მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქუჩებში ზომბები გამოჩნდებიან? – აშშ-ის ოფიციალური უწყება რეკომენდაციებს აქვეყნებს

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთ თავის ავისმომასწავებელ წინასწარმეტყველებაში მე-16 საუკუნეში მცხოვრებმა ფრანგმა ასტროლოგმა და წინასწარმეტყველმა მიშელ ნოსტრადამუსმა 2021 წლისთვის ზომბი აპოკალიფსი იწინასწარმეტყველა. 2021 წელი დადგა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) სურს, ადამიანები ამისთვის მომზადებულები იყვნენ ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, თუ მოულოდნელად ჩვენს ქუჩებში ზომბები დაიწყებენ ხეტიალს. ამ მიზნით უწყება სპეციალურ რეკომენდაციებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გვთავაზობს.

CDC გარკვევით ამბობს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც „სახუმარო კამპანია“, თუმცა ის მიზნად ისახავს მოქალაქეთა სახალისო გზით ინფორმირებას, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი ან სხვა სახის კატასტროფების წინაშე აღმოჩნდებიან ანუ ზომბი აპოკალიფსისთვის (Zombie  apocalypse) შემუშავებული ეს რეკომენდაციები ნებისმიერი მოულოდნელი ექსტრემალური სიტუაციების დროს გამოგვადგება. ამგვარი მომზადების და საჭირო ინფორმაციის ფლობის განსკუთრებული მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიამ შეგვახსენა, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო მოუმზადებელი აღმოჩნდა, შედეგად კი კაცობრიობამ დიდი ზარალი განიცადა როგორც ადამიანური სიცოცხლის დანაკარგების, ისე არაერთი სხვა პრობლემის მხრივ.

CDC-ს პოსტერი ზომბი აპოკალიფსის რეკომენდაციებისთვის

„ახლა შეიძლება ამაზე იცინოთ, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, გაგიხარდებათ, რომ ჩვენი რეკომენდაციები წაკითხული გექნებათ“, – წერს CDC თავის ვებგვერდზე.

და რა მოხდება, თუ ზომბები ჩვენს ქუჩებში გამოჩნდებიან?

CDC აცხადებს, რომ მოსიარულე მკვდრების გამოჩენის შემთხვევაში ისევე იმოქმედებენ, როგორც პანდემიის დროს – დაადგენენ მომხდარის გამომწვევ მიზეზებს, ჩაატარებენ კვლევებს, შეეცდებიან პრობლემა მოაგვარონ და მოქალაქეებს დაეხმარონ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მითითებების თანახმად, ზომბების გამოჩენის შემთხვევაში, ისევე როგორც ნებისმიერი კატასტროფის დროს, პირველი ნაბიჯია შევქმნათ პირველადი აუცილებლობის საგნების და პროდუქტების რამდენიმე დღის საკმარი „საავარიო კომპლექტი“, რომელიც მოიცავს:

ერთ ადამიანზე – 1 გალონ (4 ლ-მდე) წყალს დღეში; არამალფუჭებად საკვებ პროდუქტებს, საჭირო წამლებს და ხელსაწყოებს, ტანსაცმელს და საწოლის თეთრეულს, მნიშვნელოვან დოკუმენტებს და პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს.

მეორე ეტაპზე უნდა შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა, რომელიც მოიცავს ჩვენს რაიონში შესაძლო საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის ტიპების განსაზღვრას, ისეთის, როგორიცაა, მაგ., ტორნადო ან მიწისძვრა, რათა ამგვარი სიტუაციებისთვის მოვემზადოთ; უნდა შევადგინოთ საკონტაქტო პირების სია, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დავუკავშირდებით. აგრეთვე, უნდა ავირჩიოთ ადგილი ევაკუაციისთვის და შევადგინოთ ევაკუაციის გეგმა, რომელშიც უნდა იყოს მითითებული პუნქტი, სად შევხვდებით  ევაკუაციის შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ.

CDC-ს რეკომენდაციები ზომბი აპოკალიფსისთვის მოსამზადებლად პირველად 2011 წელს გამოქვეყნდა და 1500-მდე კომენტარი ჰქონდა. მათი ავტორების უმეტესობამ შეაქო სააგენტო სტიქიური უბედურებებისთვის ადამიანების მზადყოფნის უზრუნველყოფის საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომის გამო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close