ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენი ვაქცინა არსებობს ამჟამად? – ეს არის კითხვა, რომელზეც შესაძლოა ამ ბოლო დროს ბევრი ჩვენგანი ფიქრობდეს. ევროკომისიამ ჯერჯერობით მხოლოდ 4 ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა უკვე არსებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 10-ს აღწევს.
ეს 10 ვაქცინა 4 კატეგორიად იყოფა.
აქედან ორი, Pfizer-BioNTech („ფაიზერი“) და Moderna („მოდერნა“) – RNA ვაქცინებია.
ვაქცინები – Convidicea, Oxford-AstraZeneca, Johnson & Johnson და Sputnik-V ვირუსის მატარებელი პრეპარატებია.
ასევე არსებობს სამი ჩვეულებრივი, ინაქტივირებული ვირუსის საფუძველზე შექმნილი ვაქცინა (BBIBP-CorV, Covaxin და CoronaVac) და ერთი პეპტიდური ვაქცინა, EpiVacCorona.
რა განსხვავებაა მათ შორის?
RNA ვაქცინები რიბონუკლეინის მჟავას საფუძველზეა შექმნილი. რიბონუკლეინის მჟავა ახდენს პათოგენისთვის დამახასიათებელი ცილის კოდირებას; ამას გარდა, ვაქცინაში არის ლიპიდური გარსი, რომელიც RNA-ს დაშლისგან იცავს და უჯრედში მის შეღწევას უზრუნველყოფს. ქსოვილში შეყვანისას RNA ვაქცინები არსებითად RNA (mRNA) მაცნეა, უჯრედებს უცხო ცილის წარმოქმნას აიძულებს და ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას „აღვიძებს“, ასწავლის მას შესაბამისი პათოგენური უჯრედების ამოცნობას და განადგურებას. ასეთი ვაქცინები იყო პირველი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში დაამტკიცეს („ფაიზერი“ და „მოდერნა“). ამჟამად კიდევ ერთი RNA ვაქცინა, CureVac-ის პრეპარატი – CVnCoV RNA დამტკიცებას ელოდება.
ვირუსული ვექტორის მქონე (ვირუსის მატარებელი) ვაქცინები შეიცავს არარეპლიცირებად (რეპლიცირება – ვირუსების რნმ-ს გაყოფისას ასლის წარმოქმნა) ვირუსულ ვექტორს, ადენოვირუსულ გარსს დნმ-ს შემცველობით, რომელიც კორონავირუსის ცილის კოდირებას ახდენს.
ვაქცინაში ადენოვირუსი არ რეპლიცირდება, ამიტომ არ წარმოქმნის ვირუსის ახალ ნაწილაკებს, არამედ წარმოქმნის მხოლოდ ანტიგენს, რომელიც ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს. ის უჯრედის ბირთვში აღწევს, მაგრამ მასში არ ინტეგრირდება. შემდეგ კორონავირუსის ცილის გენი mRNA-ში ტრანსკრიბირდება. ამ დროისთვის ასეთი ოთხი დამტკიცებული ვაქცინა არსებობს – Convidicea (Ad5-nCoV), Oxford-AstraZeneca, Johnson & Johnson და Sputnik-V.
სუბერთეული ვაქცინები ერთ ან მეტ ანტიგენს აჩვენებენ პათოგენის მთელი ნაწილაკების შეყვანის გარეშე. მასში მონაწილე ანტიგენები ხშირად ცილის სუბერთეულებია, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი მოლეკულა, რომელიც პათოგენის ნაწილია. დღეისათვის მხოლოდ ერთი პეპტიდური ვაქცინაა (EpiVacCorona) დამტკიცებული, ხოლო კიდევ ორი კლინიკურ კვლევას გადის.
დაბოლოს, ინაქტივირებული ვირუსის შემცველი ვაქცინები შედგება ვირუსული ნაწილაკებისგან, რომლებსაც უჯრედულ კულტურაში ამრავლებენ და შემდეგ ინაქტივაციას ახდენენ. ვირუსული ნაწილაკების ინაქტივირება ან სითბოს, ან ფორმალდეჰიდის საშუალებით ხდება, რათა ვირუსულმა ნაწილაკებმა დაავადების წარმოქმნის უნარი დაკარგონ და, ამავე დროს, იმუნური სისტემის სტიმულირება მოახდინონ. ამ ჯგუფის ვაქცინებიდან დამტკიცებულია ორი ვაქცინა, ჩინური და ინდური, ხოლო კიდევ ერთი კლინიკურ კვლევის პროცესშია.
16 მარტს კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში გადავიდა კანადური ბიოფარმაცევტული კომპანიის, Medicago-ს კომბინირებული ვაქცინა, რომელიც მცენარეული წარმოშობისაა და რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები