ისტორიასაქართველო

სამ დღეში სამი მიწისძვრა რაჭაში და ისტორიის გაფრთხილება

დღეს, 15 მარტს, თბილისის დროით 19:25 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა, მაგნიტუდით 3,7.

მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კმ-ში, სოფელ ონჭევში იყო. ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

13 მარტს ქალაქ ონთან, სოფელ ონჭევში 4,2 და 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, ფოკალური სიღრმით 5 და 8 კმ, დაახლოებით 1 საათისა და 10 წუთის შუალედით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ზონაში მდებარეობს, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, 6-8 მაგნიტუდის 15 ძლიერი მიწისძვრაა დაფიქსირებული. მათ შორის ყველაზე ძლიერი 30 წლის წინათ, 1991 წლის 29 აპრილს, 9:12 სთ-ზე რაჭაში მოხდა.

მიწისძვრის მაგნიტუდა 7, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტში, ონსა და ამბროლაურში, 9 ბალი იყო. მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46000 საცხოვრებელი სახლი, დაი­ღუპა 200 ადამიანი, ხოლო უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე კაცი. მიწისძვრით მიყენებული ზარალი, 1991 წლის კურსით, 10 მილიარდ მანეთად შეფასდა. რყევა 4-5 ბალის ინტენსივობით თბილისშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით. მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიათისწყლის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მეტრი სიგანის და 300 მ სიგრ­ძის სიღრმის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა 20-კომლიანი სოფელი 40 მცხოვრებით.

განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვეს გრძელდებოდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1992 წლის 23 ოქტომბერს ბარისახოში დაფიქსირდა, მაგნიტუდით – 6.4.

ჩვენს რეგიონში მე-20 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე დიდმსხვერ­პლიანი, კატასტროფული მიწისძვრა 1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში მოხდა, მაგნიტუდით 6,8-7,2. 

ოფიციალური მონაცემებით, 25 ათასი კაცი დაიღუპა, ნახევარ მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა, 140 ათასი ადამიანი დაინვალიდდა. ეპიცენტრულ ზონაში მოხვდა 3 ქალაქი: ლენინაკანი (ახლანდელი გიუმრი), სტეფანავანი და სპიტაკი. ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების ინტენსივობა 8-10 ბალი იყო (სპიტაკში – 10, ლენინაკანში – 9, კიროვაკანში (ახლანდელი ვანაძორი) – 8 ბალი). სპიტაკი საქართველოდან 30 კილომეტრითაა დაშორებული და ამიტომ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მიწისძვრის ინტენსივობამ 7-8 ბალი შეადგინა, ხოლო თბილისში, სადაც ასევე მძაფრად იგრძნობოდა რყევა, მისმა ინტენსივობამ 5 ბალს მიაღწია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close