ლიკო ცაბაძე: „ძალიან დიდხანს ვიყავი ჩემი სამშობლოდან შორს… მიხარია, რომ დავბრუნდი“
„მინდოდა ჩემი შვილი ქართულ სკოლაში მიმეყვანა და ქართულ გარემოში გაზრდილიყო“
შარშან მარტში იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო ძალიან რომ დაიძაბა სიტუაცია, იქ მყოფ ჩვენს რესპონდენტებს შევეხმიანე და მოვიკითხე, მათ შორის, ლიკო ცაბაძესაც. ძალიან გამიხარდა, როდესაც ლიკოსგან მოულოდნელი და ძალიან იშვიათი პასუხი მივიღე:
„მე იტალიაში აღარ ვარ, 2 წელია, საქართველოში დავბრუნდი!“
ლიკო ცაბაძე იტალიაში ძალიან ახალგაზრდა წავიდა „ცოტა ხნით“, თუმცა ეს „ცოტა ხანი“, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წლებად იქცა. იქ შეეძინა გოგონაც – კატერინა (იტალიურად) ანუ ხათუნა (ქართულად). იტალია მისთვის შემოქმედებითი ნიჭის გაღვიძების ადგილადაც იქცა – ფლორენციაში ხატვა დაიწყო. როდესაც 3 წლის წინ ჩვენმა კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩაწერა მასთან და ფოტოებს ვარჩევდით, მომხიბლა ლიკოს ნახატების ესთეტიკამ და ზღაპრულმა ელფერმა…
ახლახან ლიკოს ისევ შევეხმიანე და ვთხოვე, თავისი დაბრუნების და საქართველოში თავიდან დამკვიდრების შესახებ ჩვენი საიტის მკითხველებისთვის ეამბნა. ვფიქრობ, მისი შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითი იქნება ბევრისთვის, ვისაც დაბრუნება უნდა, ამის შესაძლებლობაც აქვს, მაგრამ რაღაც ეწევა უკან, გადაწყვეტილების მიღებას ვერა და ვერ ახერხებს…
ლიკო, რამდენ ხანს იყავი იტალიაში?
11 წელი, თავიდან ნეაპოლში, შემდეგ, 6 წელი – ფლორენციაში.
რატომ ვერ შეეჩვიე იქაურობას?
არა, როგორ არ შევეჩვიე, უბრალოდ, მაინც ყოველთვის მქონდა სურვილი, დავბრუნებულიყავი საქართველოში და კიდევ უფრო იმიტომ, რომ მინდოდა ჩემი შვილი ქართულ სკოლაში მიმეყვანა და ქართულ გარემოში გაზრდილიყო.
კატერინა, როგორც ვიცი, იტალიაში დაიბადა და იქ სკოლაშიც დადიოდა, პირველ კლასში…
კი, ხათომ (საქართველოში ისევ ქართულად ვეძახით – ხათოს) პირველი კლასი იქ დახურა და შემდეგ უკვე აქ გავაგრძელეთ სწავლა… უფრო სწორად, ისევ პირველი კლასიდან მოუწია დაწყება, იმიტომ რომ ქართულად უჭირდა ლაპარაკი და წერა-კითხვაც. ახლა უკვე მესამე კლასშია.
უნდოდა ჩამოსვლა?
მაშინ ვერ გაიაზრა, უნდოდა თუ არა, მაგრამ ახლა ხშირად კითხულობს ხოლმე და ენატრება იტალია. ხანდახან, როცა მოენატრება, მინდა წასვლაო, ამბობს… მეგობრებიც ჰყავს, ბევრი კარგი მოგონება აქვს, იმიტომ რომ იქ დაიბადა და რომ ჩამოვიყვანე, თავიდან იტალიური უკეთ იცოდა, ვიდრე ქართული, ახლა პირიქით არის…
ხომ არ ავიწყდება იტალიური?
ცოტ-ცოტა, მაგრამ ვცდილობთ, რომ არ დაავიწყდეს…
როგორც ვიცი, ხატვა იტალიაში დაიწყე, ფლორენციაში… თუ გააგრძელე საქართველოშიც?
იყო პერიოდი, როცა აღარ ვხატავდი, თუმცა შემდეგ ისევ გამიჩნდა სურვილი და რამდენიმე ნახატი დავხატე ისეთი, რომლებიც მე თავად მომწონს.
ზოგადად, როცა თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე, მსიამოვნებს ხატვა, რადგანაც ჩემთვის საუკეთესო რელაქსაციის საშუალებაა, მით უმეტეს, როცა მე და ხათო ერთად ვხატავთ… და არა მხოლოდ ვხატავთ, გვიყვარს ერთად ძერწვა და სხვადასხვა კომპოზიციის გაკეთება.
როგორც ჩანს, ხათოსაც აქვს ხატვისადმი მიდრეკილება, ხომ?
კი, საკმაოდ კარგად ხატავს.
რამე განათლება გაქვს ამ მხრივ?
არა, არ მისწავლია არსად. ჩემით რაც მომდის გონებაში, იმას ვხატავ მხოლოდ…
გამოფენაში თუ მიგიღია მონაწილეობა?
იტალიაში – არა, საქართველოში ვაპირებდი, მაგრამ პანდემიის გამო შევფერხდი…
თუ გენატრება იტალია და თუ ნანობ, რომ დაბრუნდი? ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, დაბრუნებულან საქართველოში და რამდენიმე თვეში ისევ უკან წასულან…
ხანდახან კი მენატრება, მაგრამ დიდად არა. მიხარია, რომ ჩემიანებთან და ჩემს ქვეყანაში ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ვიყავი ჩემი სამშობლოდან შორს… მიხარია, რომ დავბრუნდი და აქ ვარ. არ ვფიქრობ ხოლმე იტალიაზე, მშვენივრად ვგრძნობ თავს ჩემს მშობლიურ ქალაქში, რუსთავში, ჩემი შვილის და ახლობლების გარემოცვაში, იქ ვარ, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ…
საკუთარ ქვეყანაშიც ხომ გჭირდება დამკვიდრება, შენი თავის რეალიზება, სამუშაო, შემოსავალი… დაბრუნებულს, სამუშაოს მოძებნა გაგიჭირდა?
არც ისე, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერად. პანდემიამ შეგვაფერხა, როგორც ყველა, მაგრამ მაინც ვართმევთ თავს, ასე თუ ისე…
იტალიაში თუ გყავს იტალიელი მეგობრები?
რა თქმა უნდა, რამდენიმე ოჯახია, რომლებთანაც კონტაქტი მაქვს, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთს, რომელიც პირველივე დღიდან მომდევს – სადაც ვმუშაობდი და სადაც, ასე ვთქვათ, ჩემი შვილი გაიზარდა. ბასტიანები არიან გვარად.
საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს ბევრს იცნობდი?
კი, ძალიან ბევრს. მეც დავხვედრივარ ახალჩამოსულებს, მივხმარებივარ, მიმიყვანია იმ ქართველებთან, რომლებთან ერთადაც ეძებენ ხოლმე სამსახურს, ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო… ახლაც ვახერხებ ზოგჯერ, იმიტომ რომ იქ ბევრი ნაცნობი მყავს და თუკი ვინმეს სჭირდება წასვლა, აქედანაც ვცდილობ, დავეხმარო, რომ დააბინაონ და ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ, სანამ სამსახურს მოძებნიან. ესეც გამართლების ამბავია, ვის როგორ გამოუჩნდება სამსახური.
სამუშაოს პოვნა ძნელია?
სიმართლე გითხრათ, ახლა არ ვიცი, პანდემიის პირობებში როგორ არის, მაგრამ მაინც არ არის რთული, იმიტომ რომ ქართველები ერთმანეთს ეხმარებიან: ერთი თუ მუშაობს და სახელოვნად და კარგად მუშაობს და პატივისცემას მოიპოვებს ოჯახში, მერე სთხოვენ ხოლმე, როდესაც მათ ახლობელს სჭირდება დამხმარე, რეკომენდაციას თუ გაუწევს ვინმეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი ნარვების და წვალების ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი ემიგრანტებს. მეც გამოცდილი მაქვს და ვიცი ეს სიტუაცია.
შენ გარშემო ვინც იყო, თუ დაბრუნდა ვინმე ამ პერიოდში?
რამდენიმე, ძალიან ცოტა… ზოგი კი მთლიანად ოჯახებით გადავიდა იტალიაში. ზოგი ჩამოდის და ცოტა ხანში ამბობს: „ვაიმე, ვერაფერს ვერ გავაკეთებ აქ“ – და მაინც ისევ უკან მიდის. სულ რამდენიმე ვართ, ვინც დავბრუნდით და შემოვრჩით საქართველოს აგერ უკვე მესამე წელია. როცა ვეხმიანებით ერთმანეთს, ისინიც ამბობენ, რომ საკმაოდ კარგად გრძნობენ აქ თავს… იმედი მაქვს, აღარასდროს დასჭირდებათ წასვლა.
