ჩინური რაკეტის ნაწილები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა
ჩინური რაკეტა-მატარებლის „ჩანჩჟენ 5-B-ს“ საფეხურის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, – ამის შესახებ ჩინეთის მთავრობამ განაცხადა. დედამიწის ატმოსფეროში ჩინური რაკეტის საფეხურის შემოსვლა უკონტროლო იყო, რის გამოც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები შიშობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ნამსხვრევები დასახლებულ პუნქტებს დასცემოდა.
რაკეტა-მატარებლმა „ჩანჩჟენ 5-B-მა“ ორბიტაზე პირველი ჩინური კოსმოსური სადგური გაგზავნა.
ჩინური სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ რაკეტის საფეხური დედამიწის ატმოსფეროში კვირას, 10:24 სთ-ზე შემოვიდა (პეკინის დროით; თბილისის დროით – 06:24 სთ-ზე). მისი უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვა, თუმცა რამდენიმე ნამსხვრევი ოკეანეში ჩაცვივდა მალდივის კუნძულებიდან დასავლეთით.
ამერიკის კოსმოსურმა ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ „ჩინური რაკეტა „ჩანჩჟენ 5-B“ ატმოსფეროში არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე შემოვიდა, თუმცა ამერიკელი სამხედროების თქმით, მათთვის უცნობია, სად დაეცა ნამსხვრევები – ხმელეთზე თუ წყალში. დედამიწაზე დაბრუნებული რაკეტის საფეხურის მასა 18 ტონა იყო.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები