fbpx
საზოგადოებასაქართველო

ანდრია პირველწოდებული საქართველოში

12 მაისს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე პირველად ბერძნულ მწერლობაში ჩნდება IX საუკუნის მეორე ნახევარში და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით, ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ინფორმაცია წმინდა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმინდელს (XI საუკუნის მეორე ნახევარი) მოეპოვება. იგი საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დაყრდნობით ამტკიცებდა.

წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და გალილეის ტბაში თევზაობდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხმა ქუხილივით გაისმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. „აჰა, ტარიგი ღმრთისა“ – მაცხოვრის გამოჩენისას წმინდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს ამ სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც ორივე მათგანი იესოს გაჰყვა. ანდრიამ მესიის პოვნა ძმასაც ახარა, იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.

ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და აღდგომის მოწმენიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ანდრიას ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი ყრმა იესოთი გამოისახა. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი აკურთხა. წმინდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ შავიზღვისპირეთს მიაშურა და „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია. კერპთაყვანისმცემელი მოსახლეობა წმინდანს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, არაერთი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დaუდგინა მღვდლები და დიაკვნები, „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა.

ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და იქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდება ამ მთას „რკინის ჯვარი“).

ფერსათის შემდეგ მოციქული სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. სოფელში არაერთი სასწაული აღავლინა, მოაწყო ეკლესია, სადაც მცირე ეკვდარში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ წმინდა ანდრია სვიმონ კანანელsa და მატათასთან ერთად კვლავ საქართველოში დაბრუნდა და ქრისტიანობა ქართლში, სამეგრელო-სვანეთსა და აფხაზეთში იქადაგა. წმინდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა – მდინარე დნეპრს იმ ადგილამდე აჰყოლია, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს, ჯვარი აღუმართავს და უწინასწარმეტყველებია, ამ ადგილას დიდი ქალაქი აშენდებაო.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო. წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი – ეგაეტი კვლავ ცრუ ღვთაების ერთგული რჩებოდა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს, ჯვარზე თავისით ავიდა. მისთვის ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი ანდრია. წმინდა მოციქულმა ორი დღე იქადაგა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა ჯვრიდან მისი ჩამოხსნა მოითხოვა. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ ძელიდან მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ მის წინ შეკრებილი მორწმუნეები დალოცა და თავისი ნეტარი სული უფალს მიაბარა.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი (ლურჯი მონასტერი) თბილისში, ვერის პარკთან. ალექსეი მუხრანოვის ფოტო, 2011 წ.. ვიკიპედია.

ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას ქალაქ პატრაში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდის ვაჟმა -კონსტანციუსმა, წმინდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში და წმინდა მოციქულთა ტაძარში ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით დაასვენა.

IX საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა ქალაქ პატრის წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრის არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით წმინდა ანდრიას თავის ქალა რომში გადააბრძანა. დღეისათვის წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა მოციქულის წამების იარაღის – ჯვრის გვერდით არის დაბრძანებული ქალაქ პატრის წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილების უმრავლესობა ათონის მთაზე იმყოფება: X საუკუნიდან მკლავი დაბრძანებულია ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ელია წინასწარმეტყველის ლავრაში ინახება, მეორე – წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაშია დაბრძანებული. ვენეციაში 1208 წლიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის ის ნაწილებია დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადაეცა.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმინდა ანდრიას:

„წმინდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა“.

 ***                               

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე და ეროვნული დღესასწაულია. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ და წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close