საქართველოში ადამიანებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ აცრა, უარი უთხრეს
რატომ შეფერხდა ვაქცინაციის პროცესი?
გუშინ საღამოს საქართველოში ბევრ ადამიანს, რომლებსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა ჰქონდათ დაჯავშნილი, კლინიკებიდან და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, რომ ვაქცინების შეფერხების გამო აცრას ვერ ჩაიტარებდნენ. უამრავი ადამიანის ვაქცინაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო.
„მე და ჩემს მეუღლეს დღეს, 22 ივნისს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაგვეკეთებინა „იაშვილში“. გუშინ საღამოს დაგვირეკეს და გვითხრეს, ბოდიშს გიხდით, ვაქცინების მოწოდების შეფერხების გამო პრობლემა შეიქმნა და აღარ მობრძანდეთო. გაგაგებინებთ, როდის განახლდება აცრაო“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, 58 წლის ლია ჩხეიძემ. მისი თქმით, პირველი აცრა აპრილის ბოლოს გაიკეთეს და ახლა მეორე დოზა უწევდათ.
„22 აპრილს ავიცერით და 8 კვირა დღეს გახდა, როგორც რეკომენდებული იყო, დღეისათვის დავჯავშნეთ ვიზიტი 2 კვირის წინ, მაგრამ გუშინ საღამოს მე დამირეკეს კლინიკიდან, დოზები აღარ გვაქვსო, ჩემს მეუღლეს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან იმავე შინაარსის შეტყობინება გამოუგზავნეს. ვადასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, რადგან 8-12 კვირის ვადაშია მეორე აცრის გაკეთება რეკომენდებული, თუმცა ახლა ისიც მეეჭვება, რომ ამ ვადაში მოახერხებენ ვაქცინების შემოტანას და სწორად განაწილებას. არ ვიცი, რა ვთქვა, სრული უპასუხისმგებლობა და თავმოუბმელობაა. არადა, გვარწმუნებდნენ, ვინც პირველი დოზა გაიკეთა, მათთვის მეორე დოზა შენახული იქნებაო“, – ამბობს 56 წლის ნინო კარიაული.
იგივე პრობლემა შეექმნათ სხვებსაც. კითხვაზე, როდის შეიძლება განახლდეს ვაქცინაციის პროცესი, პასუხი ზოგადია: „ოფიციალურად გეცნობებათ, როცა გაირკვევა“.
შეფერხებასა და ვაქცინაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია.
1522-ზე გვითხრეს, რომ დღეს საღამოს გაავრცელდება ოფიციალური განცხადება, რა იქნება შემდეგ და როგორ წარიმართება პროცესი.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო ორ კვირაში კორონავირუსის ვაქცინების 1 000 000 დოზას მიიღებს.
თავად პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინები შემოვა ქვეყანაში, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ის ოთხი ვაქცინა შემოვა, რომლებსაც საქართველო დღემდე იყენებდა – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დიდი შეფერხებებით მიმდინარეობს – „სტოპკოვის“ მონაცემებით, დღეისათვის აცრა (პირველი დოზა) გაკეთებული აქვს 238 220 ადამიანს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6,4 პროცენტია.
ამჟამად საქართველოში, ერთი მხრივ, არ არის საკმარისი რაოდენობით აცრის კაბინეტები, მეორე მხრივ კი, ვაქცინების დეფიციტია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები