ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის კვლავ ზრდისა და დელტა ვარიანტის ახალი შემთხვევების დადასტურების ფონზე დაიმუქრა, რომ ციხეში გაუშვებს მათ, ვინც აცრაზე უარს იტყვის. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
„ამ ქვეყანაში კრიზისია. ახლა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა“, – თქვა დუტერტემ პანდემიასთან დაკავშირებით და გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შეუძლია ყველა სოფლის მამასახლისებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უბრძანოს, შეადგინონ აუცრელ ადამიანთა სია.
„თუ აცრა არ გინდა, დაგიჭერ და გაგიკეთებ ვაქცინას. თქვენ მავნებლები ხართ… თუ აცრას არ გაიკეთებთ, წადით ფილიპინებიდან. ინდოეთში წადით ან სადმე, ამერიკაში. დავავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს, შეადგინონ იმ ადამიანების სიები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მან დაუმატა, რომ „მხოლოდ შტერებს შეიძლება არ უნდოდეთ აცრა“.
„თქვენ, ადამიანებს, რომლებსაც არ გსურთ აცრის გაკეთება, მე თქვენ ღორების ვაქცინას გაგიკეთებთ. ეს ნამდვილად მოკლავს ვირუსს და თქვენც მიგაყოლებთ“, – დაიმუქრა დუტერტე.
ადრე დუტერტე ფილიპინელებს დაემუქრა, რომ შეზღუდვების წესების დარღვევისთვის ხალხს დახვრეტდნენ. ამ მუქარის შემდეგ ხელისუფლებამ სავარაუდო დამრღვევების მკვლელობის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, მათ შორის, მოხუცი მამაკაცისა და ყოფილი ჯარისკაცისა, რომელსაც პოსტრავმული სტრესული დარღვევები აღენიშნებოდა.
108-მილიონიან ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია მარტში დაიწყო, თუმცა ბევრი მოქალაქე აცრის წინააღმდეგია. 21 ივნისის საღამოს მონაცემებით, სულ გაკეთებულია 8,4 მლნ დოზა ვაქცინა, 6,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა პირველი დოზა მიიღო, სრულად ვაქცინირებულია 2,15 მლნ ადამიანი.
ორშაბათს ფილიპინებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას Pfizer-თან 40 მლნ დოზა ვაქცინის შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა აღინიშნა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში აგვისტოზე ადრე არ შევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნებმა უნდა წაახალისონ თავიანთი მოქალაქეები ვაქცინაციისთვის, მაგრამ უარის შემთხვევაში არ შეუძლიათ, მათ აცრა აიძულონ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები