კინო/ფილმებიჩვენი ფავორიტი

„ლონდრე“ – ფილმი, რომელსაც „ნაფტალინის სუნი არ აქვს“

გივი ბერიკაშვილი: „ლონდრეს“ გადაღების დროს ხალხს გმირი ვეგონე“

                        დამდგმელი რეჟისორი  – თამაზ მელიავა

                         სცენარის ავტორი – ოთარ ჭილაძე

                         კომპოზიტორი – ირაკლი გეჯაძე

                        ხმის ოპერატორი – მიხეილ ნიჟარაძე

                        ოპერატორი – გიორგი კალატოზიშვილი

                        მხატვარი – ქრისტესია ლებანიძე

                       სტუდია – ქართული ფილმი

                       გამოსვლის თარიღი – 1966

რეჟისორი თამაზ მელიავა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ გადაღებული ფილმი „ლონდრე“ ათეული წლების შემდეგაც ისეთივე პოპულარული იქნებოდა, როგორც მისი ეკრანებზე გამოსვლის პირველ დღეებში. მაინცდამაინც დიდ წარმატებას არც სცენარის ავტორი, მწერალი ოთარ ჭილაძე ელოდა: „ქართული ზღაპრების მიხედვით დავწერე სცენარი და კინოსტუდიაში მივიტანე. არც რეჟისორი ჩარეულა ჩემს შემოქმედებაში და არც მე ჩავრეულვარ მათ მუშაობაში…“ – გვითხრა ბატონმა ოთარმა წლების  წინათ, როცა ფილმზე სტატიის მომზადება გადავწყვიტეთ,  „ლონდრემ“ – ბატონმა  გივი ბერიკაშვილმა კი ჩვეული იუმორით ფილმის გადაღების საინტერესო დეტალები გაიხსენა. აი, რა გვიამბო ლეგენდარულმა მსახიობმა, რომლის კარიერაც სწორედ „ლონდრეში“ შესრულებული მთავარი როლით დაიწყო.  ლონდრე მისი პირველი სერიოზული როლი იყო (მანამდე რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ათამაშა პატარა ეპიზოდი მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჯილდო“), რომელიც სრულიად მოულოდნელად, 15 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე მიიღო.

გივი ბერიკაშვილი – თამარ ოთიაშვილის ფოტო

გივი ბერიკაშვილს გაბრიელის როლი უნდა ეთამაშა

როცა „ლონდრეს“ ვუყურებ, ყოველთვის ვამბობ: ნაფტალინის სუნი არა აქვს-მეთქი. ზოგიერთს ჰგონია, ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ფილმში მთავარ როლს მე ვთამაშობ. რა სისულელეა! უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ფილმი დღეს არის გადაღებული. ეს ყველაფერი სცენარის ავტორის, რეჟისორის, ოპერატორის საღ და თანამედროვე აზროვნებაზე მეტყველებს…. მსახიობები – თავისთავად. ყველა, ვინც კი ფილმში მონაწილეობს, ძალიან კარგები არიან. ამას წინათ ლია მიქაძემ მკითხა, „ლონდრემ“ რა მოგცათო? სიკეთისა და სიყვარულის მეტი ჩემთვის არაფერი მოუტანია-მეთქი, ვუპასუხე. მართლაც ასეა: ოცდარვა წლის ვიყავი, ლონდრე რომ ვითამაშე. კინოში ეს ჩემი სერიოზული როლია. სხვათა შორის, თავიდან გაბრიელის როლი უნდა მეთამაშა, ასე იყო დაგეგმილი, მაგრამ… ვინ აღარ გასინჯეს ლონდრეს როლზე. არავინ მოსწონდა ბატონ თამაზს. ლონდრეს როლის შემსრულებელს მეც აქტიურად ვეძებდი. ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიის ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით. თამაშის დროს მოთამაშეების ნაწილი წელზევით შიშვლები ვიყავით, ნაწილი – ჩაცმულები, ერთმანეთისგან რომ გამოვრჩეულიყავით  (ჩვენ ხომ ფორმები არ გვქონდა). როგორც ჩანს, ბატონმა თამაზმა დამინახა და დამიძახა, მოდი აქო. მივედი. ასისტენტს უთხრა: ერთი აიყვანეთ ეს ზევით და სურათი გადაუღეთო. ფოტოსინჯი ჯერ შიშველს გადამიღეს, მერე „შემკმაზეს“ და კინოსინჯიც გადამიღეს. ნუ მაწვალებ, თუ ძმა ხარ-მეთქი, ვიძახდი. ვიფიქრე, ალბათ გეგმას ასრულებენ-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. სამხატვრო საბჭოზე ყველამ ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, მით უმეტეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო – 15 მაისი. მახსოვს, სხდომიდან პირველი გივი სავანელი გამოვიდა, რეჟისორის ასისტენტი და მან მითხრა: მაღარიჩი გეკუთვნის, ლონდრეზე დაგამტკიცესო. გადავირიე, არ ველოდი, რომ ამ როლზე დამამტკიცებდნენ… აი, ასე აღმოვჩნდი მთავარ როლში, გაბრიელი კი სოსო ლაღიძემ ითამაშა.

„ლონდრე“ მაინც სხვა იყო

 უსიამოვნო გრძნობა არცერთ ფილმზე მუშაობის დროს არ გამჩენია, მაგრამ „ლონდრე“ მაინც სხვა იყო. არ მინდოდა, რომ გადაღებები დამთავრებულიყო. ირგვლივ ისეთი ლამაზი გარემო და საოცარი სიტუაცია იყო, რომ თავი მართლა ზღაპარში მეგონა. ზამთარში, 25 დეკემბერს, ტიტველი, ფეხშიშველი დავრბოდი თბილისის ქუჩებში, ხალხს გიჟი ვეგონე. მახსოვს, ჭრელ აბანოსთან გვქონდა გადაღებები. კუთხეში ვდგავარ, მოფარებულში და ველოდები, როდის დამიძახებენ, რომ ქუჩაში გამოვიქცე და აბანოში შევვარდე. უცებ ვხედავ, ერთი ქალი გაკვირვებული მიყურებს. დეიდა, ასე ნუ მიყურებ, გიჟი არა ვარ, მსახიობი ვარ, ფილმს ვიღებთ-მეთქი. შვილო, გიჟი რომ არ ხარ, ვხედავ, მაგრამ პატრონი არა გყავსო?!.. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ყოველდღე ვვარჯიშობდი, ახლა პალტო რომ გამხადო, შეიძლება იმ წუთში ფილტვების ანთება დამემართოს…

ვარჯიშზე გამახსენდა: „ლონდრეს“ გადაღების დროს მე და ბატონი ეროსი მანჯგალაძე (მღვდლის როლში) ერთ სახლში ვცხოვრობდით. სტადიონი, სადაც ვვარჯიშობდი, ჩვენი სახლიდან მოშორებით იყო, ყოველ დილით იმ სახლის წინ უნდა გამევლო, სადაც ბატონი სპარტაკ ბაღაშვილი ცხოვრობდა. დამიძახებდა, გენაცვალე! შემოდი ერთი ჩემთანო! შევიდოდი. უზარმაზარ ჯამს გამივსებდა ხოლმე წვნიანით. აბა, შეჭამე! – დამადგებოდა თავზე – ახალგაზრდა კაცი ხარ, ახლა შენი საყელოც კი ჭამსო. ისეთი დიდი ხათრი და მორიდება მქონდა მისი, უარს ვერ ვეუბნებოდი, შევჭამდი და წამოვიდოდი. რა გემართებაო? – მეკითხებოდნენ გადაღებაზე. ბოლოს ვუთხარი თამაზ მელიავას, მიშველე რამე, არც სხვა გზა არის, რომ იმ გზით ვიარო, არადა, ყოველ დილით ერთ ქვაბ ბორშს მაჭმევს-მეთქი. გაეცინა და კარგი, გიშველიო, მითხრა. მეორე დღეს გავიარე ისევ იმ ადგილას. არავის არაფერი უთქვამს. არც მესამე დღეს… მერე თამაზს ვკითხე, რა უთხარი ამისთანა, ორი დღეა ბორშს აღარ მაჭმევს-მეთქი. თურმე მისულა ბატონ სპარტაკთან და უთქვამს: ბატონო სპარტაკ, ყოველდღე მოდის გივი გადაღებაზე და ტრაბახობს, ბატონ სპარტაკთან უგემრიელესი ბორში ვჭამეო. შენი ჭირიმე, ნუღარ აჭმევო. რატომო? – უკითხავს ბატონ სპარტაკს. შიშველს ვიღებ და მისი გასუქება არაფრით არ შეიძლებაო. იცით, მერე რამდენჯერ მინატრია, ნეტავ, დამიძახოს-მეთქი? არა, აღარ მეძახდა! ბოლოს ვუთხარით, ასე იყო-მეთქი, ბევრი იცინა…

გივის ოინები

გადაღებები გვქონდა ახალქალაქში, დედოფლისწყაროში, თბილისში – პავილიონებში… როგორც გითხარით, მე და ეროსი ერთად ვცხოვრობდით. ეროსი ზღაპრულად კარგი კაცი იყო, დიდი შემოქმედი, გადაღებებზე რომ წავიდოდა (თუ მას ჰქონდა გადაღება და ჩვენ – არა), გვეტყოდა ხოლმე: წამოდით, თქვე ოხრებო, მიყურეთო!.. მერე აზრს გვეკითხებოდა. ერთხელ ვიღაცამ მოიკითხა, როგორ ხარო.  როგორ უნდა ვიყო, კაცო, ცოლ-შვილი ჩამოუვიდა გივის და სახლიდან გამომაგდოო, – ჩემზე თქვა. ზოგჯერ ექსპედიციაში რომ მივდიოდით, დიდხანს გვიწევდა იქ ყოფნა და, ვისაც ოჯახი გვყავდა, ჩამოგვაკითხავდნენ ხოლმე. ჩემი გოგო მაშინ პატარა იყო. მახსოვს, როგორ ეთამაშებოდა ხოლმე ბატონი ეროსი… სოსო ლაღიძესაც თან ჰყავდა თავისი პატარა გიორგი…

ეროსი თავისებურად მოაზროვნე კაცი იყო. მახსოვს, ერთ საღამოს თავისი საწოლი გაჰქონდა გარეთ – ღამე კუბოში ნაწოლ კაცთან არ დავწვებიო. თუ მასეა, მე დავწვები გარეთ, შენ რატომ უნდა გახვიდე-მეთქი და საწოლი გავიტანე აივანზე. ერთი-ორი ღამე კი ვაკაკუნე კბილები სიცივეში, მაგრამ მერე შევეცოდე და შემოდი, შემოდი, შე ოხეროო, მითხრა… ბაზარში წასვლას ვერავინ დაასწრებდა, ყველაფერი თვითონ მოჰქონდა. ერთხელ უამრავი ახალი ხილი მოიტანა, ვაზაში ჩააწყო და ზემოდან თეთრი ტილო გადააფარა. ეროსი ძალიან მოწესრიგებული და სისუფთავის მოყვარული კაცი იყო. ვიფიქრე, სანამ გადაღებიდან დავბრუნდები, შეიძლება ეს ხილი აღარ დამხვდეს-მეთქი და ტილოზე ზემოდან გუდრონის ნამცეცები დავყარე, თაგვის ცურცლი ეგონება, პირს არ დააკარებს და ყველაფერი მე დამრჩება, თან მეზობლებიც გავაფრთხილე, არაფერი უთხრათ-მეთქი. ვბრუნდები გადაღებიდან და ვხედავ, სახლიდან გამოვიდა, ჩანთები უჭირავს ხელში. სად მიდიხართ-მეთქი, აკაკიჩ? – ვკითხე. ბაზარში, ხილი უნდა ვიყიდოო. ხილი ხომ გვაქვს-მეთქი? – გამეცინა. აღარ გვაქვს გადავყარეო. თურმე მთელი ხილი საპირფარეშოში ჩაუყრია. სხვა, ალბათ, ტილოს გადაბერტყავდა, თვითონ არ შეჭამდა ამ ხილს, არ მინდოდაო, იტყოდა. ეროსი კი სხვანაირი პიროვნება იყო, სასწაული ადამიანი. მე, მკვდარი ეროსი არ მინახავს, ვერ შევძელი. პანაშვიდების დროს მეორე ქუჩაზე ვიდექი და ისევ ისეთი, ცოცხალი მახსოვს. მისი სიკვდილი ჩემთვის ძალიან გულსატკენი, თანაც მოულოდნელი იყო. იმ დღეს დიდი რობერტ სტურუა (რობიკოს მამა) დავკრძალეთ. გასვენებაში მე და ეროსი ერთად ვიყავით. რაღაც ვერა ვარ კარგადო, თქვა და სანამ გამოასვენებდნენ, სახლში წავიდა. იმ საღამოს თურმე ნარდს თამაშობდა, მერე – ჩაის ავადუღებო, უთქვამს და სამზარეულოში გასულა. სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ეს დიდებული ადამიანი…

