ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველი ემიგრანტი ხელოვანი, 5 შვილის დედა, რომელსაც არ ულხინს, მაგრამ თავისი ნამუშევრების გაყიდვაზე უარს ამბობს

„ჩემი ნამუშევრები საქართველოს კუთვნილებაა და აუცილებლად ჩემს ქვეყანაში დაიდებს ბინას“

იმდენად საინტერესო, ორიგინალური და ცოცხალია ნინო თედიაშვილის ნამუშევრები, ბევრს უჭირს დაჯერება, რომ მათი ავტორი თვითნასწავლი ხელოვანია. ქართველი ემიგრანტი ქალის ნიჭიერებით აღფრთოვანებული უცხოელებიც აღიარებენ, რომ მსგავსი რამ არსად უნახავთ. „ვხატავ, ვქარგავ, ვქსოვ, ვკერავ, ვძერწავ… და ეს ყველაფერი ერთად არის გამოყენებული ჩემს ნაქარგებში. ადრე „ძაფით ხატვას“ ვეძახდი, ახლა კი „ძაფით ძერწვა“ დავარქვი ჩემს შემოქმედებას…“

ნინო თედიაშვილი 27 წელია ემიგრანტია. ხუთი ბიჭის დედას, წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, ამჟამად კი საფრანგეთში, ქ. რენში იმყოფება ოჯახთან ერთად. თვითნასწავლ ხელოვანს საფრანგეთში რამდენიმე მცირე გამოფენა უკვე ჰქონდა და პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. როგორც ამბობს, ემიგრაციას არაფერი მოუტანია მისთვის სირთულეების გარდა, თუმცა მიაჩნია, რომ ასე იყო საჭირო… თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნინო, სიმართლე გითხრათ, გავოცდი, როცა სოციალურ ქსელში თქვენი ნამუშევრები ვნახე და გავიგ, რომ თვითნასწავლი ბრძანდებით. მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ მოხვედით დღემდე?

სასიამოვნო გრძნობა მეუფლება, როცა გაოცებას ვერ მალავენ ჩემი ნამუშევრების ხილვისას. არ დაგიმალავთ და – თვითონაც ვერ ვიჯერებ, რომ ამ ჯადოსნური სამყაროს ავტორი მე ვარ… მე – ნინო თედიაშვილი, შემოქმედებითად დავიბადე ჩემს პირველ ნაქარგთან ერთად 6 წლის წინ, ეს იყო „მგელი“ საოცარი გამოხედვით… მანამდე ჩემი არსებობა მხოლოდ შვილების გაჩენა-გაზრდით შემოიფარგლებოდა. ხუთი შვილი მყავს, ბიჭები – ზურიკო, ოთო, ნიკა, ვაჩე და გაბრიელი.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო საქართველო დავტოვე. 1993 წლიდან რამდენიმე ქვეყანაში მომიწია ცხოვრება: რუსეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია… ამჟამად საფრანგეთში ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. ყველა ქვეყანაში ერთი განზრახვა გვქონდა – გაგვეუმჯობესებინა ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და დავბრუნებულიყავით საქართველოში, თუმცა დღემდე ვერ მოვახერხეთ.

საფრანგეთის რომელ ქალაქში ცხოვრობთ ამჟამად? რაიმე საერთოს პოულობთ მშობლიურ ქვეყანასთან?

ათი წელია, რაც ქალაქ რენში ვცხოვრობ და ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე აქაურობას. ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობ სხვა რეგიონში გადასვლაზე, მაგრამ „შეჩვეული ჭირი სჯობიაო“ და…. მიუხედავად იმისა, რომ უსაბუთოდ ვარ, მაინც მემშობლიურება აქაურობა.

