იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკმა გადაიარა

ბოლო 4 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების განუხრელი ზრდის შემდეგ იტალიაში მაჩვენებლები კლებას იწყებს, – განაცხადა 25 მარტს ნინო კარტაბელოტამ, Gimbe-ს საექსპერტო ჯგუფის ხელმღვანელმა.

მრუდი ცოტა ქვემოთ წამოვიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოვხსნათ შეზღუდვები და, კერძოდ, დისტანციური სწავლებიდან ჩვეულებრივზე გადავიდეთ (რაზეც ქვეყნის მთავრობაში ბოლო დღეებში საუბრობენ), დასძინა მან.

25 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 23 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ერთი დღით ადრე – 21 267) და სულ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 464 543-ს უდრის, რაც ქვეყნის მოსახლეობის 5,5%-ზე მეტია. ბოლო ერთ დღეში კოვიდის გამო 460 პაციენტი გარდაიცვალა (იმდენივე, რამდენიც წინა დღით) და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 106 799-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, პირველი და განმეორებითი დოზა 2 739 791 ადამიანს გაუკეთეს ანუ ქვეყნის მოსახლეობის 4,5%-ს. ბოლო ერთ დღეში ეს მაჩვენებელი 79 631-ით გაიზარდა. 

იტალიის მთავრობას მიაჩნია, რომ ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს, რათა ქვეყანამ მალე შეძლოს „გახსნა“ და ცხოვრების ნორმალურ რიტმზე გადასვლა. ამ მიზნით იტალიის მთავრობა აცრის ცენტრებს არ დაუწესებს არანაირ შეზღუდვას სამუშაო საათებთან დაკავშირებით და მათ შეუძლიათ გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშაონ. ერთადერთი, რაც ახალი დეკრეტის სამუშაო ვერსიაშია (დეკრეტს მომავალ კვირაში დაამტკიცებენ, რადგან წინას ვადა 6 აპრილს იწურება), მთავრობა ვაქცინაციის ცენტრებს დაუწესებს ზღვარს – არანაკლებ 800 აცრა დღეში თითოეულ პუნქტში, მსხვილი ცენტრების შემთხვევაში.

25 მარტს მედიამ გაარცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლაციოს რეგიონი (ადმ. ცენტრი – რომი) ნარინჯისფერ ზონაში დაბრუნდეს და ასეთ შემთხვევაში ლაციოში მერხთან სწავლა მოსწავლეთა ნაწილისთვის თვის ბოლოდან, 28-29 მარტიდან განახლდება. „წითელ“ რეგიონებს შორის ფერის შეცვლის ერთადერთი კანდიდატი ჯერჯერობით ლაციოა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close