მოგზაურობა

აღიარებს თუ არა ევროკავშირი იმ სერტიფიკატებს, რომლებიც საქართველოში გაიცემა? 

როგორ იფუნქციონირებს ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატი?

ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და იმუნიტეტის შესახებ „ციფრული მწვანე სერტიფიკატის“ ინიციატივა წარადგინა. Deutsche Welle განმარტავს, როგორ იმუშავებს ეს ელექტრონული დოკუმენტი და გადაეცემა თუ არა ის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში აცრილებს.

რა ხდება?

ევროკავშირში რიგით მეორე პანდემიური საზაფხულო არდადეგების „გადასარჩენი“ სამუშაოები დაიწყო. მოგზაურობის გასაადვილებლად ევროკომისიამ „ციფრული მწვანე სერტიფიკატი“ წარადგინა. ევროკომისრებმა ჯერ კიდევ 17 მარტს გამართულ შეხვედრაზე შესაბამისი რეგულაციების პროექტი დაამტკიცეს. ახლა უკვე მას ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი განიხილავს. თუ ინიციატივა ამ დონეზეც დამტკიცდება, მაშინ სერტიფიკატების მიღება ივნისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი – ყველა ტექნიკური მომზადების დასრულება სწორედ ამ დროისთვის იგეგმება.

„ციფრული მწვანე სერტიფიკატი“ შეიძლება ერთდროულად სამ განსხვავებულ დოკუმენტს შეიცავდეს. ესენია:

– კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის სერტიფიკატი;

– დადასტურება იმისა, რომ პირს COVID-19 გადატანილი აქვს და ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია;

– SARS-CoV-2- ზე გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ სამი სახის სერტიფიკატის გაერთიანების მიზეზი იყო, თავიდან აეცილებინათ დისკრიმინაცია იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც აცრის შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სამედიცინო მიზეზების გამო ვაქცინაცია არ შეუძლიათ, ან უბრალოდ ამის გაკეთება არ სურთ. ბრიუსელში ხაზგასმით აცხადებენ, რომ ევროკავშირში აცრა იყო და იქნება ნებაყოფლობითი. სერტიფიკატებს გასცემენ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოები, საავადმყოფოები ან ტესტების ჩამტარებელი ცენტრები. აღნიშნული დოკუმენტები უფასო იქნება.

რომელი ვაქცინით აცრილებს ეხება ეს სერტიფიკატი?

ევროკავშირის მასშტაბით მოქმედებს მხოლოდ ევროკომისიის მიერ რეგისტრირებული ვაქცინის სერტიფიკატები. ამ ეტაპზე ისინი ოთხია: BioNTech / Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ი, თუმცა ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, უნგრეთში, სხვა პრეპარატებსაც იყენებენ. მათ შორის არის ჩინური Sinopharm-ი. შესაბამისად, აღნიშნული პრეპარატით აცრილებსაც შეეძლებათ „მწვანე სერტიფიკატის“ მიღება. ამასთან, ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, აღიარებს თუ არა მას.

როგორი იქნება „ციფრული მწვანე სერტიფიკატი“?

სერტიფიკატის ჩამოტვირთვა სმარტფონში იქნება შესაძლებელი. მას, ვისაც არ აქვს თანამედროვე მობილური მოწყობილობა ან სულაც არ სურს ციფრული ვერსია ჰქონდეს,  შეეძლება დოკუმენტი ქაღალდის ფორმატში მიიღოს.

ევროკომისია გვპირდება, რომ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით, სერტიფიკატში მინიმალური პირადი ინფორმაცია იქნება. თითოეულ დოკუმენტში იქნება სახელი და გვარი,  დაბადების თარიღი, ასევე, ინფორმაცია სერტიფიკატის გამცემი დაწესებულების შესახებ. აღნიშნულ დოკუმეტში მოცემული იქნება, თუ რა პრეპარატით და როდის აიცრა ესა თუ ის პირი. გამოჯანმრთელების სერტიფიკატი შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის გადაიტანა ადამიანმა COVID-19. ინფექციის არარსებობის სერტიფიკატზე კი იქნება ტესტის ჩატარების თარიღი და ტიპი: PCR-ი ან ანტიგენის სწრაფი ტესტი. თვითშემოწმების მიზნით აფთიაქში ნაყიდი ტესტი გათვალისწინებული არ იქნება.

როგორ შეამოწმებენ „მწვანე სერტიფიკატებს“?