თან, მგონი, თქვენი შემოქმედებითი ნიჭიც ამ ქალაქში გამოვლინდა…

კი. რენში ჩამოსვლის დღიდან მოლოდინის რეჟიმში ვარ (არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს  საბუთების ლეგალიზებისთვის ლოდინი) – დღემდე არ მაქვს მუშაობის უფლება. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ნიჭის აღმოჩენა, დროის გასაყვანად ავიღე ხელში საქარგი მასალები და შედეგიც სახეზეა… არ ვნანობ უსაბუთობას…

ვინ ან რა არის თქვენი მოტივატორი ასეთი მშვენიერი ნამუშევრების შექმნისას?

ჩემი შვილები, რომლებიც თვალს ადევნებენ ჩემს ნაქარგებს მუშაობის პროცესში. ხშირად ვითვალისწინებ მათ შენიშვნებსაც და მათი შეფასება „ვააუ! დეეე, რა ძაან მაგარი გამოვიდა!“ – არის ჩემი მოტივაციის მიზეზი… და კიდევ, ყველა ნაცნობ-უცნობი, ვინც მანებივრებს უმაღლესი შეფასებით.

ხატავთ, ქარგავთ, ქსოვთ… რა უფრო ახლოა თქვენშინაგან სამყაროსთან? რას გრძნობთ, როცა საკუთარ ნამუშევრებს უცქერით?

ვხატავ, ვქარგავ, ვქსოვ, ვკერავ, ვძერწავ… და ეს ყველაფერი ერთად არის გამოყენებული ჩემს ნაქარგებში. ადრე „ძაფით ხატვას“ ვეძახდი, ახლა კი „ძაფით ძერწვა“ დავარქვი ჩემს შემოქმედებას… რას ვგრძნობ მათი ცქერისას? – აი, დედა რომ ამაყობს შვილების სიკარგით და სილამაზით, ზუსტად ეს გრძნობაა…

გამოფენა გქონდათ დაგეგმილი და პანდემიის გამო გადაიდო…

ბევრჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული ჯგუფურ გამოფენებში, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება რენის სხვადასხვა უბანში. შემოთავაზებები მქონდა ცენტრალური საგამოფენო დარბაზიდან და რენის მიმდებარე სოფლების მერიიდან. სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა, მაგრამ იმედიანად ვარ, ესეც გაივლის და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ამ უძრაობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობ, ბევრი ვქარგო და დავაგროვო ნამუშევრები პერსონალური გამოფენისთვის.

მუშაობისას რაიმე განსაკუთრებული გარემო ან განწყობა არ გჭირდებათ? რა დროს ანდომებთ, ვთქვათ, ერთი ნამუშევრის ქარგვას? ემიგრანტ ქალს, ხუთი შვილის დედას, ბოლომდე რეალიზების საშუალება გაქვთ?

ქარგვის განწყობაზე სულ ვარ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, გონებაში სულ ქარგვა მიტრიალებს. ის დღე, როცა სხვა საქმეებით ვკავდები და საქარგავად ვერ ვიცლი, დაკარგულად მიმაჩნია. მე რომ შესაფერისი სამუშაო გარემო და პირობები მქონდეს, ალბათ ორ-სამ დღეში მოვქარგავდი თითო ტილოს, რასაც ახლა 1-2 თვეს ვანდომებ.

სოციალურ ქსელში თქვენი ნამუშევრების გვერდი გაქვთ შექმნილი. ყიდით ნამუშევრებს?

„ნინო-Nino Art“ – ეს არის ჩემი ფეისგვერდი, სადაც ნაქარგების გარდა სხვა ნამუშევრებიც მაქვს ატვირთული. ბევრი მსურველია ყიდვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად  არანაირი შემოსავალი არ მაქვს, კატეგორიულად უარს ვამბობ გაყიდვაზე.

რატომ?

ჩემი ნამუშევრები საქართველოს კუთვნილებაა და აუცილებლად ჩემს ქვეყანაში დაიდებს ბინას.

უცხოელები რას ამბობენ თქვენი ნამუშევრების ხილვისას?

ხელოვნებამ ეროვნება არ იცის. განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა, ჩემი ნაქარგების ნახვისას გაოცებას ვერ მალავენ, ვერ იჯერებენ, რომ ეს ყველაფერი ხელით არის შექმნილი.

