
დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: ვისურვებდი, რომ…
უფ, ძალიან ბევრ რამეს ვისურვებდი, ალბათ ჯადოსნურ ჯოხს!
…და მაინც – მშვიდობას! ბოლო ერთმა წელმა დაგვანახვა, თუ როგორი მნიშვნელოვანია მსოფლიოს მდგომარეობა.
ვისურვებდი, რომ ადამიანები ასე ადრე არ კვდებოდნენ; ვისურვებდი, რომ დედას შვილი არ უკვდებოდეს; ვისურვებდი, რომ დედებს შვილების დატოვება არ უწევდეთ და ჩვენი ქვეყანა გვენახოს გაერთიანებული და მხრებში გამართული!
და კიდევ… ვისურვებდი, ეს ინტერვიუ დედას ენახა. ბავშვობაში ვწერდი ლექსებს და ჩანახატებს და დედას ყველა ფურცელი შენახული ჰქონდა, გაცრეცვამდე…♥️♥️♥️
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები