ამერიკელი მხატვრის მიერ დახატული ქართველი გოგონას ორი პორტრეტი მანჰეტენზე გალერეაში გამოიფინა
6-28 თებერვალს ნიუ-იორკში, სოჰოში, „ვან დერ პლას გალერიში“ (Van Der Plas Gallery) ამერიკელი მხატვრის მიერ დახატული ქართველი ემიგრანტი გოგონას ორი პორტრეტი იყო გამოფენილი თანამედროვე მხატვრების სხვა ნამუშევრებთან ერთად. მათგან ერთი – „Street Gospele“ 50 ათას დოლარად იყო შეფასებული, მეორე – „La Madonna“ – 10 ათას დოლარად. ამ შთამბეჭდავ ტილოებზე გამოსახული ახალგაზრდა ქალი – მადონა ბრეგაძე მხატვარმა სრულიად შემთხვევით, ბეიგელ-კაფეში აღმოაჩინა, სადაც იგი გაყიდვების მენეჯერად მუშაობს კოლეჯში სწავლის პარალელურად.
თავად მხატვარი, უილ პაუერი, რომელიც ნიუ ჯერსიში ცხოვრობს, იხსენებს, როგორ დაინახა ახალგაზრდა ქალი, რომლის სახე, მისი წარმოდგენით, „ყველაზე ნამდვილი, იდეალური“ იყო და დახატვის სურვილი გაუჩნდა, თუმცა მხატვარს თითქმის ერთი თვე დასჭირდა, სანამ გოგონას გაიცნობდა. ერთ დღესაც უილ პაუერი მეგობართან ერთად მივიდა „უონდერ ბეიგელში“, გამოელაპარაკა მას და ძალიან თავაზიანად უთხრა, რომ მისი პორტრეტის დახატვა სურდა; ეშინოდა, გოგონას სხვაგვარად არ გაეგო მისი შეთავაზება და არ დაეფრთხო, აუხსნა, რომ პაემანს არ სთავაზობდა, რომ დაქორწინებული იყო და, უბრალოდ, მისი სახის დახატვა უნდოდა. ხოლო როდესაც სახელი ჰკითხა და შეიტყო, რომ მადონა ერქვა, ეს ნამდვილ ზეციურ ნიშნად ჩათვალა… სწორედ მე-15 საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჯოვანი ბელინის ცნობილი ტილო, „მადონა ყრმით“ გახდა პირველი პორტრეტის („La Madonna“) შთაგონების წყარო.
უილ პაუერმა დასრულებული პორტრეტი ინსტაგრამზე ატვირთა და მადონა მონიშნა. ის კი ზუსტად ამ დროს ოჯახთან ერთად თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა, რის შესახებაც მხატვარმა არ იცოდა და როდესაც ამ დამთხვევის შესახებ გაიგო, როგორც თავად ამბობს, „ღვთიური ძალის ჩარევის“ რწმენა კიდევ უფრო გაუღრმავდა.
ამერიკელი მხატვრის მშვენიერი ქართველი მუზა – მადონა ბრეგაძე კი თავისი პორტრეტების ავტორთან, უილ პაუერთან შეხვედრის ამბავს nostal.ge-სთან ინტერვიუში ასე იხსენებს:
ერთ დღეს სამსახურში (Wonder Bagel-ში, სადაც გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ სწავლის პარალელურად) მოულოდნელად ორი უცნობი ახალგაზრდა შემოვიდა, დიდხანს მაკვირდებოდნენ, ვფიქრობდი, რა უნდათ-მეთქი? მერე ერთ-ერთმა მათგანმა მკითხა, თუ ვყავდი ვინმეს ოდესმე დახატული. ვუპასუხე, რომ ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია. აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი იყო უილ პაუერი (Will Power). იგი სოციალურ ქსელში დამიმეგობრდა, რამდენიმე თვის მერე კი ჩემს პორტრეტზე მომნიშნა. ეს ჩემთვის ორმაგად განსაკუთრებული დღე იყო, რადგან დაბადების დღეს აღვნიშნავდი ოჯახთან ერთად და ამ ფაქტმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. კიდევ უფრო სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ მისი ნამუშევრების (მათ შორის, ჩემი პორტრეტის) ხილვის საშუალება გამოფენაზე უამრავ ადამიანს ექნებოდა.
ორივე პორტრეტი ძალიან საინტერესოა, გამორჩეული ხელწერით…
უილ პაუერი (ნამდვილი სახელი – WILLIAM C RICHARDSON JR) არის თვითნასწავლი თანამედროვე მხატვარი ნიუ-იორკიდან. მის ხელოვნებაზე გავლენას ახდენს მისი მულტიკულტურული საოჯახო აღზრდა, გრაფიტი, ჰიპ-ჰოპის კულტურა და რენესანსის დიდი ოსტატების ხელოვნებისადმი სიყვარული. იგი თავის ნამუშევრებში იყენებს წარწერების, სახვითი ხელოვნების და ქუჩის მხატვრობის ტექნიკას, როგორიცაა: სპრეი საღებავი, კოლაჟი, სტიკერები და სტენსელები. უილ პაუერი ჰიპ-ჰოპის თემებს აერთიანებს რელიგიურ იკონოგრაფიასთან, რომელიც რენესანსის პერიოდის ნახატებშია წარმოდგენილი. ეს ჩემს პორტრეტშიც ჩანს, „La Madonna“-ს შთაგონების წყარო ჯოვანი ბელინის „მადონა ყრმით“ გახდა.
უილ პაუერმა თუ იცოდა რაიმე საქართველოს შესახებ?
არა, სხვების მსგავსად, მანაც არაფერი იცოდა საქართველოს შესახებ. როცა შეიტყო, საიდან ვიყავი, ბევრი ისტორიული წყარო მოიძია და აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი ქვეყნის კულტურით. ახლო მომავალში საქართველოში მოგზაურობას აპირებს.
შენ როგორ აღმოჩნდი ამერიკაში?
ამერიკაში მოხვედრა ჩემი უდიდესი ოცნება იყო ბავშვობიდან, წლობით უნახავი დედის ნახვა და მის გვერდით ყოფნა აუხდენელ ნატვრად მეჩვენებოდა, თუმცა დავრწმუნდი, რომ ოცნებები ხდება – 9 წლის შემდეგ ვნახე დედაჩემი, შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და საბოლოოდ, დიდი შრომის ფასად, დედასთან ცხოვრების ბედნიერებაც მხვდა წილად. რა თქმა უნდა, ეს ჩემი დედიკოს, ნინო მუმლაძის დიდი დამსახურებაა. უკვე მეოთხე წელია, რაც ამერიკაში ვარ, ვცხოვრობ ნიუ-იორკთან ახლომდებარე ქალაქ ჯერსი სითიში, ნიუ ჯერსის შტატში.
ამჟამად ვსწავლობ ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჰადსონ კოლეჯში (Hudson University College), მოვიპოვე სტიპენდია, რადგან კურსზე ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი ვარ. ასევე ვმუშაობ კაფე-საკონდიტრო „უონდერ ბეიგელში“ ნახევარ განაკვეთზე, გაყიდვების მენეჯერად.
რამდენი ხანია, რაც დედა ემიგრანტია? რას გეუბნება ახლა უკვე ემიგრანტ შვილს?
დედა 13 წელია იმ ურთულეს გზას გადის, რასაც ემიგრანტობა ჰქვია. მან იბრძოლა იმისთვის, რომ ყველა ერთად ვყოფილიყავით, სამივე შვილი ჩამოგვიყვანა ამერიკაში: მე და ჩემი უფროსი ძმები – ლევანი და ბესიკი. ძლიერი დედაა, რომ არა ის, ჩვენ ამდენს ვერ შევძლებდით. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია დედაჩემია, სულ მახსენებს, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ბრძოლაში ძლიერები იმარჯვებენ.
შენ ირგვლივ მყოფები რამდენად იცნობენ საქართველოს? რა მოსწონთ ქართველების, ქართული კულტურის?
უცხოელებმა, როცა მათ პირველად ვხვდები, არაფერი იციან საქართველოს შესახებ, ყოველთვის ჰგონიათ, რომ ამერიკის შტატ ჯორჯიიდან ვარ, თუმცა შემდეგ, ჩემი საუბრიდან გამომდინარე, სურვილიც კი უჩნდებათ საქართველოში იმოგზაურონ. ასევე ხშირად ვამზადებ არაერთ ქართულ კერძს, რასაც ჩემი უცხოელი მეგობრები აგემოვნებენ და მოხიბლულები არიან ქართული სამზარეულოთი და წეს-ჩვეულებებით. ყველას შევაყვარე საქართველო და ქართველი ხალხი.
რას ფიქრობ ამერიკაში ადამიანის შესაძლებლობებზე, როგორია შენი შეფასება?
ამერიკა მართლაც ოცნებების ასრულების ქვეყანაა. ყველაფერი, რაც წარმოუდგენლად გეჩვენება, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცეს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი პორტრეტები მანჰეტენის გულში, სოჰოში, სადაც ასობით მდიდარი ადამიანი ყოველდღიურად გადაადგილდება, გამოფენაზე მოხვდებოდა. მანჰეტენი, რომელიც ყოველთვის ურიცხვ ტურისტს იზიდავს, ბევრისთვის მიუწვდომელი და აუხდენელი ოცნებაც კი არის.
ოცნება აგიხდა და ამერიკაში მოხვდი, ახლა უკვე ამერიკაში მყოფს, საქართველოში რა გენატრება?
რაც ემიგრაციაში ვარ, ორმაგად გამიმძაფრდა საქართველოს სიყვარული და ყველა და ყველაფერი ქართული მენატრება.
ამერიკა ძალიან მიყვარს და მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, ჩემი მეორე სამშობლოა, რომელიც ჩემი გეგმების განხორციელების შესაძლებლობებს მაძლევს, მაგრამ საქართველო სულ სხვაა.
შენი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება?
დიახ, უამრავი გეგმა მაქვს, რაც ჩემს ქვეყანას უკავშირდება. მინდა, საქართველოში წარმატებული დავბრუნდე და აქ დაგროვილი ცოდნა ჩემს სამშობლოს მოვახმარო!
თინა ბედიაშვილი
ფერფილდი, აშშ
კომენტარები