სერტიფიკატის ძირითადი ელემენტია QR-კოდი, რომლითაც ციფრული დოკუმენტის ავთენტიკურობის შემოწმება იქნება შესაძლებელი. ევროკომისია ირწმუნება, რომ ეს კოდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საავადმყოფოს ციფრული ხელმოწერის გადამოწმების მიზნით ან იმ ორგანოს შესამოწმებლად, რომელმაც მოწმობა გასცა.

ეს ციფრული ხელმოწერები ევროკავშირის თითოეული ქვეყნის მონაცემთა ბაზაში შეგროვდება. იმისათვის, რომ სერტიფიკატები მთელი გაერთიანების ტერიტორიაზე მოქმედებდეს, ევროკომისია შექმნის სისტემას, რომელიც ამ მონაცემთა ბაზებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ისინი გვპირდებიან, რომ ამ სისტემის საშუალებით გადაიცემა მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც სერტიფიკატის გამცემი დაწესებულების ციფრული ხელმოწერის გადასამოწმებლად არის აუცილებელი.

რამდენ ხანს ექნება „მწვანე სერტიფიკატს“ მოქმედების ვადა?

რეგლამენტის პროექტში აცრის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადა მითითებული არ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ ჯერ უცნობია, ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული დაცვითი ფუნქცია რამდენ ხანს გრძელდება. ამავდროულად, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების მოწმობის მოქმედების ვადა უკვე დადგენილია. აღნიშნული დოკუმენტის აღება პირს ახალი კორონავირუსის დადასტურების მე-11 დღიდან უკვე შეუძლია. მისი მოქმედების ვადა კი 180 დღეს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან დროთა განმავლობაში ორგანიზმში ანტისხეულების დონე იკლებს.

თითოეულ პირს შეუძლია ახალი სერტიფიკატი ნებისმიერ დროს მოითხოვოს, თუ ის აიცრება, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდება ან ახალ ტესტს ჩაიტარებს.

რისთვის არის საჭირო „მწვანე სერტიფიკატები“?

ამ სერტიფიკატის მიზანია პანდემიის დროს ევროკავშირში თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობა. გარდა ამისა, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ „მწვანე სერტიფიკატი“ მოგზაურობის აუცილებელი პირობა არ იქნება. „ევროკავშირის ყველა მოქალაქეს აქვს ფუნდამენტური უფლება, რომ ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდეს, განურჩევლად იმისა, არის თუ არა აცრილი… ციფრული მწვანე სერტიფიკატი გაამარტივებს ამ უფლების განხორციელებას, კერძოდ, ტესტირებისა და გამოჯანმრთელების სერტიფიკატების წყალობით“, – აცხადებენ ევროკომისიაში.

კონკრეტულად როგორ გამოიყენებს ამ სერტიფიკატს, ევროკავშირის თითოეული სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, თუმცა რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომ როდესაც ქვეყანა ამა თუ იმ შეზღუდვას კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის შეამსუბუქებს ან მოხსნის, ეს წესი გავრცელდება „მწვანე სერტიფიკატის“ მქონე ყველა პირისთვის და არა მხოლოდ ამ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის.

აღიარებს თუ არა ევროკავშირი იმ სერტიფიკატებს, რომლებიც საქართველოში გაიცემა? 

როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, „მწვანე სერტიფიკატის“ მიღებას ევროკავშირის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები შეძლებენ. ევროკომისიამ ასევე წარმოადგინა რეგულაციის მეორე პროექტი, რომელიც ვრცელდება მესამე სამყაროს ქვეყნებზე, ევროკავშირის არარეზიდენტებზე. „მწვანე სერტიფიკატებს“ ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინიც გასცემენ. შვეიცარიასაც შეუძლია მათ შეუერთდეს.

„მწვანე სერტიფიკატის“ მიღებას მესამე სამყაროს ქვეყნებიც შეძლებენ, მათ შორის, საქართველოც. მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობისთვის საშუალება ექნებათ, რომ „ციფრული მწვანე სერტიფიკატი“ ადგილობრივ დონეზე მოითხოვონ, ამისათვის კი საჭირო იქნება აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აღიარებს თუ არა ამ სერტიფიკატს ესა თუ ის სახელმწიფო, სადაც მესამე სამყაროს ქვეყნის მოქალაქე შესვლას აპირებს, ეს უკვე თავად მიმღებმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close