საქართველოში COVID-19 წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა გრძელდება, სულ ახლახან ქვეყანამ Pfizer-BionTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 29 250 დოზა მიიღო. თუმცა, საზოგადოების ნაწილი ჯერ ისევ თვს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან. ამის მიზეზი პრეპარატებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხალხში დამკვიდრებული არაერთი მითია.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსოფლიოში გავრცელებულ ხშირად დასმულ კითხვებს ექიმმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა გიორგი კამკამიძემ უპასუხა.
სჭირდებათ თუ არა აცრა იმ პირებს, ვინც COVID-19 გადაიტანა?
იმ პირების აცრა, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინფექცია, 4 თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ, ვისაც გადატანილი აქვთ, თუ ავცრით, რაიმე გართულება ექნებათ. არამც და არამც! ამაზე არ არის საუბარი, უბრალოდ, თვითონ ვაქცინის ოპტიმალური გამოყენების თვალსაზრისით, როგორც საზოგადოებისთვის, არ უნდა გავაკეთოთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არის საჭირო და მეორე – თვითონ იმ ადამიანებს, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვთ, ოპტიმალურად უნდა მივუდგეთ იმიტომ, რომ როდესაც ვაქცინა გაკეთდება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ დასჭირდებათ განმეორებითი აცრა და სასურველია, ეს დრო მაქსიმალურად გადავწიოთ. საქართველოსთვის საშუალოდ მოცემულია 120 დღე, რა პერიოდის განმავლობაშიც ვაქცინა არ კეთდება იმ პირებში, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვთ.
იცავს თუ არა ვაქცინა COVID-19-ის ვირუსისგან?
დღეს უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ვაქცინების უმრავლესობაზე იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ფასდება მათი ეფექტურობა: იმით ფასდება, თუ რამდენად ეფექტურად ახდენენ ისინი სიმპტომური შემთხვევების პრევენციას, პროფილაქტიკას; ანუ როდესაც ვლინდება დაავადება. ამ თვალსაზრისით, ძალიან მაღალი ეფექტურობით ხასიათდება ყველა ის ვაქცინა, რაც გამოიყენება. მეორე საკითხია, რამდენად აფერხებს ვაქცინა ვირუსის გადაცემას. იმასთან შედარებით, რაც არის დაცვა სიმპტომური და მძიმე შემთხვევებისგან, მწირი კვლევებია ჩატარებული, ამ მიმართულებით სულ რამდენიმე კვლევა არსებობს, თუმცა ჩანს, რომ, მაგალითად, AstraZeneca-ს შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი 60-იდან 75%-მდე მერყეობს, რაც ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებს. ეს თვითონ AstraZeneca-ს ვაქცინაზეც არის შეფასებული და ისრაელიდანაც გვაქვს ბოლო მონაცემები, რამდენად ამცირებს აცრა ვირუსის გადაცემას. ანუ პასუხი ასეთია: ვაქცინაცია ვირუსის გადაცემას ამცირებს, მაგრამ 100%-ით არ ახდენს, რასაკვირველია, პროფილაქტიკას, ანუ ვირუსი კვლავ შეიძლება, გადაეცეს აცრილ ადამიანს, თუმცა გადაცემის რისკი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ცვლის თუ არა ვაქცინაცია ადამიანის გენეტიკურ კოდს?
ვაქცინებს შორის ჩვენ გვხვდება დნმ ვაქცინები. თუკი ჩვენ რნმ ვაქცინებს შევხედავთ, ისეთი, როგორებიცაა: Pfizer, Moderna, ან კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული პრეპარატები, რომლებიც მალე შემოვა, მაგალითად, Novavax ან იგივე ჩინური ვაქცინები, რომლებიც დახოცილ ვირუსებს ეფუძნება, ეს ჯგუფები, ამ მხრივ, არ წარმოადგენს არავითარ თეორიულ საშიშროებასაც კი. არსებობს ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც დნმ ვაქცინებს განეკუთვნება, მათ შორის AstraZeneca, რომელიც შეიცავს კორონავირუსის გენეტიკურ მასალას, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ დნმ მასალის ჩანერგვა არ ხდება ჩვეულებრივ სამიზნე უჯრედში, მაგალითად, ადამიანის მასპინძელ ორგანიზმში, როგორც ვუწოდებთ, ამ უჯრედების გენეტიკურ მასალაში. საბოლოოდ, პასუხი ასეთია: ეს არის მხოლოდ თეორიული საშიშროება, რომელიც პრაქტიკაში არ დასტურდება.
