საზოგადოებასპორტი

ევრო 2020-ზე იტალიის გამარჯვების ზეიმს რამდენიმე გულშემატკივარი შეეწირა (ვიდეო)

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა იტალიაში ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ევრო 2020-ზე გამარჯვების სტიქიურად აღნიშვნის გამო. 

ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა სიცილიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ახალგაზრდები იტალიის ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად მიიჩქაროდნენ. როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა თქვეს, ინციდენტი კატანიის პროვინციაში მოხდა – ერთმანეთს შეეჯახა ავტომობილი, 2 სკუტერი და მოტოციკლი. 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 წლის ბიჭი კი ადგილზე დაიღუპა.

მეორე ავტოსაგზაო შემთხვევამ ქვეყნის ჩრდილოეთში 27 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეიწირა. ადგილობრივი გაზეთი La Stampa წერს, რომ ორი ავტომობილი ალესანდრიის პროვინციაში შეეჯახა ერთმანეთს. 4 დაზარალებულიდან ერთი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. გამოცემა ამ შემთხვევაზე, აგრეთვე, იტალიის ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმის კონტექსტში წერს.

ამას გარდა, იტალიის სამხრეთში, ფოჯის პროვინციაში კვირიდან ორშაბათისკენ ღამით მკვლელობა მოხდა – ამის შესახებ  Gazzetta della Sport-ი წერს. როგორც აღნიშნავენ, 32 წლის მამაკაცს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, საფეხბურთო გამარჯვების აღსანიშნავი მასობრივი ზეიმის დროს ესროლეს. იგი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა.

ვენეციაში ორშაბათ დილით ერთ-ერთ არხში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მას მხოლოდ საცურაო ტრუსები ეცვა. მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ მისი გარდაცვალებაც ზეიმს უკავშირდება, რომელმაც მთელი იტალია მოიცვა.

როგორც გაზეთი Corriere della Sera იტყობინება, 15 ადამიანი დაშავდა იტალიის ნაკრების გამარჯვების ზეიმისას მილანში. გულშემატკივრებმა ჭრილობები მიიღეს დუომოს ცენტრალური მოედნის მიდამოებში და მის გარშემო კვარტლებში, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს, მეორეს სამი თითის მოკვეთა დასჭირდა პეტარდის აფეთქების გამო, მესამეს რაც შეეხება, მას ქუჩის შესაღობი ცხაური დაეცა.

ღამის ზეიმებს მოჰყვა ნაგვის კონტეინერებისთვის ცეცხლის წაკიდება და მილანის არხებში ბანაობა. გულშემატკივრები ძვრებოდნენ ტრამვაის სახურავზე, ხტებოდნენ აუზებში და ბოძებზე მიცოცავდნენ.

 ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close