მსოფლიოში დღეს ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს სმს შეტყობინებებით ეკონტაქტება. ტექსტური შეტყობინების ფორმა კი, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ გამგზავნის ინტელექტზე, მის გულწრფელობაზეც მეტყველებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წერტილს ეხება…
სულ ახლახან ბინჰემპტონის უნივერსიტეტის (State University of New York at Binghamton) მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 126 მაგისტრანტი მონაწილეობდა. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მიმღები ნაკლებად გულწრფელად მიიჩნევს ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც წერტილით მთავრდება.
ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები ერთმანეთს ხელნაწერი წერილისა და ტექსტური შეტყობინების სახით დაახლოებით ამ შინაარსის კითხვებს უგზავნიდნენ: „კინოში წასვლა გინდა?“ პასუხი იყო „კი“ ან „რა თქმა უნდა“.
აღსანიშნავია, რომ თუკი ხელნაწერ ტექსტში პასუხის ბოლოს წერტილის არარსებობა მიმღების მიერ პუნქტუაციულ შეცდომად აღიქმებოდა, ესემეს გზავნილში იგივე გულწრფელობად ფასდებოდა.
მეცნიერების განმარტებით, ტექსტური შეტყობინებების შემთხვევაში ადამიანებს პუნქტუაციის ნაკლები მოთხოვნა აქვთ. ტექსტური შეტყობინებები, როგორც წესი, ძალიან მოკლეა და ყოველი სიტყვა ან სიმბოლო კონტექსტის გადმოსაცემად გამოიყენება.
ამგვარად, როცა ტექსტურ შეტყობინებას სასვენი ნიშნების გარეშე ვგზავნით, ის აღიქმება, როგორც სპონტანურად დაწერილი და, შესაბამისად, უფრო გულწრფელი.
funtime.ge
კომენტარები