BBC: პანდემიისას სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს არატრადიციული მეთოდით დაკრძალვის სურვილს
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს, სულ უფრო მეტი ადამიანი „იჭერს თადარიგს“, თუ როგორ უნდა მოექცნენ მის სხეულს გარდაცვალების შემდეგ, – წერს BBC.
როგორც ირკვევა, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს კომპანიებს, რომლებიც მოქალაქეებს დაკრძალვის უჩვეულო მეთოდებს სთავაზობენ.
მაგალითად, აშშ-ში ჯერ კიდევ 1998 წლიდან არსებობს კომპანია „სამარადისო რიფები“, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, გარდაცვალების შემდეგ, ადამიანების სხეულებს, ეკომეგობრულ მასასთან შერევის გზით, რიფებად გარდაქმნის და ოკეანის ფსკერზე ათავსებს. აღმოჩნდა, რომ პანდემიისას ამ კომპანიისადმი ადამიანების მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა.
გარდა ამისა, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთაც სურთ, მათი სხეული ნაყოფიერ ნიადაგად აქციონ. ტექნოლოგია ასეთია: ცხედარს ფოლადის ცილინდრში ათავსებენ – ხის ნაფოტებთან და იონჯის თივასთან ერთად. შემდეგ ცილინდრს ლუქავენ და 30 დღის შემდეგ ბიოქიმიური პროცესი დასრულებულია. ამ ტექნოლოგიას „ადამიანების კომპოსტირებას“ უწოდებენ. პროცესისგან 84 კუბურ სანტიმეტრამდე ნაყოფიერი ნიადაგი მიიღება და მას იმის მიხედვით იყენებენ, თუ რა სურდა ადამიანს გარდაცვალებამდე.
გარდა აღნიშნული მეთოდებისა, იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებსაც გარდაცვალების შემდეგ კრემაცია სურთ. კომპანიების წარმომადგენლები ადამიანების უჩვეულო მეთოდებით დაინტერესებას იმით ხსნიან, რომ მსოფლიო პანდემიამ ისინი მეტად დააფიქრა სიკვდილზე და იმაზე, რომ ის გარდაუვალია.
imedinews.ge
კომენტარები