ქეთა თოფურიამ შვილის დაბადების დღე წყნეთში აღნიშნა
რუსეთში მცხოვრებმა მომღერალმა, ჯგუფ A’Studio-ს ვოკალისტმა ქეთა თოფურიამ თავის უფროს ქალიშვილს – ოლივია გეიხმანს დაბადების დღე წყნეთის ფეშენებელურ აგარაკზე გადაუხადა და უამრავი გასართობი მოუწყო.
ქეთამ გოგონას დაბადების დღის წვეულების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები საკუთარ ხელმომწერებს ინსტაგრამზე გაუზიარა.
ოლივია 6 წლის გახდა.
„6 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ეს გოგონა გამოჩნდა, ექვსი წლის წინ დედა გავხდი, ექვსი წლის წინ მან მე ისე გამაბედნიერა. უზომოდ მადლობელი ვარ, რომ დედად ამირჩიე. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი და იცოდე, რომ დედა ყოველთვის შენ გვერდითაა. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრებავ“, – დაწერა მომღერალმა.
View this post on Instagram
წვეულებაზე პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები, ანიმატორები ზრუნავდნენ. იუბილარისთვის განკუთვნილი სამსართულიანი ტორტი ცისფერი იყო და წვეულების დეკორაციებშიც ცისფერი დომინირებდა.
ქეთამ წვეულებაზე თავისი უახლოესი მეგობრები მიიწვია: პროდიუსერი ნატო დუმბაძე, დიზაინერი ნუცა ბერიძე, ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე და სხვები.
ქეთამ ერთგვარ ტრადიციად დაამკვიდრა და ოლივიას დაბადების დღეს ყოველ წელს საქართველოში აღნიშნავს. გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი – პანდემიის გამო მათ შარშან საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლეს.
ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია 2005 წელს, ჯგუფ A’Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა თავისი სახლის მოწყობა რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.
მას რუსული ესტრადის ბევრი ვარსკვლავის სახლი თუ აგარაკი მოუწყვია და გაულამაზებია. მის შესახებ რუსეთში ხშირად წერენ, მისი სტუდია ერთ-ერთ გამორჩეულად მიიჩნევა, მისი გაფორმებული რესტორნები თუ ოფისებიც უკვე არც ისე ცოტაა, თუმცა საქართველოში ლელა ქავთარაძეს ნაკლებად იცნობენ.
ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.
მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა
კომენტარები