ქართველები უცხოეთშიმიგრაცია

იტალიის ქალაქებში „სანატორიას“ პროცესის დაჩქარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო, 29 აპრილს აქცია ბარიში გაიმართება

რა სიტუაციაა ამჟამად და რატომ აიმედებს თანამემამულეებს ქართველი ემიგრანტი, რომელმაც საბუთი წინა „სანატორიას“ საფუძველზე აიღო

უკვე ერთი წელი სრულდება, რაც იტალიის ხელისუფლებამ დაიწყო არალეგალური მიგრანტების რეგულარიზაციის პროცესი ე. წ. სანატორიას კანონის (ამნისტია) საფუძველზე. განაცხადების მიღება ზუსტად 8 თვის წინათ, 15 აგვისტოს დასრულდა, თუმცა საქმე თითქმის გაყინულია და ათიათასობით შრომითი მიგრანტი, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ოჯახებში დამხმარედ ან მომვლელებად და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე არიან დასაქმებულები, კვლავ მოუთმენლად ელოდებიან, როდის გამოიძახებენ კვესტურაში.

გაურკვევლობამ, უშედეგო მოლოდინმა მიგრანტების მოთმინების ფიალა აავსო და მათ გადაწყვიტეს, პროტესტით მიეწვდინათ ხმა ხელისუფლებისთვის, რათა პროცესი დაჩქარდეს და მათი საკითხი გაირკვეს.

პირველი, არცთუ ისე ხალხმრავალი აქცია მილანში, პიაცა ბაბილაზე გაიმართა 29 იანვარს, რაზეც ჩვენი საიტი წერდა.

ბოლო პერიოდში კი საპროტესტო მუხტი გაიზარდა და აქციები აპრილში რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, მათ შორის, ტურინში, რომელიც ტურინის ინტერნეტგამოცემამ და ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ სალვინის მსგავსი რასისტები, ყველაფერი შეიცვალა“, – ამბობს გამოცემა torinotoday.it-თან ერთ-ერთი მიგრანტი.

მიგრანტების აქცია „სანატორიას“ რეალურად განხორციელების მოთხოვნით ტურინში, კორსო ვერონაზე, ტურინის პოლიციის მთავარი სამმართველოს საიმიგრაციო ოფისის წინ 12 აპრილს გაიმართა. ამავე დღეს მსგავსი აქციები სხვა ქალაქებშიც მოეწყო.

„ამ ოფისის წინ ყოველ დილით იკრიბებიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რათა განაცხადი გააკეთონ ცხოვრების და მუშაობის უფლების („permesso di soggiorno“) მისაღებად ან საბუთების ვადის გასაგრძელებლად. უამრავი ადამიანი მიმართავს ოფისს ყოველდღე და ყოველდღიურად დიდი რიგი დგება. ეს მარტო ტურინის პრობლემა არ არის, – წერს გამოცემა, – ეს მთელი იტალიის პრობლემაა და დღეს დილით საპროტესტო აქციები ამავე საკითხზე იტალიის ბევრ ქალაქში მოეწყო.

12 აპრილის ტურინში, კორსო ვერონაზე მიგრანტები პროტესტს აცხადებდნენ პროცესის გაყინვის გამო და მოითხოვდნენ „ამნისტიის საკითხზე დაუყოვნებლივ პასუხს“ და „ნამდვილ და საყოველთაო ლეგალიზაციას არალეგალური დასაქმების და მიგრანტთა შრომის ექსპლუატაციის წინააღმდეგ“.

გამოცემა წერს, რომ დოკუმენტების გაცემის შეფერხება მიგრანტების ცხოვრებაზე კონკრეტული პრობლემების სახით აისახება, რადგან მათ ცხოვრების უფლების გარეშე არ შეუძლიათ ASL-ის მომსახურებით სარგებლობა, რაც დელიკატური საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ მათ პანდემიის პირობებში უწევთ არსებობისთვის ბრძოლა.

