ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აჩერებს ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას მანამ, სანამ არ გაირკვევა ერთი ქალის გარდაცვალების და ერთი ქალის დაავადების მიზეზი აცრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიიღო ორი შეტყობინება პრობლემების შესახებ, რომლებიც ადამიანებს შეექმნათ შვედურ-ბრიტანული კომპანიის, AstraZeneca-ს ერთი და იმავე პარტიის ვაქცინით აცრის შემდეგ.
კერძოდ, 49 წლის ქალი სისხლის შედედებასთან დაკავშირებული გართულებებისგან გარდაიცვალა, ხოლო 35 წლის ქალს კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დაემართა და ამ დროისთვის მკურნალობს. ორივე ქალმა „ასტრაზანეკას“ ვაქცინის დოზა მიიღო, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება მომხდარ ინციდენტებსა და ვაქცინაციას შორის კავშირის შესახებ.
გამოძიების დასრულებამდე ავსტრიაში „ასტრაზენეკას“ პრეპარატით აცრა შეწყდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე ქალი საავადმყოფოში მუშაობდა მედდად.
ნინო ხოშტარია
კომენტარები