სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.
„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!
ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“ – წერს ზურაბიშვილი.
დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ და პლენარულ სხდომას დაესწრნენ.
გიორგი რურუამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის ხელმოწერის შემდეგ გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. სასამართლომ ბრალდებული სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
კომენტარები