ისტორიაპოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი 1915 წელს

ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პირველმა, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ BBC წერს.

ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

„ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომეხთა გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში მსგავსი ბოროტებების განმეორებას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბაიდენმა შაბათს, 24 აპრილს, როდესაც სომხეთი და სომხური დიასპორა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.

„ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინათ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა სომეხთა გენოციდის აღიარების პირობა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, ზუსტად ერთი წლის წინათ, ამავე დღეს დადო და ერთი წლის თავზე შეასრულა კიდევაც.

ჯო ბაიდენის ამ განცხადებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, თუმცა შესაძლოა გააუარესოს ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობები თურქეთთან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მთლიანად უარყოფს აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და მას მხოლოდ პოპულიზმზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უწოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ „სომხები მთელ მსოფლიოში დიდი ენთუზიაზმით მიესალმნენ გენოციდის აღიარებას“.

რა მოხდა 1915 წელს?

  • ისტორიკოსთა უმეტესობა თანხმდება, პირველი მსოფლიო ომის დროს ასიათასობით სომეხი დაიღუპა ანატოლიიდან მასობრივი დეპორტაციის დროს.
  • გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის თანახმად (IAGS), დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი. ბევრი ისტორიკოსი ასახელებს 1,5 მლნ მსხვერპლს.
  • თურქმა ისტორიკოსმა ტანერ აკჩამმა, აშშ-ის კლარკის უნივერსიტეტის პროფესორმა, გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ სომეხთა მასობრივი მკვლელობა ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლების ბრძანებით ხდებოდა.
  • რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ბრაზილია და სხვა ქვეყნები ოფიციალურად აღიარებენ ამ ფაქტს გენოციდად, ისევე როგორც ევროპარლამენტი.
  • რომის პაპმა ფრანცისკემ  სომეხთა დახოცვას  ХХ საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა.
  • თურქეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაღუპული სომხების საერთო რიცხვი 300 000-ს არ აღემატება. ისინი არ აღიარებენ, რომ სომეხთა მიზანმიმართული ხოცვა ოსმელეთის ხელისუფლების ბრძანებით მიმდინარეობდა.
ბანაკი დეპორტირებული სომხებისთვის ბაღდადის რკინიგზაზე, 1915 წ. ფოტო ARMIN T. WEGNER

ნუცა ყაველაშვილი

p. s. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების აღსანიშნავად გვიან ღამთ ერევანში ასობით ადამიანი გამოვიდა. სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა საზეიმო დემონსტრაცია გამართეს აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესშიც.

სტატია განახლებულია 25.04, 13 სთ-ზე, კერძოდ, დამატებული აქვს პოსტ სკრიპტუმის ნაწილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close