ისტორიასაქართველო

ივანე ჯავახიშვილის ტკივილიანი „ოდისეა“ და დაბრუნება სიკვდილის შემდეგ

პროფესიით პედაგოგი ალექსანდრე ჯავახიშვილი და მისი მშვენიერი მეუღლე, ძირძველი არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი სოფიო ვახვახიშვილი, რომლებიც თავიანთ ექვს შვილს ქართული ხალხური სიტყვიერებისა და ცეკვა-სიმღერების სიყვარულით ზრდიდნენ, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ცხოვრების გზად მეცნიერულ მოღვაწეობას აირჩევდა და ქართველი ერის ეროვნული ცნობიერების გადარჩენაშიც დიდ წვლილს შეიტანდა. უდიდესი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი თბილისში  მოევლინა ქვეყანას 1876 წლის 23 აპრილს (ძვ. სტ. 11 აპრილს).

მომავალი მხატვარი თუ

ივანე ჯავახიშვილი ბავშვობიდანვე მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩედა: კარგად უკრავდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე, მღეროდა („მუმლი მუხასა“ მისი უსაყვარლესი სიმღერა იყო), არაჩვეულებრივად ხატავდა… პატარა ბავშვის ნახატები ისეთი ინდივიდუალურობითა და ორიგინალურობით გამოირჩეოდა, რომ თურმე მხატვრის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, როგორც თავად ამბობდა, მეოთხე კლასიდან მეცნიერებამ გაიტაცა და ხატვას თავი დაანება.

თავიდან თბილისის მე-3 გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ სწავლა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. საუკეთესო მოსწავლე ყოფილა – ყველა საგანს კარგად სწავლობდა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ისტორია შეჰყვარებია.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილი სწავლას პეტერბურგის უნივერსიტეტში, აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე განაგრძობს სპეციალობით „საქართველოს და სომხეთის ისტორია“.

პეტრებურგში ჩასვლისთანავე იგი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი გახდა, ძალიან მალე კი თავად ჩაუდგა სათავეში სათვისტომოს. მან გარშემო ამიერკავკასიიდან პეტერბურგში ჩასული სხვა ეროვნების სტუდენტებიც შემოიკრიბა და „ამიერკავკასიის სათვისტომო“ შექმნა.

დაგკოცნი უანგარიშოდ

სტუდენტობის პერიოდში მთელი ოჯახი მხარში ედგა ივანე ჯავახიშვილს როგორც მატერიალურად, ისe მორალურად – საოცრად თბილ წერილებს სწერდნენ, რაც მუდმივად შრომაში ჩართულ ახალგაზრდას გულზე მალამოდ ედებოდა. დედა ყოველ წერილს ერთი და იმავე სიტყვებით ასრულებდა: „დაგკოცნი უანგარიშოდ“… და – ეკატერინე კი სთხოვდა, ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა: „არ გვინდა შენი პროფესორობა, თუ ჯანმრთელობა არ დაგრჩა“…

ცნობილია, რომ პეტერბურგში სწავლის პერიოდში ივანე ჯავახიშვილს მართლაც შეერყა ჯანმრთელობა: კრემიანი ფუნთუშით მოიწამლა, რამაც ისე დაუზიანა კუჭ-ნაწლავი, რომ შემდეგ მთელი სიცოცხლის განმავლობაში დიეტაზე უწევდა ყოფნა. ექიმები საქონლის ტვინის ჭამას ურჩევდნენ. როგორც ჩანს, ახლობლები ხშირად ერთი და იმავე გამყიდვლისგან ყიდულობდნენ ბაზარში საქონლის ტვინს. ერთ დღესაც გამყიდველს ივანეს ნათესავისთვის უკითხავს: ვინ გყავთ ასეთი უტვინო, სულ ტვინს რომ აჭმევთო…

გაყიდული ერთადერთი ჯილდო

მესამე კურსზე იყო ივანე ჯავახიშვილი, როდესაც მისმა სამეცნიერო ნაშრომმა კონკურსში გაიმარჯვა. პეტერბურგის უნივერსიტეტმა ნიჭიერი ახალგაზრდა ოქროს მედლით დააჯილდოვა. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში ხდებოდა. ამგვარ დემონსტრაციულ გამოსვლებს დაჩვეული არ ვარო, – განაცხადა ბუნებით მოკრძალებულმა ივანემ და ოქროს მედალი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აიღო უნივერსიტეტის კანცელარიაში. ეს იყო ერთადერთი ჯილდო, რომელიც მას თავისი ნაშრომისთვის სიცოცხლეშივე მიანიჭეს. თურმე ძალიან აფასებდა და სათუთად ინახავდა ამ ოქროს მედალს, მაგრამ ერთხელ, გაუსაძლის გაჭირვებაში მყოფი, იძულებული გამხდარა ეს სანუკვარი ჯილდო 120 მანეთად დაეგირავებინა. გამოსატანად ერთი დღის დაგვიანებით მისულა, მაგრამ გავყიდეთო, – უთქვამთ და მედალი არ მიუციათ… ასე დაკარგა ერთადერთი ჯილდო ივანე ჯავახიშვილმა, რაზეც ძალიან სწყდებოდა გული.