რამდენ ხანს გამოიმუშავებს ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს?
ეს არის ის კითხვა, რომელიც, სამწუხაროდ, პასუხგაუცემელია და თვითონ პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებს თუ იმ მეცნიერებსაც კი, რომლებმაც შეიმუშავეს ეს ვაქცინაცია, არ გააჩნიათ პასუხი ამ შეკითხვაზე. ჯერჯერობით ძალიან ცოტა დროა გასული და ის კვლევები, რომელიც ჩატარებულია ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მხოლოდ რამდენიმე თვეს მოიცავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 6 თვე ვაქცინას ექნება დაცვა, თუმცა უკეთეს შემთხვევაში ეს დაცვა გასტანს რამდენიმე წელიწადს.
საწყის ეტაპზე, უნდა აიცრან თუ არა მხოლოდ მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები?
მაღალ ასაკობრივ ჯგუფს ვინც მიეკუთვნება, ასევე, მათ, ვისაც მეტი შანსი აქვს ინფექციის მიღების და ამიტომ არის ზუსტად საუბარი ჯანდაცვის მუშაკებზე, ზუსტად ეს წარმოადგენს პრიორიტეტულ ჯგუფებს, სადაც უნდა დაიწყოს ვაქცინაცია, თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ჯგუფებში ვაქცინაცია არ უნდა ჩატარდეს. ასაკის გარდა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც მიეკუთვნებიან ინფექციის გართულების რისკის ჯგუფს და, შესაბამისად, ეს ის ჯგუფებია, ვისთანაც ვიწყებთ ვაქცინაციას, თორემ შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებში, სხვა კონტინგენტზე.
უნდა აიცრან თუ არა ის პირები, ვინც დაფეხმძიმებას გეგმავს? შეიძლება თუ არა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი პირების აცრა?
დღეისათვის უკვე დაგროვდა გარკვეული მონაცემები იმ კვლევებიდან, სადაც ორსულებშიც იქნა გამოყენებული ეს ვაქცინა და უნდა ითქვას, რომ ძალიან კეთილსაიმედო სურათია. ფაქტობრივად, რეკომენდაცია გაიცემა იმაზე, რომ ორსულები, ან ისინი, ვინც ორსულობისთვის ემზადებიან, აიცრან, ვინაიდან არავითარი გვერდითი ეფექტი როგორც დედაზე, ისე ნაყოფზე არ იქნა გამოვლენილი.
არის თუ არა საშიში იმ პირების აცრა, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს? მედიკამენტები სისხლის გასქელებას უწყობს ხელს.
ეს საკითხი წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ შედარებითი ანალიზის დროს გაჩნდა ეჭვი სისხლის შედედების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ეს იქნებოდა ვაქცინა თუ სხვა მდგომარეობა. ძალიან ბევრი დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად კონტრაცეპტული საშუალებების მოხმარება არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც საკმაოდ მაღალია სისხლის შედედების დარღვევის ალბათობა, თუმცა ამის გამო კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენებაზე უარი არ უნდა ითქვას. ისინი, ვინც ამ მედიკამენტებს იყენებენ, არ წარმოადგენენ გარკვეულ გაზრდილ რისკის ჯგუფს, შესაბამისად, მათ არ უნდა შეწყვიტონ ამ პრეპარატების გამოყენება და ვაქცინაცია ამ კონტიგენტშიც დასაშვებია. რამე განსაკუთრებული რისკი არ არის, თუმცა ის გართულების შემთხვევები, რის გამოც ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ შეწყვიტა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება, მაგრამ შემდეგ ისევ დაუშვა, სწორედ იმ ფაქტების გამოკვლევა იყო, სადაც სისხლის შედედების ფაქტორების დარღვევა აღინიშნებოდა. განსაკუთრებით, ეს იყო 55 წელს ქვემოთ ასაკის ქალებში. ჩატარდა გამოკვლევა და დადგინა, რომ ეს არ არის ვაქცინასთან დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი ინფორმაცია გვაქვს.
უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე აცრის შემდეგ?
ვაქცინა, მართალია, ამცირებს, მაგრამ სრულად არ გამორიცხავს ინფექციის გადაცემას. ვირუსის მიმართ მიმღებლობა ორგანიზმს მაინც რჩება, უბრალოდ, ვაქცინა უფრო ეფექტურია მძიმე შემთხვევების პროფილაქტიკისთვის და სიკვდილობის შემთხვევების შემცირების თვალსაზრისით. თორემ დასნებოვნება შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ძლიერი იმუნური პასუხი მიილევა და ვაქცინის გაკეთებიდან მალევე შეიძლება შეხვდეს ადამიანს ეს ინფექცია, მაგრამ გართულებებს ნაკლებად ველით. შესაბამისად, პასუხი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პირბადეების მოხმარება.
რა უკუჩვენებებს უნდა ველოდოთ აცრის შემდეგ და რამდენ ხანში გაივლის ეს სიმპტომები?
ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ ხშირად ვლინდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი სიმპტომები. ადგილობრივიდან გვხვდება: დაჭიმულობის შეგრძნება, ტკივილი, ნანემსრის გაწითლება, შეშუპება. ზოგადი მოვლენებიდან უფრო ხშირია: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი, შეხურების შეგრძნება. უფრო იშვიათია რეალურად ტემპერატურის მომატება. ყველა ეს სიმპტომი ნორმალურია და ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, ვინც აიცრება, რომ არ მოხდეს ზედმეტი პანიკა და ხალხს არ ეგონოს, რომ ეს სიმპტომები ვაქცინის შემდეგ დაავადების გამოწვევას ნიშნავს. ეს არის ორგანიზმის პასუხი, რომ ვირუსის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტი გამომუშავებულია და ეს სიმპტომებიც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, ეს ყველაფერი მეორე-მესამე დღეს არის ყველაზე მეტად გამოხატული და გვერდითი მოვლენები პირველ შვიდ დღეს არ სცდება. ალერგიული რეაქცია საკმაოდ ხშირი გართულებაა ნებისმიერი მედიკამენტის თუ ვაქცინის შემთხვევაში, ხოლო ანაფილაქსია წარმოადგენს უკიდურეს ანუ ყველაზე მძიმე გამოვლინებას და ის საკმაოდ იშვიათია, განსხვავებით სხვა მსუბუქი ხასიათის ალერგიული რეაქციებისგან. რაც შეეხება სიკვდილიანობას, რომელიც ანაფილაქსიურ შოკს ახლავს, აქაც ლეტალური შემთხვევები მხოლოდ 2%-მდეა. შესაბამისად, რომ განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი და მან გამოიწვიოს აცრილის სიკვდილი, ეს არის უკიდურესად იშვიათი შემთხვევა. ყველგან, სადაც ვაქცინაცია მოხდება, ყველა რესურსი უნდა იყოს, რომ ასეთი იშვიათი გართულებები სწორად იმართოს.
ვაქცინის 2 დოზის მიღების შემდეგ დაგვჭირდება თუ არა ხელახალი აცრა? რა დროში?
უნდა აღვნიშნოთ, რომ არის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი დოზით აცრა მთლიანად წყალში ჩაყრილია თუ არა. არა, რასაკვირველია, უბრალოდ განსხვავდება ეფექტიანობა, რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ვაქცინა, თუკი 2 დოზა გაკეთდება, ამ შემთხვევაში 90%-ზე მეტი ეფექტიანობაა, თუ ერთი დოზა – მაშინ 60%-ზე მეტი. Johnson&Johnson-ის ვაქცინა ერთ დოზას ეფუძნება, დანარჩენი ვაქცინების უმრავლესობა კი მოიცავს ორი დოზის გაკეთებას 21 ან 28 დღის ინტერვალით. 2 დოზის გაკეთების შემდეგ, რასაკვირველია, იმუნიტეტი უფრო ძლიერია და ველით, რომ ის უფრო დიდხანს გასტანს. ადამიანს როდის დასჭირდება განმეორებითი აცრა, სამწუხაროდ, ჯერ ამაზე პასუხი არ არის. მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე, მაგრამ უფრო ოპტიმალურ ინტერვალს ვფიქრობთ 1-დან 2 წლამდე , რის შემდეგაც საჭირო იქნება კვლავ იმავე ან ალტერნატიული სქემით აცრა. ეს ჯერჯერობით კვლევის საკითხია, მომავალში კი გვეცოდინება, რამდენჯერ დაგვჭირდება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება.
bm.ge
კომენტარები