fbpx
ტექნოლოგიები

მარსზე მოგზაურობისას შესაძლოა ბევრი ადამიანი დაიღუპოს – ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, მარსზე მოგზაურობისას შესაძლოა ბევრი ადამიანი დაიღუპოს. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ეს განცხადება არაკომერციული ორგანიზაციის X Prize Foundation დამაარსებელთან და ხელმძღვანელთან, პიტერ დიამენდისსთან საუბრის დროს გააკეთა.

„მარსზე გამგზავრება ანტარქტიდისკენ ერნესტ შეკლტონის ექსპედიციას ჰგავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ საშიში, არაკომფორტული და ხანგრძლივი მოგზაურობაა. შესაძლოა, უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეთ, თუმცა ეს დიდებული თავგადასავალი და საოცარი გამოცდილება იქნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, დასაწყისში ბევრი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა ილონ მასკმა.

SpaceX-ის ხელმძღვანელის ვარაუდით, კოსმოსური ხომალდი Starship-ი, რომლითაც კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად, წითელ პლანეტაზე პირველი ეკიპაჟიანი მისიის განსახორციელებლად 2026 წლისთვის იქნება მზად. რაც შეეხება ციური სხეულისკენ აპარატის სატესტო ფრენას, ილონ მასკის თქმით, შესაძლოა, ის 2024 წელს შედგეს. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოთველმაც გააკეთა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია ეკიპაჟთან ერთად Starship-ის მარსზე გაშვებას 2030 წლამდე გეგმავს.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Starship პროტოტიპი SN15. ფოტო: SpaceX

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ილონ მასკმა საზოგადოებას მარსის კოლონიზაციის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო. მისი განცხადებით, ადამიანებმა იქ არსებობა დედამიწასთან კავშირის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით უნდა შეძლონ. მასკის თქმით, წითელი პლანეტის პირველ კოლონისტებს საწყის ეტაპზე ცხოვრება შუშის გუმბათებში მოუწევთ, თუმცა იქ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა პირობა იქნება შექმნილი. ამის გარდა, მან ისიც აღნიშნა, რომ კომპანია SpaceX მარსზე დაარსებული კოლონიის სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფისას დედამიწაზე მოქმედ საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაექვემდებარება, არამედ საკუთარს შექმნის.

ილონ მასკის კომპანიამ მთვარესა და მარსზე ეკიპაჟიანი მისიების განსახორციელებლად ახალი თაობის პილოტირებადი საფრენი აპარატის, Starship-ის შექმნა 2016 წლიდან დაიწყო. როგორც ცნობილია, დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. მოცემული დროისთვის ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად მან სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს საფრენი აპარატის გაუმჯობესებაში ეხმარება.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close