რა გინდათ თქვათ თქვენი ხელოვნებით, რა პერსპექტივა აქვს თქვენს საქმიანობას?

ჩემი შემოქმედებით მსოფლიოს დავუმტკიცებ, რომ ქართველები ყველაზე ნიჭიერი ერი ვართ!.. ახლაც, ვინც ნახულობს, ყველა მეკითხება, საიდან ხარო და მსგავსი რამ არსად გვინახავსო, აღიარებენ…

პერსპექტივაზე რა გითხრათ, გაივლის პანდემია და მერე ვილაპარაკოთ…

პანდემიის პირობებში რა ვითარებაა თქვენ ირგვლივ?

ეს კითხვა შარშან ამ დროს რომ დაგესვათ, შეშინებული და დაბნეული, ვერაფერს გიპასუხებდით. ახლა კი შევეგუეთ, ვიცავთ უსაფრთხოების წესებს და ვართ უკეთესი მომავლის იმედად, თუმცა ჩემთვის არაფერი შეცვლილა, პანდემიამდეც სახლში ვიჯექი და ვქარგავდი, პანდემიის დროსაც ვქარგავ და პანდემიის შემდეგაც დავქარგავ…

მით უმეტეს, საინტერესოა, ემიგრანტი შემოქმედითვის რა არის მთავარი?

ყველა ემიგრანტისთვის, განურჩევლად პროფესიისა, აუცილებელია ბინადრობის და მუშაობის უფლება, რათა გაიუმჯობესონ მატერიალური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისთვისაც არიან სამშობლოდან გადმოხვეწილნი. მათ შორის, მეც – 25 წლის ემიგრანტობის სტაჟი მაქვს და დღემდე არალეგალი ვარ. უსაბუთობა კი შემოქმედებაზეც აისახება, ვერ გავცდი რენის ფარგლებს, თუმცა ამბიცია მაქვს, მსოფლიოს დიდ ქალაქებში მოვაწყო პერსონალური გამოფენები.

ემიგრანტობა რამდენიმე ქვეყანაში გამოსცადეთყველაზე დიდი სირთულე სად შეგხვდათ?

ყველა ქვეყანაში, სადაც კი მაცხოვრია, სირთულის მეტი არაფერი შემხვედრია, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ალბათ ასე იყო საჭირო. რომ არა უსაბუთობა და გაუსაძლისი პირობები, საქარგს არც მოვკიდებდი ხელს. თავიდან ეს იყო შვება და დროის გასაყვანი საქმე, ახლა კი ჩემი სამყაროა, იმის იქით არაფერია…

საერთოდ, სამყაროში, ნებისმიერ ერში რა ფასობს თქვენთვის ?

ურთიერთპატივისცემა ნებისმიერ ერში დასაფასებელია, „ცუდი და კარგი“ ეროვნებით არ განისაზღვრება.

მრავალშვილიანი დედა, მგონი, უკვე ბებიაც ხართ…

ძალიან პატარა – 16 წლის დავოჯახდი. უკვე ბებია ვიყავი, როცა მეხუთე შვილი შემეძინა. ორი შვილიშვილი მყავს – 10 წლის ანასტასია და 8 წლის ანდრეა.

შუაში – ნინოს ნაბოლარა ვაჟი გაბრიელი, მარცხნივ და მარჯვნივ – შვილიშვილები

უფროსი შვილი, ზურიკო, 21 წლის ასაკში ცოლ-შვილთან ერთად ჩამოვიდა საფრანგეთში. ინგლისურ და გერმანულ ენებს ბავშვობიდან კარგად ფლობდა და ფრანგულიც მალე აითვისა. მომდევნო ბიჭები – ოთო, ნიკა და ვაჩე ესპანეთში გაიზარდნენ და, შესაბამისად, სრულყოფილად ფლობენ ქართულ, ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს, სურვილი აქვთ, რუსული და გერმანული ენებიც ისწავლონ. მეხუთე – გაბრიელი კი საფრანგეთში დაიბადა. პანდემიამდე ბავშვებს ბევრ დროს ვერ ვუთმობდი, სულ ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული, ახლა კი ძირითად დროს მათთან ვატარებ, განსაკუთრებით გაბრიელს ვჭირდები, სულ უნდა, რომ ერთად ვხატოთ, ვძერწოთ და სტადიონზეც არ მიდის უჩემოდ… სკოლის კრებიდან ყოველთვის ამაყი ვბრუნდები – ვაჩე და გაბრიელი მაძლევენ ამის თქმის საშუალებას. ოთო და ნიკა (22 და 20 წლის) კი ახლახან ნიცაში გადავიდნენ საცხოვრებლად, შორს არიან ჩვენგან, მაგრამ ვიცი, რომ იქ მეტი პერსპექტივა აქვთ და ვეგუები ამ მდგომარეობას.

სხვათა შორის, თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. ობლობაში გავიზარდე, 6 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაგვეცვალა. შვიდი დედმამიშვილი ვიყავით და შვიდივე ხელმარჯვეობით გამოვირჩეოდით – დედისგან გამოგვყვა გენები…. ქსოვა, კერვა, თმის შეჭრა და სხვა აუცილებელი ხელსაქმე ხუთივე დას კარგად გამოგვდიოდა, ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი ასეთი ინტერესი ქარგვისადმი.

მთელი ოჯახი უცხოეთში ხართ, საქართველოში თუ ხედავთ საკუთარ თავს?

თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ საქართველოში ვხედავ საკუთარ თავს. მინდა დაბრუნება და ჩემი თავის რეალიზება ჩემს სამშობლოში …

ახლახან სტუმრობისას ერთმა ქართველმა ახლობელმა მითხრა, შენი ადგილი საქართველოშია, იქ მეტად დაგაფასებენო და მეც ვიცი, რომ საქართველოში უფრო მეტს მივაღწევ, მეტად დამიფასდება შრომა, მაგრამ ელემენტარული პირობებიც არ მაქვს დასაბრუნებლად. თან ამდენი წლის ემიგრანტობა წყალში როგორ ჩავყარო, საბუთი მაინც ავიღო!

ბიჭები რას ფიქრობენ საქართველოში წამოსვლაზე?

საქართველოში წამოსვლა ყველას უნდა, ოღონდ დროებით. სულ ვეუბნები, „ერთხელ რომ ნახავთ საქართველოს, უკან ჩამოსვლა აღარ მოგინდებათ-მეთქი“… ერთი სული მაქვს, ყველა ერთად წამოვიდეთ საქართველოში.

ვაჟიშვილთან – ზურიკოსთან ერთად

მანამდე, თქვენი დღევანდელი ყოფა ერთ ჩარჩოში რომ მოაქციოთ, რას დაარქმევდით?

ძალიან მოკლედ ვიტყვი: „ობლის კვერი ცხვებაო“ – იმედიანად ვარ, რომ ოდესმე გამოცხვება…

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მამჩნევს და მიფასებს ჩემს შემოქმედებას. თითოეული კომენტარი მაბედნიერებს და სტიმულს მაძლევს.

ასევე, ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მთხოვს, რომ ორი სიტყვით ავუხსნა, როგორ ვქარგავ. გადმოსაცემად ძალიან რთულია. ყველა ნაქარგი განსხვავებული ტექნიკით მაქვს შესრულებული, რომელიც მუშაობის პროცესში იბადება. ალბათ ოდესმე მოვახერხებ ვიდეოგაკვეთილების ჩაწერას.

დაბოლოს, რას ისურვებდით?

ჯანმრთელობას, პირველ რიგში. 5 წლის წინ 38 წლის და გარდამეცვალა სიმსივნით და მას შემდეგ ყველაფერზე შემეცვალა აზრი. ჯანმრთელად მყავდეს ყველა ჩემი მოკეთე და ყველაფერს დავძლევთ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close