ღაზის სექტორიდან ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის აფეთქებას ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, რაკეტა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ნეტივ ჰაასარას დასახლების მიმართულებით ისროლეს.
გავრცელებული ცნობით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მაღალი გამავლობის ავტომობილს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მასირებული სარაკეტო დაბომბვა 12 მაისსაც გრძელდება. ღაზის სექტორის მომიჯნავე ისრაელის დასახლებებში გამაფრთხილებელი საგანგაშო სიგნალების და აფეთქებების ხმა ისმის. ქალაქ ლოდში, რომელიც თელ-ავივიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სარაკეტო დარტყმისგან 2 ადამიანი დაიღუპა – მამაკაცი და ბავშვი.
კიდევ ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა დასახლებულ პუნქტ იეჰუდაში, თელ-ავივთან ახლოს. საჰაერო განგაში გამოცხადდა, აგრეთვე, ქალაქებში – ბეერ-შევასა და აშკელონში. 11 მაისს გავრცელდა ინფორმაცია აშკელონში 2 ისრაელელი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, 100-მდე ადამიანი კი დაიჭრა. რაკეტების დიდ ნაწილს – 90%-ს ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა – „რკინის გუმბათი“ იჭერს.
ისრაელის დაცვის არმიის ინფორმაციით, 10 მაისის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან გამოშვებულია 800-ზე მეტი რაკეტა. თავის მხრივ, ისრაელის არმიამ საპასუხოდ 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის, დაანგრია მაღალი შენობები, სადაც რადიკალური ისლამური მოძრაობის, „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრების ოფისები მდებარეობდა. როგორც ცნობილია, ღაზის სექტორს „ჰამასი“ აკონტროლებს. ღაზის სექტორის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, დაიღუპა 35, ხოლო დაიჭრა 233 ადამიანი.
ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა არაბებისა და ებრაელების მასშტაბური შეტაკებების შემდეგ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქს ვეღარ აკონტროლებს და წესრიგი სამხედროებმა უნდა აღადგინონ. აგრეთვე, ვრცელდება ცნობები არეულობებზე დასახლებულ პუნტქებში – აკოსა (ისრაელის ჩრდილოეთით) და იაფაში (თელ-ავივის ახლოს), სადაც ბევრი არაბი ცხოვრობს.
აღმოსავლეთ იერუსალიმში კონფლიქტი რამდენიმე დღეა გამწვავდა. თავიდან ამის მიზეზი გახდა იერუსალიმის სამართალდამცველების მიერ პალესტინელებისთვის რამადანის ტრადიციული საღამოს შეკრების აკრძალვა იერუსალიმის ძველ ქალაქში. ესკალაციის მეორე მიზეზი გახდა ისრაელის ხელისუფლების გეგმა, გაასახლონ პალესტინელთა ოჯახები მათი სახლებიდან იერუსალიმის რამდენიმე რაიონში. გასახლების საბაბია ის, რომ, ისრაელის მთავრობის განცხადებით, 1948 წლამდე ეს ებრაული ოჯახების საკუთრება იყო. ამ ფონზე „ჰამასმა“ ისევ დაიწყო ისრაელის სარაკეტო დაბომბვა ღაზის სექტორიდან.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მაცხოვრებლებს მოუწოდა, ხანგრძლივი კონფლიქტისთვის მოემზადონ. ამასთან, ზოგიერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეს ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი სამთავრობო კრიზისის გამო ნეთანიაჰუს შესაძლოა ეს კონფლიქტი ხელს აძლევდეს.
ევროკავშირმა და აშმ-მ ორივე მხარეს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. ვაშინგტონში, ამასთან, ისიც აღნიშნეს, რომ ისრაელს აქვს უფლება, საკუთარი მოსახლეობა და ტერიტორია დაიცვას.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები