აშშ-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცა ბოლო 20 წლის განმავლობაში
აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და წამლის ხარისხის მაკონტროლებელმა ორგანომ (FDA) დაამტკიცა ფარმაცევტული კომპანია Biogen-ის პრეპარატის – Aduhelm-ის (ადუკანუმაბი) გამოყენება, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად არის მიმართული. ინფორმაციას bbc ავრცელებს.
კომპანია „ბიოჯენის“ მიერ წარმოებული მედიკამენტი „ადუკანუმაბი“ ებრძვის ალცჰაიმერის გამომწვევ ძირითად მიზეზს და არა – მის სიმპტომებს. პრეპარატი მოქმედებს ამილოიდებზე – ცილებზე, რომლებიც ადამიანის ტვინში ალცჰაიმერის დაავადების საწყის ეტაპზე პათოლოგიურ შენაერთს აყალიბებენ, წებოვანი პროტეინის ნარჩენებს, რომლებსაც ამილოიდ ბეტას (amyloid beta) უწოდებენ. ეს უკანასკნელი თავის ტვინის უჯრედებს აზიანებს, რაც დემენციას იწვევს. ადუკანუმაბს შეუძლია პაციენტის ტვინიდან ეს პათოლოგიური შენაერთები მოაშოროს.
პრეპარატი „ადუჰელმის“ სახელით გაიყიდება და, მარეგულირებლის ვარაუდით, ის ალცჰაიმერის მძიმე შემთხვევების შემცირებამდე მიგვიყვანს.
ადუკანუმაბი ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ალცჰაიმერს მკურნალობს, განსხვავებით იმ არსებული პრეპარატებისაგან, რომლებიც ალცჰაიმერის მიმდინარეობას ამსუბუქებს და სიმპტომების წინააღმდეგ არის მიმართული.
უნდა აღინიშნოს, რომ ადუკანუმაბის კლინიკური ცდების შედეგები წინააღმდეგობრივი იყო. ერთ-ერთმა კლინიკურმა გამოცდამ მესამე ფაზაში მნიშვნელოვანი, 23%-იანი უპირატესობა აჩვენა პლაცებოსთან შედარებით ანუ წამალმა დაავადების განვითარება შეანელა, თუმცა მეორე დიდმა კვლევამ ასეთი უპირატესობა ვერ გამოავლინა. შედეგად, 2019 წლის მარტში Biogen-მა ადუკანუმაბის შემუშავების პროცესი შეწყვიტა, თუმცა 2019 წლის სექტემბერში კომპანიაში განაცხადეს, რომ განმეორებით შეამოწმეს მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა შედეგს იძლევა.
2020 წლის ნოემბრის დასაწყისში FDA -მ გაავრცელა განცხადება, რომ წამლის ტესტირების გვიანდელი სტადიის შედეგები „ძალზე დამაჯერებელია“ და პრეპარატის ეფექტიანობას ამტკიცებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, „არსებითი ხასიათის მტკიცებულებებია, რომ ადუკანუმაბი ამცირებს ბეტაამილოიდურ ბალთებს თავის ტვინში“ და ამას „ნამდვილად შეუძლია პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი უპრატესობები შექმნას“.
FDA-მ დასძინა, რომ თუკი პრეპარატი დამტკიცების შემდგომ ფაზაში არაეფექტიანობას აჩვენებს, მის გაყიდვას შეწყვეტენ.
ალცჰაიმერის დაავადება – დემენციის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა. ის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც თანდათან შლის მეხსიერებას და აზროვნების უნარებს. ალცჰაიმერის ასოციაციის შეფასებით, მხოლოდ აშშ-ში ამ დაავადებით 5,8 მლნ ადამიანი იტანჯება. ამჟამად არსებობს წამლები, რომლებიც დაავადების მიმდინარეობას და სიმპტომებს ამსუბუქებს, მაგრამ არ არსებობს ისეთი მედიკამენტები, რომლებიც პაციენტს სრულად განკურნავს. ვარაუდობენ, რომ ადუკანუმაბს შეუძლია გამოიცნოს პროცესის დასაწყისი და თავიდან აგვაცილოს მეხსიერების გამანადგურებელი წაშლა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები