ტექნოლოგიები

ამ საიტზე ძველი ფოტოების გაცოცხლებას შეძლებთ

ისრაელის ქალაქ ორ იეჰუდაში 2003 წელს დაარსებული კომპანიის, MyHeritage მიერ შექმნილ ამავე სახელწოდების ონლაინ პლატფორმას დაემატა ახალი ფუნქცია  – Deep Nostalgia, რომელიც ძველ ფოტოებზე გამოსახული ადამიანების ამოძრავების საშუალებას გვაძლევს.

საიტი სურათების გაცოცხლების გარდა მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისსაც სთავაზობს, მათ შორის, გენეალოგიური ხის შედგენას, დნმ-ის ტესტირებას და სხვა.

ინოვაციური ფუნქციით სარგებლობისთვის ვებგვერდზე დარეგისტრირებაა საჭირო, რის შემდეგაც მომხმარებელი სასურველ ფოტოს ტვირთავს. პირველ ჯერზე სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით სურათის ხარისხი უმჯობესდება, რათა ის მეტად გარჩევადი გახდეს, რეალისტური ვიდეოს შექმნას კი კომპიუტერული პროგრამა უზრუნველყოფს.

ალგორითმი გამოსახულებაზე ნაჩვენებ ადამიანის სახეს მოდელის მიერ წინასწარ ჩაწერილ მოძრაობებს უხამებს, რის შედეგადაც მრავალი წლის წინ გარდაცვლილი ნათესავი თუ ისტორიული პიროვნება ჩვენ თვალწინ ცოცხლდება – თვალებს ახამხამებს, გვერდით იხედება და იღიმის.

აღსანიშნავია, რომ საიტზე არა მხოლოდ შავ-თეთრი, არამედ ფერადი ფოტოების ატვირთვაც შეიძლება. სპეციალური ალგორითმების დახმარებით კი ისეთი კადრების დამუშავებაცაა შესაძლებელი, რომლებზეც რამდენიმე ადამიანია გამოსახული, თანაც ამისთვის საკმაოდ მცირე დრო, მხოლოდ 10-დან 20 წამამდეა საჭირო. ვებგვერდის მომხმარებლებს სურვილისამებრ ვიდეოს გადმოწერა ან სოციალურ ქსელში გაზიარებაც შეუძლიათ.

MyHeritage-ის მიერ შემოთავაზებულმა სიახლემ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგი მას დადებითად აფასებს და მაგიურსაც კი უწოდებს, მეორე ნაწილისთვის კი ის ზედმეტად უცნაურია. ვებპორტალის შემქმნელთა განცხადებით, მათი მიზანი იმ ადამიანების ნოსტალგიის დაკმაყოფილებაა, რომელთაც ოჯახის გარდაცვლილი წევრებისა თუ დაღუპული მეგობრების კიდევ ერთხელ ხილვა სურთ.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close