მოგზაურობამსოფლიო

იტალია კარანტინს გაამკაცრებს ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ჩასულებისათვის

კანარის კუნძულების ხელმძღვანელობა კომენდანტის საათის დაწესებას ითხოვს

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს საკარანტინო ზომების გამკაცრების შესაძლებლობას მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ჩავლენ. ამის შესახებ პარასკევს, 9 ივლისს დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსმა ჯანი რეცამ განაცხადა.

ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში ჩამსვლელთათვის, რომლებსაც ე. წ. მწვანე პასპორტი აქვთ, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

პარასკევს, 9 ივლისს მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა გერმანიამ კოვიდ-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, გერმანიის ამ გადაწყვეტილებამდე კი 8 ივლისს საფრანგეთის ევროპული საქმეების სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა France 2-ზე გამოსვლისას მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაგეგმონ ზაფხულის შვებულების და არდადეგების გატარება ესპანეთსა და პორტუგალიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო და, საერთოდ, საფრანგეთში გაატარონ დასვენების დღეები.

ესპანეთში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. ამ დროისთვის ქვეყანაში 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 179 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგანაც 200 შემთხვევის ზემოთ უკვე საგანგაშო მაჩვენებელია. ვირუსის შემთხვევებმა განსაკუთრებით ახალგაზრდებში მოიმატა, რასაც დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.

მიუხედავად ამისა, როგორც ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა მარია ხესუს მონტერომ განაცხადა, მაჩვენებლები მცირდება: დაბალია სიკვდილიანობა, იკლებს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და ინტენსიური თერაპიის პალატებში პაციენტების რაოდენობა. სპეციალისტების თქმით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ხანდაზმული და რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანები სრულად არიან ვაქცინირებულები.

ესპანეთის ერთ-ერთი ავტონომიური გაერთიანების, კანარის კუნძულების ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავრობას კომენდანტის საათის დაბრუნების თხოვნით მიმართა კოვიდ-19-ის ყოველდღიური შემთხვევების ზრდის გამო. მათ სურთ, რომ ტენერიფეზე კომენდანტის საათი 12:30-იდან დილის 6:00 საათამდე დაწესდეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close