მსოფლიოპოლიტიკაქართველები უცხოეთში

რატომ დააპატიმრეს მოსკოვში ქეთევან ხარაიძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატი და რას ედავება მას პროკურატურა

მოსკოვის ტვერის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ქეთევან ხარაიძემ შეწყვიტა შიმშილობა საგამოძიებო იზოლატორში, რომელსაც პროტესტის ნიშნად მიმართა მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამო.

ამის თაობაზე ჟურნალისტებს ხარაიძის ადვოკატმა ევგენია გრიგორიევამ აცნობა. ადვოკატმა დააზუსტა, რომ დეპუტატმა შიმშილობა 28 ივნისს შეწყვიტა.

ქეთევან ხარაიძე 18 ივნისს, ღამით დააკავეს. მანამდე მის სახლში ჩხრეკა მოაწყვეს. დეპუტატს ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი და პალტოს ჯიბიდან ამოღებული ათი ათასი რუსული რუბლი. ადვოკატი ამბობს, რომ 5000-რუბლიანი 2 კუპიურა დანიშნული იყო და საიდან აღმოჩნდა ქეთევან ხარაიძის ზამთრის პალტოს ჯიბეში, ამ უკანასკნელმა არ იცის.

ხარაიძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება ასე აფასებს დეპუტატის მცდელობას, ხელი შეუშალოს მოსკოვის ცენტრში მდებარე ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციის დაწყებას. ხარაიძის მტკიცებით, სახლი დარღვევებით აშენდა და რაიონის საკანალიზაციო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ ახალაშენებული ელიტური სახლის მშენებელს უნდოდა მისი კანალიზაციის სისტემა უკვე არსებული შენობების საკანალიზაციო სისტემისთვის მიეერთებინა და ახალი არ აეშენებინა, რასაც ფადეევის 6 ნომერში მდებარე სახლის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებოდნენ და მათ ავანგარდში იყო ქეთი ხარაიძე, რომელიც მრავალრიცხოვანი საჩივრით ცდილობდა, არ დაეშვა დარღვევები მშენებლობების დროს. ბოლო თვეებში ქეთი ხარაიძე წარმატებით იცავდა მოსკოვის ტვერის რაიონის მცხოვრებთა უფლებებს, რომელთა ხელყოფასაც ელიტური ვილების მშენებლები ცდილობდნენ. ამას უკავშირებს დეპუტატი მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას.

ქეთევან ხარაიძეს 19 ივნისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. თავად დეპუტატი ბრალდებას უარყოფს. მან  შიმშილობა გამოაცხადა.

ქეთევან ხარაიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ სასმელ წყალს, მხოლოდ მდუღარე წყალი მიჰქონდათ, თუმცა შიმშილობის დროს მდუღარე წყლის დალევა არ შეიძლება, რადგან ის ორგანიზმიდან რეცხავს მინერალურ მარილებს და არა მარტო სასარგებლო არ არის, არამედ მავნებელია ორგანიზმისთვის „იმ პირობებში, როგორშიც ქეთი იმყოფება“. ქეთევან ხარაიძისთვის 18 ლიტრი სასმელი წყალი ბოთლებით ადვოკატმა მაღაზიაში შეუკვეთა და დარწმუნებული იყო, რომ დღის ბოლომდე მიუტანდნენ, თუმცა მეორე დღეს კიდევ არ ჰქონდათ მიტანილი.

ქეთევან ხარაიძემ, რომელიც პარტია „იაბლოკოს“ წევრი იყო 2019 წლამდე, მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ქეთევან ხარაიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ბევრი ფიქრობს, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ „გაბედა და სახელმწიფო დუმის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს“, სადაც მხოლოდ „არსებული რეჟიმისადმი ლოიალურ პირებს უშვებენ“.

სისხლის სამართლის დანაშაულებში  ეჭვმიტანილები და ბრალდებულები გახდნენ სხვა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც პარლამენტში კენჭისყრას აპირებდნენ, მათ შორის, დმიტრი გუდკოვი, კონსტანტინ იანკაუსკასი, მაქსიმ რეზნიკი და ლიუბოვ სობოლი.

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, მუნიციპალური დეპუტატ ილია იაშინი მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნეს და ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართულ პირად გამოაცხადეს ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის გამო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქეთევან ხარაიძე თბილისშია დაბადებული, იგი ცნობილი ჟურნალისტის და მწერლის, გურამ ხარაიძის ქალიშვილია; 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტის სპეციალობით. იმავე წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

იგი მოსკოვის ტვერის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატად 2017 წელს აირჩიეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close