ქართული სიტყვიერების მაგისტრი

პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილი „ქართული სიტყვიერების მაგისტრი“ გახდა. ეს იყო 1901 წელს. ამის შემდეგ ძალიან მალე იგი თავის პედაგოგთან, ნიკო მართან ერთად პალესტინაში, სინას მთაზე გაემგზავრა იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერების შესასწავლად.

1906 წელს მეცნიერი ცარიზმისადმი ღრმა სიძულვილით გამსჭვალულ ბროშურას აქვეყნებს. ამ ნაშრომის („პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“) გამო ივანე ჯავახიშვილი პოლიტიკურად არასაიმედოდ გამოაცხადეს და სამართალში მისცეს, წიგნი კი აიკრძალა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ფიქრი ივანე ჯავახიშვილმა ქართული უნივერსიტეტის დაარსებაზე, მანამდე კი მის ცხოვრებაში ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: 1905 წლის ზაფხულში გაიცნო მომავალი მეუღლე, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ოცდაორი წლის უმშვენიერესი ქალიშვილი ანასტასია ჯამბაკურორბელიანი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. იმ დღეს ანასტასია მთელი გრძნობით უკრავდა ვიოლინოზე, ივანე კი აღფრთოვანებული და უკვე შეყვარებული უყურებდა უცნობ ქალიშვილს… ახალგაზრდებმა 1906 წლის 30 ოქტომბერს პეტერბურგში დაიწერეს ჯვარი. მაშინ ივანე ჯავახიშვილი უკვე 30 წლის იყო. პირველი ქალიშვილი – ნათელა, 1908 წელს შეეძინათ, შემდეგ კი ვაჟები – კახა და ალექსანდრე (ლალი) დაიბადნენ.

ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახს თბილისში საკუთარი სახლი არასოდეს ჰქონია. ივანე ჯავახიშვილი ორბელიანებისეულ სახლში ცხოვრობდა და მთელი სიცოცხლე მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა, თუმცა ამის შესახებ არასოდეს დაუჩივლია. იმდენად უჭირდათ, რომ სახურავის შეკეთებასაც ვერ ახერხებდნენ, საიდანაც წვიმის დროს წყალი ისე ჩამოდიოდა, რომ ოჯახის წვრები თურმე სახლში ქოლგებით დადიოდნენ. ხელნაწერები რომ არ გაფუჭებოდა, დიდი მეცნიერი თავის სამუშაო მაგიდას ხან ერთ კუთხეში მიაგორებდა ხოლმე, ხან მეორეში…

ცხადად ქცეული ოცნება

ივანე ჯავახიშვილმა საქართველოში ქართველ მეცნიერთა წრე ჩამოაყალიბა და ამ წრის ბაზაზე, არაერთი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში პირველი ქართული უნივერსიტეტი დააარსა. იმ დღეს თბილისში „საზეიმო შეკრებილობამ“ დაადგინა: მადლობა გადავუხადოთ ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელს, ივანე ჯავახიშვილსო. ხალხი ხანგრძლივი ტაშთა და ოვაციებით შეხვდა 42 წლის მეცნიერს და, სხვათა შორის, ყველას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მისი წინადადებით, უნივერსიტეტის რექტორად იმ პერიოდში რუსეთსა და უცხოეთში სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი ქართველი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. ივანე ჯავახიშვილმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ საქართველო საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარებას საჭიროებდა და პეტრე მელიქიშვილი ამ საქმეს მასზე უკეთ გაუძღვებოდა.