ქართველ ემიგრანტებს პანდემიის პერიოდში ძალიან გაუჭირდათ, რა თქმა უნდა. კვირაში 2 დღე ჰქონდათ დასვენება და სახლში ჩაკეტილობა ძალიან მოქმდებდა, ისედაც ჩაკეტილობას დაემატა ეს კორონავირუსის გამო ჩაკეტილობა და გარეთ გასვლის და ერთმანეთის ნახვის საშუალება აღარ იყო – ვინც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს, მათზე ვამბობ.
ისეთი დრო იყო, რომ რა თქმა უნდა, ყველას თავის ოჯახში ერჩივნა ყოფნა და გადატანა ამ მძიმე პერიოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობამ ეს ვერ მოახერხა.
იტალიაში სამუშაოდ წასვლას აღარ აპირებ, ხომ?
სამუშაოდ ალბათ არა. ტურისტად – კი.
თავიდან რომ წავედი, 18 წლის ვიყავი, ჩემი დედიკო წავიდა სამუშაოდ და, ვიფიქრე, ცოტა ხნით წავალ-მეთქი… ისეთი პრობლემა არაფერი მქონია, არ იყო იმის საჭიროება, რომ სადმე წავსულიყავი პატარა ასაკში, თუმცა დედიკოს გადაწყვეტილება იყო რაღაც მომენტში, რომ წასულიყო და მე გავყევი ცოტა ხნით. ეს „ცოტა ხანი“ გადამეზარდა წლებში.
დედაც დაბრუნდა?
არა, დედა ჯერჯერობით ისევ იქ არის, მოდენაშია… დედას წასვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მამიკოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საჭირო იყო დედას გააქტიურება. სამწუხაროდ, მამა 5 წლის წინ გარდაიცვალა.
ამდენ ხანს იყავით და ალბათ საბუთები უკვე გაქვთ…
დიახ, მუდმივი ცხოვრების უფლება გვაქვს დედასაც, მეც და ხათოსაც.
რას უსურვებდი იტალიაში (და არა მარტო იტალიაში) მყოფ ქართველ ემიგრანტებს, როგორც ყოფილი ემიგრანტი?
არ არის ნამდვილად მარტივი ემიგრაციაში ყოფნა, იმიტომ რომ ყველასგან შორს ხარ… ძალიან დიდი ძალაა საჭირო იმ სიძნელეების გადასალახად, რომელსაც აწყდები, ამიტომ გამძლეობის ძალიან დიდ უნარს ვუსურვებ… არ დაავიწყდეთ ძვირფასი ადამიანების თვალები, ის მზერა, რომელიც მიჰყვებათ საქართველოდან, რომ მალე შეძლონ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მიდის ოჯახისთვის და გულწრფელად ენანება აქაურობის დატოვება, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს… ვისურვებდი, რომ არავის აღარასდროს დასჭირდეს ემიგრაციაში წასვლა.
თუ გახსოვს, დაბრუნების გადაწყვეტილება რომ მიიღე და ჩამოხვედი, რა განცდა გქონდა, როგორი იყო პირველი დღეები? ხომ არ გეუცხოვა მშობლიური გარემო? ძალიან შეცვლილი დაგხვდა?
როდესაც დავბრუნდი საქართველოში, ძალიან განვიცადე… რთული იყო იმ სახლში დაბრუნება, სადაც არავინ მელოდა მოგონებების და ჩემი ბავშვობის ნივთების გარდა, რადგან ჩემი ძმაც წასულია უცხოეთში. უზომოდ დამეხმარა ჩემი და და მისი ოჯახი, შევგუებოდი ჩემთვის, ფაქტობრივად, ახალ გარემოს. მადლობას ვუხდი ყველა იმ შეძენილ ადამიანს, რომლებიც დღეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდნენ, ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლებლობა მომცეს, მეფიქრა, რომ საქართველოში დაბრუნება მარტო იმიტომაც ღირდა, რომ ისინი მეპოვნა…
ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი
ამავე თემაზე: თვითნასწავლი მხატვარი ემიგრანტი ქალი, რომელმაც ხატვა ფლორენციაში დაიწყო
კომენტარები