 „კარგი ჩაწექი, ჩაექი, შე უტვინო, რამ დაგაძინა

მეკითხებიან ხოლმე, კი, ფილმს იღებდით, მაგრამ კუბოში ჩაწოლის არ შეგეშინდაო? რისი უნდა შემშინებოდა? პირიქით, მშვენივრად ვგრძნობდი თავს. მაშინ ტექნიკა სხვანაირი იყო, საკმაოდ დიდხანს უნდებოდნენ განათების დაყენებას. თან ჩვენი ოპერატორი ტიტე კალატოზიშვილი ძალიან კირკიმელა კაცი იყო, სანამ ყველაფერს თავისებურად არ მოაწესრიგებდა, გადაღებას არ დაიწყებდა. ფიცარზე ხომ არ დაწვებაო და კუბოში რბილი რაღაცეები ჩამიფინეს. მე ცოტა გადაღლილი ვიყავი (ყოველ ღამე, გადაღების შემდეგ ვქეიფობდით), ჩავწექი რბილად და სანამ შუქს დააყენებდნენ, წავუძინე კიდეც. ამაზე სულ გაგიჟდა ეროსი: კარგი ჩაწექი, ჩაწექი, შე უტვინო, რამ დაგაძინაო?!..

რაც შეეხება  ჯვარზე გაკვრას, ამის გამო ცოდვის ჩადენის შეგრძნება არასოდეს მქონია, ეს ხომ, უბრალოდ, ფილმია. ჩემთვის არავის არასოდეს დაუშლია ეკლესიაში სიარული და არც მე შემშინებია იქ შესვლის. ყოფილა შემთხვევა, სხვის მაგივრად შევსულვარ ნათლობაზე, ისინი კი, ვისაც მანდატები ედოთ ჯიბეში, გარეთ იდგნენ. თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი ჭორები გავრცელდა ქალაქში, 14 იანვრამდე ვინც არ მოინათლება, მოკვდებაო. უზარმაზარი რიგები იდგა ეკლესიებთან, 15-20 კაცს ერთდროულად ნათლავდნენ. ძალიან შეშინდა ხალხი. მაშინ ერთმა ახლობელმა შემომჩივლა, დავიღუპე, ვერცერთ ეკლესიას ვერ მივეკარე, მიშველე რამეო… კაი მუტრუკი იყო უკვე. დიდუბის ეკლესიის მოძღვარი ჩემი ახლობელი იყო. სადღაც გავძვერი, გამოვძვერი და ძლივს შევაღწიე ეკლესიაში. აქ რა გინდა, შე „უწმინდუროო“, მითხრა, რომ დამინახა. „უწმინდურს“ მეძახდა მოფერებით. ავუხსენი, რაც მინდოდა. მომინათლა კიდეც ის ბიჭი და ცოტა ფულიც მაჩუქა – როგორც გინდა, ისე მოიხმარეო.

„ლონდრეს“ გადაღების დროს ხალხს გმირი ვეგონე

გადაღებას თავისებური ტექნოლოგია აქვს: „მატორ!.. კამერა!.. გეროი!..“ დაიძახებდა ხოლმე ტიტე, და იწყებოდა გადაღება. ახალქალაქში რომ ჩავედი და ტიტემ დაიძახა: „მოტორ!.. კამერა!.. გეროი!..~ გაუკვირდათ, ასეთი პატარა ბიჭი ფრონტზე არ უნდა იყოს ნამყოფი და გმირობა საიდან, რაში მიიღოო? არის, თურმე ერთი ამბავი. ერთხელ ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მამაჩემა გთხოვათ, იქნებ საღამოს ჩვენთან გამოიაროსო. უარი არ მითქვას. საღამოს, დამთავრდა თუ არა გადაღება, ტანსაცმელი გამოვიცვალე და წავედი. ეზოში გაშლილი სუფრა დამახვედრეს. შუა ქეიფის დროს მითხრა იმ კაცმა „შვილო, დავიტანჯე, ერთი გამაგებინე, გმირობა რაში მიიღეო? რა გმირობა, რის გმირობა, უბრალოდ, ფილმის მთავარ მოქმედ პირს „გეროის“ ეძახიან-მეთქი, ავუხსენი. შენ აგაშენა ღმერთმა, ღამეები არ მეძინა, ვიფიქრე, ასეთი პატარა ბალღი გმირი საიდან გახდა-მეთქი… აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა, „ლონდრეს“ გადაღების დროს ხალხს გმირი ვეგონე…. სხვა რა გითხრათ?…

***

„ლონდრე“ ეკრანზე 1966 წელს გამოვიდა და მაყურებელი დღემდე სიამოვნებით უყურებს – ფილმს „ნაფტალინის სუნი არ აქვს“.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close