1919 წლის 17 დეკემბერს, მიუხედავად ივანეს წინააღმდეგობისა, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ იგი ერთხმად აირჩია რექტორად. ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. დამოუკიდებლობის პირველ წლებს თან შიმშილი და გაჭირვება ახლდა. უნივერსიტეტის პროფესურა ივანე ჯავახიშვილის დიდი ძალისხმევით გადარჩა, მაგრამ ძალიან მალე თვით მის წინააღმდეგ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა. ფიზიკურად არ გაუნადგურებიათ, მაგრამ მის, როგორც მეცნიერის,  წინააღმდეგ საშინელი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა, მას ისტორიული ფაქტების მიჩქმალვასა და გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, რასაც 1926 წლის 23 ივნისს მისი რექტორობიდან გათავისუფლება მოჰყვა. სახალხო კომისარიატის, მათ შორის, პირადად მალაქია ტოროშელიძის წინადადებით, რექტორად იმ უნივერსიტეტისა, რომელსაც ჯერ დიდი პეტრე მელიქიშვილი და შემდეგ დიდი ივანე ჯავახიშვილი უდგნენ სათავეში, თედო ღლონტი აირჩიეს. ეს ფაქტი მეცნიერმა ძალიან განიცადა და ლოგინად ჩავარდა. „ამაზე მეტი ვეღარაფერი გადამხდება… ბედმა ბევრი უსიამოვნება მარგუნა, მეტადრე უკანასკნელ ათწლეულში და ერთადერთი ნუგეში ჩემთვის კვლევა-ძიება იყო. ყოველთვის, ასეთ შემთხვევაში, საშინელი მღელვარება მამშვიდებდა და მოყენებული უსამართლობის სიმწარე მავიწყდებოდა ხოლმე“, – წერდა მუდამ მოკრძალებული მამულიშვილი.

1926-1931 წლებში ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ განაგრძობდა მოღვაწეობას. სახკომსაბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილების შედეგად უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ჩატარდა და მის ბაზაზე 4 სპეციალური სასწავლო ინსტიტუტი შეიქმნა. განათლების სახალხო კომისარიატის 1931 წლის 28 მაისის დადგენილების საფუძველზე ივანე ჯავახიშვილი პედაგოგიური ინსტიტუტიდან გააძევეს „კონდრატიევშჩინას“ მავნებელთა ჯგუფის თანამოაზრეობის ბრალდებით…

1933 წლის 17 თებერვალს ივანე ჯავახიშვილი კვლავ დაუბრუნდა უნივერსიტეტს და საქართველოს ძველი ისტორიის კათედრის გამგედ დაინიშნა. ამ პერიოდში ისევ განახლდა დაუნდობელი ბრძოლა ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ. დიდმა მეცნიერმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – 1936 წლის 10 აპრილს განათლების სახალხო კომისარს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აუწყებდა უნივერსიტეტში მოღვაწეობისთვის თავის დანებების შესახებ. ამის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია შეწყდა.

დრომ და ისტორიამ ძალიან მალე მიუჩინა ყველაფერს თავისი ადგილი: ივანე ჯავახიშვილი გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ სამუდამოდ დაბრუნდა თავის მიერ დაარსებულ ცოდნის ტაძარში – 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სრულიად სამართლიანად ეწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელი. 

„დიდი ივანე“

„დიდი ივანე“ – ამ სახელით ივანე ჯავახიშვილის სიკვდილის შემდეგ მოიხსენიებენ. სიკვდილი კი მართლაც საოცარი ხვდა წილად დიდ მეცნიერს: ლექციის კითხვისას გარდაიცვალა. თბილისში 1940 წლის 18 ნოემბერი იდგა. ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები“. დარბაზი მსმენელს ვერ იტევდა. ივანე ჯავახიშვილმა ლექციის კითხვა დაიწყო. სამწუხაროდ, მხოლოდ 38 წუთი კითხულობდა. უცებ თავი ცუდად იგრძნო. არ უნდოდა ტკივილს დამორჩილებოდა, მაგრამ გულმა უმტყუნა… კათედრასთან პირველი აკაკი შანიძე მიიჭრა… მღელვარებამ მოიცვა მთელი თბილისი – ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა… მაშინ ის მხოლოდ 64 წლის იყო.

სიკვდილამდე სამი წლით ადრე უთქვამს: „ჩემდა საუბედუროდ, შრომისა და მძიმე ტვირთის გამნაწილებელი არავინ მყოლია და მოუცლელობის გამო ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი, რომ ერთხელ დაწერილის შემოწმებისთვისაც დრო არ მქონია“.

გულწრფელი ცრემლებით ტიროდა ნამდვილი საქართველო თავის ღირსეულ შვილს, რომელსაც ბევრჯერ უღირსად მოექცნენ. მისი ნეშტი უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს.

***

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა ილია ჭავჭავაძის ტექსტზე დაწერილი რომანსი „ნანა, შვილო, ნანინა“ ივანე ჯავახიშვილს მიუძღვნა. ივანე აღფრთოვანებულა. საპასუხოდ ზაქარიას მიუწერია: „რაც შეეხება „ნანა, შვილო, ნანინას“, რომელიც მე თქვენ გიძღვენით, სრულიად მადლობად არ ღირს და მერწმუნეთ, თქვენ, როგორც ერთადერთი გულწრფელი მოტრფიალე ქართული ხელოვნებისა, ბევრად მეტის ღირსი ხართ“.

მოამზადა  თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close