„ბევრი დასაქმებული, რომელიც  აქ, ამ მოედანზე იმყოფება, მიიჩნევს, რომ ცხოვრების უფლება განიხილება, როგორც შანტაჟი მათ წინააღმდეგ, რადგან მათი დამსაქმებლები ხშირად ანაზღაურებას სრულად არ აძლევენ და ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან“, – ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, მაჰმუდ აბაბიჰი ორგანიზაცია SI COBAS-იდან. მისი თქმით, „ამნისტია დიდი ტყუილი გამოდგა და სინამდვილეში ხელისუფლება მიგრანტებს მხოლოდ სთხოვს შენატანებს რეგულარიზაციის ხარჯებისთვის“.

„ძალიან ცოტა ადამიანთან დაკავშირებით დასრულდა პროცესი, პრეფექტურა კი გვეუბნება, რომ ბევრი თვე) მოგვიწევს ლოდინი პერსონალის შემცირების გამო“, – ამბობს მაჰმუდ აბაბიჰი.

15 აპრილს ქალაქ ბარის ადგილობრივ ინტერნეტგამოცემას ამავე საკითხზე ინტერვიუ მისცა ასოციაცია Torre di Babele 2.0-ის პრეზიდენტმა საბინო დე რაძამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის „ყოფილი მინისტრის, ტერეზა ბელანოვას განცხადებიდან უკვე ერთი წელი გავიდა და მიგრანტებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ცხოვრების უფლების მიღება მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ლეგალური სამუშაო“.

მისივე თქმით, 15 აპრილს, დილით შეძლო ესაუბრა პრეფექტურის მინისტრთა კაბინეტის მეთაურთან. „ჩვენ მას ვთხოვეთ რეგულარიზაციის პროცედურის დაჩქარება. ბევრი მიგრანტია, რომლებიც ხანდაზმულებს უვლიან შავი მუშების რანგში და იმის მიუხედავად, რომ მათ გააკეთეს მოთხოვნილი განაცხადი მაღალი ეკონომიკური გადასახადის გადახდით, მათ ჯერ კიდევ არ დაურეკეს პრეფექტურიდან, შემდეგ კი პოლიციის მთავარი სამმართველოდან ცხოვრების უფლების მისაღებად“.

დე რაძას განცხადებით, ეს სიტუაცია ადამიანებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ბევრ მიგრანტს არ შეუძლია სამშობლოში ჩასვლა თავისი ოჯახის წევრების მოსანახულებლად, არ აქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება და ბინის ქირაობაც არ შეუძლიათ, რადგან საბუთის გარეშე ბინის მფლობელები მათ არ ენდობიან.

ასოციაციის პრეზიდენტმა ინტერვიუში მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა 29 აპრილს ქალაქ ბარის პრეფექტურასთან.

„სანატორიას“ შეფერხების საკითხი ბოლო დროს არა მარტო ადგილობრივმა მედიაგამოცემებმა წამოსწიეს, არამედ სოლიდური გამოცემის – La Repubblica-ს  ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

„ბიუროკრატია ბლოკავს ამნისტიას. ნახევარი წლის შემდეგ განაცხადებიდან მხოლოდ 0,7%-მა მიიღო ცხოვრების უფლება“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია La Repubblica-მ.

გამოცემის ინფორმაციით, შესულია 207 000-ზე მეტი განაცხადი და აქედან დასრულებულია 1480  საქმე. «Ero Straniero» შსს-ს მიმართავს: „აუცილებელია დაუყოვნებლივი მოქმედებები“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ძალიან გაწელილი ვადები და ბიუროკრატიული „ოდისეა“ ქმნის რისკს, რომ ამნისტია საბოლოოდ დასამარდება ოჯახის დამხმარეებისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული მიგრანტებისთვის.

40 პრეფექტურაში მთელი იტალიის ტერიტორიაზე პროცესები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ციფრები (16 თებერვლის მდგომარეობით) ასე გამოიყურება: შესულია 207 708 განაცხადი, გამოძახებულია 13 244 ადამიანი, გაცემულია 10 701 ბინადრობის უფლება, 923 მოთხოვნა უარყოფილია, 440 – გადადებულია.

ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი სიტუაცია არის ბარიში და იქაც 4993 განაცხადიდან მხოლოდ 556 დამთავრდა ცხოვრების და მუშაობის უფლების გაცემით. იმის გათვალისწინებით, რომ  Covid-ის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო უსაფრთხოების დაცვით დღეში მხოლოდ 12 ადამიანის გამოძახებაა შესაძლებელი, ყველა განაცხადის განხილვას თითქმის ერთი წელი დასჭირდება. კაზერტაში, ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად დაკავშირებულია არალეგალურ სამუშაოსა და უკანონო დაქირავებული შრომის გამოყენებასთან, მხოლოდ 10 ადამიანი გამოიძახეს, ხოლო „permesso di soggiorno“ ჯერ არავისთვის მიუციათ.

დიდ ქალაქებში სიტუაცია  დრამატულია: რომში 900-იდან არცერთი განაცხადი არ მისულა ფინალურ ფაზამდე. ასეთი ტემპებით განაცხადების განხილვას 5 წელი დასჭირდება.

მილანში 26 000 განაცხადიდან კვესტურაში გამოძახებები ჯერჯერობით არ არის და ამ ტემპით ყველა განაცხადზე პასუხის გასაცემად 30 წელი იქნება საჭირო.

Ero Straniero-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანებს, რადგან ისინი გაურკვეველ და უიმედო მდგომარეობაში იმყოფებიან, გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა იქმნება ვაქცინაციის კამპანიის მხრივაც. ასოციაცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დაუყოვნებლივ იმოქმედოს. გარდა ამისა, ორგანიზაცია განმეორებით სთავაზობს შსს-ს კანონს სახალხო ინიციატივაზე და ინსტრუმენტს იტალიის ტერიტორიაზე დამკვიდრებული და მომუშავე უცხოელების სტატუსის ინდივიდუალურ საფუძველზე დასარეგულირებლად.

თანამემამულეებს მოთმინებისა და იმედიანი განწყობისკენ მოუწოდებს ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ლალი დავითულიანი, რომელიც წლებია იტალიაში ცხოვრობს (ამჟამად – მილანში). ლალი იხსენებს პერიოდს, როდესაც თავად მიიღო „permesso di soggiorno“ წინა სანატორიას საფუძველზე, რომელიც 2012 წელს გამოცხადდა.

მისი ინფორმაციით, 2012 წელს განაცხადების მიღება ამნისტიის კანონის საფუძველზე 2012 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა. თავად მალევე შეიტანა განაცხადი, მიუხედავად ამისა, მაინც კარგა ხანს მოუწია ლოდინი და საბუთი აპრილში აიღო (ლალის ამჟამად მუდმივი ცხოვრების უფლება აქვს, რომელიც 2019 წლიდან მიენიჭა, 2023 წელს კი უკვე შეუძლია განაცხადის შეტანა მოქალაქეობაზე).

„ჩემმა ნაცნობმა გოგოებმა, რომლებმაც ცოტა უფრო გვიან შეიტანეს განაცხადი, საბუთი 2014 წლის იანვარ-თებერვალში აიღეს, ზოგმა კი – მარტ-აპრილშიც და ეს მაშინ, როდესაც პანდემია არ იყო და ყველაფერი გამართულად მუშაობდა. თანაც მე რეჯო კალაბრიაში ვიყავი მაშინ და პროცესი პატარა ქალაქებში უფრო სწრაფად წარიმართა. კვესტურასთან ახლოს ცალკე შენობა გამოყვეს, დამატებით იყო დაქირავებული ამ საქმისთვის პერსონალი, თუ არ ვცდები, 7-8 ადამიანი, რომლებიც მარტო ამ საკითხზე მუშაობდნენ. მახსოვს, ყოველდღე გრძელი რიგი იდგა ხოლმე ამ შენობასთან. ახლა, როცა ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში, ბუნებრივია, რომ პროცესი გაიწელება. მინდა ვუთხრა ჩემს თანამემამულეებს, ნუ იქნებიან უიმედოდ, ვისაც რაიმე პრობლემა არ აქვს ნასამართლეობის ან სხვა მხრივ, აუცილებლად მიიღებენ დადებით პასუხს, თუმცა რამდენიმე თვე ლოდინი მაინც მოუწევთ“, – ამბობს ლალი დავითულიანი.

თავისთავად, საპოტესტო აქციები და მედიის ჩართვაც ამ პროცესში კარგი სიგნალია იმისა, რომ პროცესი უფრო დაჩქარდეს და ემიგრანტებს, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ, ამ რთულ პერიოდში ამ მხრივ მაინც ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცეთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close