სამზარეულორჩევები

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი – რა უნდა ვიცოდეთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევიძინოთ?

ზეითუნის ზეთი ძალიან მარგებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან უხვად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს – ვიტამინებს, მჟავებსა და მიკროელემენტებს.

პირველი, რაც ზეითუნის ზეთის ყიდვისას მომხმარებელს აინტერესებს, რა თქმა უნდა ფასია, მაგრამ ეკონომიის მიზნით ნამდვილად არ ღირს ნაკლების გადახდა უხარისხო პროდუქტში.

ნამდვილი და ხარისხიანი ზეითუნის ზეთი იაფი ვერ იქნება, რადგან ერთი ლიტრის მისაღებად 8 კილოგრამი ზეთისხილია საჭირო.

უკეთესია, თუ ზეითუნის ზეთი მუქი ფერის შუშის ბოთლში იქნება დაფასოებული – მუქი ფერი მას სინათლისგან და, შესაბამისად, გაფუჭებისგან იცავს, თუმცა ხშირად ზეითუნის ზეთს მწარმოებლები ლითონის ყუთებში ასხამენ და ასე ყიდიან. ამგვარი შეფუთვა მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ ტრანსპორტირება ადვილია. თუ ლითონის შეფუთვაში იყიდეთ ზეთი და მინის ბოთლში გსურთ გადასხმა, ჯობია, რომ ცოტ-ცოტა გადაასხათ, თანაც მუქი ფერის სპეციალურ ბოთლებში, რომლებიც იყიდება. ერთიანად თუ გადაასხამთ, შეიძლება ცოტა ხნის შემდეგ მწარე გემო მიიღოს.

უპირველესად, უნდა გაითვალისწინოთ, რომელ ქვეყანაშია წარმოებული ზეთი. მართალია, მწარმოებელი ქვეყანა ხარისხის უდავო გარანტს არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც სასურველია, უპირატესობა ესპანურ და ბერძნულ პროდუქტს მიანიჭოთ. თანაც დაუკვირდით ეტიკეტს. მაგ., ზოგჯერ ეტიკეტზე „იტალიური ხარისხი“ წერია, თუმცა ეს ქვეყანა ხშირად ზეთისხილს სხვა ქვეყნებში ყიდულობს, შემდეგ კი ნაყოფისგან ზეთს აწარმოებს. შესაბამისად, ზეთი იტალიური ნამდვილად ვერ იქნება.

თუ ეტიკეტზე მითითებულია არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ უფრო კონკრეტული ადგილი – ქალაქიც, ეს ნიშნავს, რომ ზეთი მაღალი ხარისხისაა.

ზოგჯერ მწარმოებლები სხვადასხვა ტიპის ზეთებს ერთმანეთში ურევენ და ზეითუნის ზეთის ეტიკეტით ყიდიან. დაუკვირდით შემადგენლობას და ნახავთ, რომ მასში მარტო ზეითუნის ზეთი არ შედის. ამაში ფასმაც უნდა დაგაეჭვოთ – ასეთი ზეთი შედარებით იაფია. თუ ზეთი პირში მუყაოს გემოს გიტოვებთ, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი უხარისხოა.

ყველაზე სასარგებლო და ხარისხიანია პირველი, ცივი დაწნეხის შედეგად მიღებული არარაფინირებული ზეითუნის ზეთი. ასეთ ზეთს ეტიკეტზე Extra Virgin უნდა ეწეროს, თუმცა ის მხოლოდ ცივად უნდა გამოიყენოთ,რადგან თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს კარგავს. ასეთი ზეთი ცივად უნდა მოასხათ სალათებს ან უკვე მზა, გაგრილებულ კერძებს.

თუ ცეცხლზე კერძების მოსამზადებლად გსურთ, მაშინ რაფინირებული ზეთი უნდა შეიძინოთ, რომელსაც „ექსტრა ვირჯინი“ არ აწერია. ასეთ ზეთში სასარგებლო ნივთიერებები ნაკლებია, თუმცა მზესუმზირას ზეთისგან განსხვავებით, რაფინირებული ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ შესაწვავად ზედიზედ რამდენჯერმე გამოიყენოთ, რადგან მისი გაცხელებისას კანცეროგენები არ წარმოიქმნება.

ასევე, ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს მჟავიანობა – ესეც ხარისხის მაჩვენებელია. რაც უფრო დაბალია მჟავიანობა, პროდუქტი მით უკეთესია. Extra Virgin-ის მჟავიანობა 0.8%-ს არ უნდა აღემატებოდეს, Virgin-ის მჟავიანობა – 2%-ს, ხოლო რაფინირებული ზეითუნის ზეთის მჟავიანობა – 1,5%-ს.

ზეითუნის ზეთის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ წარმოების თარიღსაც. პროდუქტის წარმოება შემოდგომის დასაწყისში იწყება და ზამთრის დასაწყისში სრულდება. ზეითუნის ზეთის შენახვის ვადა გაუხსნელ შეფუთვაში 12 თვიდან ორი წლამდეა, ყველა მწარმოებელი უთითებს შენახვის პირობებსაც – ტემპერატურულ რეჟიმს, რათა ზეთმა ყველა სასარგებლო თვისება სრულად შეინარჩუნოს.

გახსნილი ზეთის ბოთლი მაცივარში არ შეინახოთ, უმჯობესია სამზარეულოს ქურისგან მოშორებით, გრილ და ბნელ ადგილას მოათავსოთ.

გახსოვდეთ, რომ ზეითუნის ზეთი გახსნიდან 2 თვის შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგავს, ამიტომ თუ დროულად ვერ დახარჯავთ, მაშინ დარჩენილი პროდუქტი შესაწვავად გამოიყენეთ, სალათებისათვის კი ახალი შეიძინეთ.

მოამზადა კირა კარიაულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close